ავტორი:

"თითქმის არ მძინავს, თუ ჩამეძინა, თვალწინ ჯაბა მიდგას... გარეთ გასვლის შიშიც მაქვს" - როგორ ცხოვრობს ჯაბა ბოჯგუას დედა შვილის გარდაცვალების შემდეგ?

"თითქმის არ მძინავს, თუ ჩამეძინა, თვალწინ ჯაბა მიდგას... გარეთ გასვლის შიშიც მაქვს" - როგორ ცხოვრობს ჯაბა ბოჯგუას დედა შვილის გარდაცვალების შემდეგ?

2021 წლის 17 სექტემბერს ერთი წელი გახდება, რაც ჯაბა ბოჯგუა აღარ არის. ის 12-წლიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა. თუმცა ჯაბას დედა, მანანა გვასალია, რომელიც მთელი იმ პერიოდის მანძილზე ერთადერთ შვილს გვერდიდან არ სცილდებოდა, იმედს ერთი წუთითაც არ კარგავდა, რომ ჯაბა კომიდან გამოვიდოდა და ამისთვის დღე და ღამეს ასწორებდა,

AMBEBI.GE დაინტერესდა, როგორი გრძნობს თავს და როგორ ცხოვრობს ქალბატონი, რომელიც 12 წლის განმავლობაში თავდაუზოგავად კომაში მყოფ შვილს უვლიდა...

- იმედი მქონდა, ცუდს ერთი წუთით არ ვუშვებდი და ვფიქრობდი, მაგრამ ასე არ გამოვიდა. ჯაბას ამ მდგომარეობამ ბებიაც, ანუ დედაჩემი შეიწირა... უკვე ერთი წელი ხდება, რაც სრულიად მარტო დავრჩი. მეც ვერ ვარ კარგად. ჩემი შვილის სიცოცხლეში, როცა მას ვუვლიდი, ჯანმრთელობის მხრივ არაფერს ვუჩიოდი. ალბათ იმიტომ, რომ დიდი პასუხისმგებლობა მქონდა, გვერდით არავინ მყავდა, ჩემ მეტი, ჩემი შვილის უშუალო მომვლელი არავინ ყოფილა. მოკლედ, მასზე ვიყავი მთლიანად გადართული. ახლა ისე ვარ, რომ დიდხანს ფეხზე ვერ ვდგავარ, ვერ ვჯდები და ვერ დავდივარ. სულ ექიმებთან ვარ, მაგრამ შედეგი ჯერ არაფერი მაქვს. ხერხემალი უზომოდ მაწუხებს. ეტყობა, ჯაბას რომ ვწევდი, ამან საბოლოოდ თავის კვალი დამატყო. მტკივა ფეხები, დასიებულიც მაქვს. წამლებს ვსვამ, მაგრამ შვება არაა. ექიმი მეუბნება, ყველაფერი ხერხემლიდან მოდისო. მოკლედ, ასე ვარ და ვწვალობ...

ყოველ მეორე დღე საფლავზე ავდივარ, აქვე გლდანის კერძო სასაფლაოზეა ორივე - დედაჩემიც და ჯაბაც დაკრძალული... მყავდა დედა და შვილი და არცერთი აღარ არის - ორივე ერთ წელიწადში დავკარგე. დედის წლისთავი არ იყო გასული, ჯაბა რომ გარდაიცვალა.

იმ 12 წლის განმავლობაში ბოლო ერთი კვირა ძალიან ცუდად იყო. ისე ცუდად არც ყოფილა. შევხედავდი თუ არა ჩემს შვილს, ვხვდებოდი, როდის რა უნდა გამეკეთებინა, მისი ყველაფერი ვიცოდი, მაშინ კი ვერ გავერკვიე, რა სჭირდა. ხომ ვამბობ, გარდაცვალების წინა დღეს ძალიან ცუდად იყო, სკამზე ჩამოჯდომის საშუალებას არ მაძლევდა. ასე დაქანცულმა დილის 5 საათამდე მივაღწიე, მეც ცუდად გავხდი, ფეხები დამისივდა, მეგონა, დავეცემოდი და რამდენიმე წუთით სავარძელზე ჩამოვჯექი, როგორც ჩანს, ჩამთვლიმა. 20 წუთში თვალები გავახილე და ჯაბა აღარ იყო... იმ ემოციას, განცდას ვერ გადმოგცემთ და აღვწერ, რა მჭირდა და რა დამემართა. სანამ ცოცხალი ვარ, ჩემი თვალებიდან და გონებიდან ის ყველაფერი არ ამოვა.

- როგორც ვიცი, თქვენს დაბადების დღეზე გარდაცვლილა...

