ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 28 ივლისს, -90 კგ წონით კატეგორიაში ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური მონაწილეობს.
ლაშას მეოთხედფინალში სერიოზული მოწინააღმდეგე, უზბეკი დავლატ ბაბანოვი, რომელმაც თავი სახიფათოდ (აკრძალულად) დაიცვა, დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც რუსეთის ოლიმპიური ნაკრების წარმომადგენელ მიხაილ იგოლნიკოვს დაუპირისპირდება. მან ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი მტკივნეული ილეთით დაამარცხა - ნიკომ ყელის არეში საკმაოდ მძიმე დაზიანება მიიღო.
საინტერესოა, რომ ბაბანოვს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შესაძლებლობა აღარ ექნება და სამწუხაროდ, შერაზადიშვილიც ამ საფრთხის წინაშეა.
ლაშამ პირველი შეხვედრა მეორე წრეში, პოლონელ პიოტრ კუჩერასთან გამართა და მერვედფინალში გავიდა. ქართველი სპორტსმენი მთელი დაპირისპირების განმავლობაში აქტიური იყო და საბოლოოდ, იპონით იმარჯვა - ჯერ ვაზარი მოიპოვა, შემდეგ კი მეტოქე შებოჭა.
ბექაური მერვედფინალში, ძლიერი მოწინააღმდეგე, ისრაელის წარმომადგენელი ლი კოჩმანი დაამარცხა და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ქართველმა ძალიან აქტიურად დაიწყო და მოწინააღმდეგე მალევე გააფრთხილებინა. კოჩმანმა ლაშას კონტრ-ილეთით ვაზარი აართვა, მაგრამ ამას ბექაურის 2 მშვენიერი ვაზარი და გამარჯვება მოჰყვა.
ფინალური ბლოკი, თბილისის დროით, 12 საათიდან დაიწყება.