ეს იქნება სიყალბის პიკი, თუკი "ნაციონალური მოძრაობა“ ახლა ხელს მოაწერს შეთანხმებას, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, როგორ მოიქცევა "ქართული ოცნება“ იმ შემთხვევაში, თუ "ნაციონალური მოძრაობა“ ახლა ხელს მოაწერს შეთანხმებას. მისივე თქმით, საკითხებს ისინი არა მხოლოდ მათი, არამედ საზოგადოებაში არსებული განწყობების მიხედვით წყვეტენ.
"შეთანხმების შემდეგ რაც განხორციელდა, მათი ნაწილობრივ შემოსვლა პარლამენტში ემსახურებოდა მხოლოდ საბოტაჟის მექანიზმების გაძლიერებას და სხვას არაფერს. ამას საზოგადოება ხედავს. ჩვენ არ ვწყვეტთ საკითხებს მხოლოდ ჩვენი პლატფორმიდან და გადმოსახედიდან. განსაკუთრებით მას მერე შეიცვალა საზოგადოებაში განწყობები მნიშვნელოვნად, რაც საგამოძიებო კომისიამ დაასრულა მუშაობა. როცა პარტიული ტელევიზიები აცხადებენ, რომ 19 აპრილის შეთანხმება ცალმხრივად დაირღვა მაშინ, როცა შეთანხმებას მათი პარტია საერთოდ არ შეუერთდა, არც ხელი მოუწერია და არც ვალდებულებები აუღია, ცალმხრივად დარღვევა რას ნიშნავს, არ მესმის. ჩვენ მზად ვართ, არათუ 43 პროცენტის, არამედ 53 პროცენტის და უფრო მეტი პროცენტის აღების შემთხვევაშიც კი განვიხილოთ რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ კეთილ ნებაზე დამყარებული, საზოგადოების ინტერესი უნდა გავითვალისწინოთ, რომ პოლიტიკურ ველზე ერთხელ და სამუდამოდ სიმშვიდე დამყარდეს. თუ თქვენი პოლიტიკური ბოსები ამისთვის მზად არიან, რასაკვირველია, ვილაპარაკოთ, ოღონდ, საქმეზე და არა საბოტაჟის შემდგომ გაგრძელებაზე,“ - განაცხადა ვოლსკიმ.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, მათ არგუმენტებს საერთაშორისო პარტნიორებს გაუზიარებენ.
"მინდა, იმ იმედგაცრუებას შევუერთდე, რომელიც ჩვენს პარტნიორებს დაეუფლათ, მაგრამ ეს იმედგაცრუება გამოწვეულია იმ პოლიტიკით, რომელსაც მუდმივად ატარებს "ნაცმოძრაობა" და მის გარშემო შეკრებილი რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტი. მათი მიზანია სრული დესტრუქცია, დესტაბილიზაციის მცდელობა და რევოლუციურ სურათზე არათუ უარის თქმა, არამედ პარლამენტში შემოსვლით კიდევ იმ რესურსის მომრავლება, რომელსაც საბოტაჟი და ქვეყნის რყევის მცდელობა ჰქვია. ეს იმდენად თვალსაჩინო და ნათელია, რომ სხვა კომენტარი ვერ გვექნება. რეალურად, არ შეიძლება იმ შეთანხმებაში იყო, რომელსაც მხარს არ უჭერს შეთანხმების მთავარი მონაწილე და ქვეყნის სტაბილურობისთვის მთავარი საფრთხის შემქმნელი. ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელსაც ათასგზის გავუზიარებთ საერთაშორისო პარტნიორებს,"- განაცხადა ვოლსკიმ.