- კი, შარშან, 17 სექტემბერს, ჩემს დაბადების დღეზე გარდაიცვალა... მალე წლისთავია. მიჭირს იმასთან შეგუება, რომ აღარ არის... ამ ემოციებს, რაც ახლა მაქვს, ისევ ის მდგომარეობა მერჩივნა, ყოფილიყო ისე, როგორც იყო და ისევ მომევლო. თითქმის არ მძინავს, თუ ჩამეძინა, თვალწინ ჯაბა მიდგას. ამ მდგომარეობიდან ვერ გამოვდივარ. ნერვები მღალატობს, ვერ ვიმორჩილებ. წამალს კი ვსვამ, მაგრამ ვერ მერევა.

- საოცარი მაგალითი აჩვენეთ. 12 წელი ასე უვლიდით შვილს, რომლის მხოლოდ სუნთქვა გესმოდათ... ის თქვენ აცოცხლეთ...

- კი, უფლის დახმარებით ვაცოცხლე. ამ ქვეყნიდან ისე გავუშვი, სხეულზე ერთი წერტილიც არ ჰქონია, არა თუ ნაწოლი... ყოველ 2 საათში ვაბრუნებდი. ყველას უკვირდა, თვითონ ღუდუშაურის კლინიკიდან მოსულ ექიმებსაც კი, რომლებიც ჯაბას ხშირად ნახულობდნენ. კომაში მყოფი შვილი წუთით არ მიმიტოვებია...

სულ მის ფერსა და სუნთქვას ვაკონტროლებდი. ზოგჯერ ექიმის რჩევასაც არ ვუსმენდი, როცა უიმედოდ რაღაცას მეტყოდნენ. არც მინდოდა იმის მოსმენა. შეჩვეული ვიყავი, ყველაფერი ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. თუ ძალიან არ გაუჭირდებოდა და მაინცდამაინც ექიმის ჩარევა არ იყო საჭირო, ყველაფერს თვითონ ვუკეთებდი.

- მოკლედ, ბოლო 12 წელი ასეთი რთული და მძიმე აღმოჩნდა თქვენთვის... მანამდე როგორ ცხოვრობდით, როცა ჯაბა პატარა იყო, ან მერე, როცა წამოიზარდა? ისიც საინტერესოა, პროფესიით ვინ ბრძანდებით და ჯაბას ავადმყოფობამდე თუ საქმიანობდით?

- მუსიკალური განათლება მაქვს, სანამ ჯაბა ასეთ მდგომარეობაში აღმოჩდებოდა, ვსაქმიანობდი. იმ წლებში ბედნიერი ვიყავი. ჩემი შვილი ცოცხალი იყო, ჯანმრთელი, ყველგან ერთად დავდიოდით. დედა მყავდა გვერდით. ის იყო ჩემი სული და გული...

ჯაბაზე სამი თვის ოსრული ვიყავი, რომ ჩემმა ქმარმა, ჯაბას მამამ მეორე მოიყვანა. შვილი მუცლიდან არ მოვიცილე. არადა, 17 წლის ვიყავი, ჩემებს არ უნდოდათ, რომ გამეჩინა. მირჩევდნენ, სწავლა გამეგრძელებინა, ბედიც კიდევ გამოგიჩნდებაო... ჩემი გავიტანე და შევინარჩუნე. მაგრამ ახლა სამუდამოდ დავკარგე...

ჩემი გაჭირვებული 83 წლის დედაც სიბერეს არ ნებდებოდა, სულ გარეთ იყო, ოღონდაც, ჯაბასთვის რამე მოეტანა. ეგონა, თუ რამეს იშოვიდა, იმით შვილიშვილს ეშველებოდა... ახლა ბებია და შვილიშვილი ერთად არიან...

- ისევ იმ სახლში ცხოვრობთ, იმ ნაქირავებ ბინაში?

- კი, გლდანში ნაქირავებში და თანხას გამგეობა მიხდის.

- რას აპირებთ?

- ჯერ არანაირი გეგმა არ მაქვს, რადგანაც როგორც გითხარით, ჯანმრთელად არ ვარ. ამიტომ, ვერაფერს ვგეგმავ. გარეთ გასვლის შიშიც მაქვს. პოლიკლინიკაც ახლოსაა და ექიმთან აქვე დავდივარ. გარეთ გასვლა რომ შემეძლოს, ვიმუშავებდი, რაღაცას გავაკეთებდი, მაგრამ ჯერ არ შემიძლია. მინდა, ყოჩაღად ვიყო, მაგრამ არ გამომდის.

- ჯანმრთელობას გისურვებთ!