ავტორი:

"ვლადიმირ პუტინს რეალური პრობლემები აქვს... ეს, მას კიდევ უფრო სახიფათო ადამიანად აქცევს“ - რა უთხრა ჯო ბაიდენმა ამერიკელ მზვერავებს?

"ვლადიმირ პუტინს რეალური პრობლემები აქვს... ეს, მას კიდევ უფრო სახიფათო ადამიანად აქცევს“ - რა უთხრა ჯო ბაიდენმა ამერიკელ მზვერავებს?

დასავლურ მასმედიაში გავრცელდა აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება რუსეთის პრობლემების შესახებ, რომელიც ჯო ბაიდენმა გუშინ, 27 ივლისს, ტერორიზმთან ბრძოლის ეროვნულ ცენტრში (ვირჯინიის შტატი), დაზვერვის თანამშრომლებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

აშშ-ის მეთაურმა ცენტრის შენობაში მყოფ სადაზვერვო უწყებების ხელმძღვანელებს თავისი თვალსაზრისი გაუზიარა იმ საფრთხეებისა და მუქარების შესახებ, რაც ამერიკის წინაშე დგას. "მადლობას გიხდით იმ დიდი სამუშაოს გამო, რომელსაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის ეწევით. თქვენ აქ ისეთი ადამიანები ხართ შეკრებილი, რომელთა თაობაზეც საზოგადოება ვერასდროს გაიგებს, ვერასდროს ექნება წარმოდგენა თქვენს საქმიანობაზე. აქ ხართ ანალიტიკოსები, მკვლევარები, ლინგვისტები, სხვა დამხმარე პერსონალი, რომლებიც ნამდვილი ექსპერტები არიან, რომელთა კარიერა ჩემი ადმინისტრაციის შექმნამდე ბევრად ადრე დაიწყო და რომელთა სამსახური მხოლოდ ჩემი პრეზიდენტობის ჩარჩოებით არ შემოიფარგლება. თქვენ ამერიკელ ხალხს ემსახურებით და არა რომელიმე ხელისუფლებას და რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. ამიტომაც სასიცოცხლოდ არის აუცილებელი, რომ თქვენ რაიმე პოლიტიკური გავლენისა თუ ზეწოლისაგან თავისუფალი იყოთ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

პრეზიდენტმა, ბუნებრივია, თავისი გამოსვლისას უყურადღებოდ არ დატოვა რუსეთი და თავისი კოლეგა ვლადიმირ პუტინი, რომელსაც, როგორც ბრიტანული "როიტერი“ წერს, აშკარა სარკაზმით, "ჩემი ძალიან ახლო მეგობარი“ უწოდა.

"როგორც ყველამ იცით, მე ამას წინათ საინტერესო შეხვედრა მქონდა "ჩემს ძალიან ახლო მეგობარ" ვლადიმირ პუტინთან. ძალიან დიდი ხანია მსოფლიო ლიდერებს ვხვდები და მეც, ისევე როგორც თქვენ, გარკვეული დროის შემდეგ თავს სხვა ადამიანად ვგრძნობ. მან, ვლადიმირ პუტინმა კარგად იცის, რომ თქვენ უფრო ძლიერები და კარგები ხართ, ვიდრე მისი გუნდი და ეს ფაქტი მას ძალიან აღელვებს. მე არ ვხუმრობ“.

"ვლადიმირ პუტინს... რეალური პრობლემები აქვს. იგი ისეთ ეკონომიკაზე ზის, რომელშიც მხოლოდ ბირთვული იარაღი და ნავთობის ჭაბურღილები ჩანს. მეტი არაფერი. რას წარმოადგენს რუსეთის ეკონომიკა? ის ყველაზე მცირეა მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებს შორის. მან იცის, რომ საქმე ცუდად აქვს და ეს, ჩემი აზრით, მას კიდევ უფრო სახიფათო ადამიანად აქცევს“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

სხვათა შორის, 17 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტმა, როცა ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე პირადი შთაბეჭდილება გამოხატა, თავის მხრივ აღნიშნა:

"ბაიდენი პროფესიონალია, მასთან ძალიან ყურადღებით მუშაობაა საჭირო, რომ არაფერი გამოგრჩეს. გარწმუნებთ, რომ იგი თვითონ არცერთ სიტყვას უყურადღებოდ არ ტოვებს“.

ჯო ბაიდენმა კი, მზვერავების წინაშე გამოსვლისას, ის საიდუმლო მოხსენება დაიმოწმა, რომელსაც მას ყოველდღიურად უმზადებენ და განაცხადა, რომ 27 ივლისის მონაცემებით, რუსეთი კვლავ ცდილობს გავლენა მოახდინოს აშშ-ის შუალედურ არჩევნებზე, რომელიც 2022 წლის ნოემბერში უნდა გაიმართოს. ამ მიზნის განსახორციელებლად მოსკოვი დეზინფორმაციის გავრცელებას გეგმავს. "ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის სუფთა დარღვევა“, - ბრძანა პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენმა არც ჩინეთი არ დაივიწყა.

"შეხედეთ ჩინეთს. მე სი ძინპინთან მსოფლიო ყველა ლიდერთან შედარებით, ყველაზე მეტი დრო მაქვს გატარებული. მე მას 25 საათი პირისპირ ვესაუბრე, როცა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ვიყავი. ბარაკ ობამას ძალიან აინტერესებდა, თუ ვინაა, რას წარმოადგენდა ჩინეთის ლიდერი. მე სი ძინპინთან ერთად ჩინეთში 17 ათასი მილი გავიარე. მასთან ერთად მხოლოდ თარჯიმნების თანხლებით ვიჯექი. შევატყვე, რომ იგი განწყობილია იმისთვის, რომ ჩინეთი მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალის მქონე ქვეყანად იქცეს, ასევე იმითაც, რომ ჩინეთს ყველაზე ძლიერი ეკონომიკა ჰქონდეს... ეს რეალურია“, - განაგრძო თავისი კოლეგების დახასიათება აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენმა ასევე შენიშნა, რომ კიბერთავდასხმებს სერიოზული ნეგატიური შედეგების მოტანა შეუძლია - თვით ცხელი ომის გამოწვევაც კი ზესახელმწიფოებს შორის.

დღეს, ოთხშაბათს, ჟენევაში რუსეთ-აშშ-ის დახურული მოლაპარაკება უნდა გაიმართოს ბირთვული შეიარაღების შემცირების შესახებ, რომელზედაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები თვენახევრის წინ შეთანხმდნენ. რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებაში მონაწილეობას მიიღებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რაიბკოვი, ამერიკის მხრიდან კი - სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანი.

მოამზადა სიმონ კილაძემ,

ბრიტანული ბი-ბი-სის, გერმანული "დოიჩე ველესა“ და აშშ-ის თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული მასალების მიხედვით