რას ნიშნავს თქვენთვის დასვენება? სიმშვიდეში ყოფნას, მეგობრებთან ერთად მუსიკის მოსმენას თუ მწვანე გარემოში საინტერესო დროის გატარებას?
დაგვეთანხმებით, რომ დასვენებისა და შემოქმედებითი ენერგიის გამოღვიძებისთვის ბუნებასთან ყოფნა ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ საჩუქარს განსაკუთრებული ზრუნვა და მოფრთხილება სჭირდება.
სპაგნუმი არის ღონისძიება, რომელიც საშუალებას გვაძლევს, მუსიკის უნივერსალური ენის დახმარებით, ერთად ვიზეიმოთ ბუნების მშვენიერება. თუ ფიქრობ, რომ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მუსიკის მოსმენა და სხვა ადამიანებთან სოციალიზაცია შენთვისაც მნიშვნელოვანია, მაშინ გელოდებით „სოციალურ სივრცეში“, რომელიც შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში, იქ, სადაც ყველაზე მწვანე გარემოა, ჰაერი ევკალიპტების სურნელითაა გაჯერებულია და არასდროს გაწუხებს ზაფხულის სიცხე.
სოციალურ სივრცეში მოსულ ადამიანებს ნამდვილ მუსიკალურ მოგზაურობას Diana King, Henry Saiz & Band და Endorphins მოუწყობენ.
დაიანა ქინგი სოციალური სივრცის სცენას 21 აგვისტოს დაიკავებს.
Diana King-ის ხსენებაზე პირველ რიგში 90-იანი წლების ცნობილი ჰიტები Shy Guy და I Say a Little Prayer გვახსენდება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისი მუსიკალური დებიუტი ჰიპ-ჰოპ კულტურის საკულტო ალბომში Ready to Die შედგა. კომპოზიცია Respect, რომელიც მან The Notorious B.I.G.-თან ჩაწერა, იამაიკელი არტისტისთვის ნამდვილი ტრამპლინი აღმოჩნდა.
შთამბეჭდავი დებიუტით გამოწვეული წარმატება კიდევ უფრო მკაფიო გახადა სიმღერამ Stir It Up, რომელიც რეგის ლეგენდის, Bob Marley-ს ნამუშევრის ქავერ ვერსიას წარმოადგენს. თუმცა მისი კარიერის მთავარი ჰიტი 1995 წელს გამოცემული სიმღერა Shy Guy გახდა - 5 მილიონი გაყიდული ეგზემპლარით და ჩარტებში მოპოვებული წარმატების დამსახურებით Shy Guy არა მხოლოდ Diana King-ის სავიზიტო ბარათად, არამედ დეკადის ერთ-ერთ უმთავრეს ჰიტად იქცა.
90-იანი წლების ბოლოს პოპ მუსიკის, ჰიპ-ჰოპის და რეგის საინტერესო სინთეზი Diana King-ის შემოქმედების მთავარ ხაზად იქცა. მის მიერ შესრულებულმა I Say a Little Prayer კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ იამაიკელი არტისტი „ერთჰიტიანი საოცრება“ არ იყო - ის მიღწეული წარმატებით დაკმაყოფილებას ნამდვილად არ აპირებდა.
1997 წელს იამაიკელმა არტისტმა Celin Dion-თან ითანამშრომლა, რასაც მალევე მოჰყვა კოლაბორაციული პროექტები ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან Shaggy, Ziggy Marley და სხვა. 2000 წელს Diana King პოპ მუსიკის დედოფლის, Madonna-ს ლეიბლს Maverick Records შეუერთდა და შემოქმედებითი საქმიანობის ახალი ეტაპი დაიწყო.
დღეისთვის მას 5 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული, რომელიც არტისტის მუსიკალურ ხედვებს იდეალურად გამოხატავს, ხოლო მისი ლაივ შესრულება კვლავინდებურად ინარჩუნებს „ძველი სკოლისთვის“ დამახასიათებელ ენერგეტიკას და ესთეტიკას. Diana King-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა 22 ივლისის 20:00 საათიდან ვებ გვერდზე www.bsa.ge იქნება შესაძლებელი.