ავტორი:

ტაჯიკეთის პრეზიდენტის დისშვილებმა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი სცემეს- ქვეყანაში კოვიდ 19-ის აფეთქებაა, რომელმაც ხელისუფლების მაღალ წრეებს "დაარტყა“

ტაჯიკეთის პრეზიდენტის დისშვილებმა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი სცემეს- ქვეყანაში კოვიდ 19-ის აფეთქებაა, რომელმაც ხელისუფლების მაღალ წრეებს "დაარტყა“
  • ფოტოზე: ტაჯიკეთის ჯანდაცვის მინისტრი

"მას შემდეგ, რაც ტაჯიკეთის პრეზიდენტის ემომალი რახმონის და - 64 წლის კურბომბი რახმონოვა საავადმყოფოში კოვიდ-19-ით გარდაიცვალა, მისი შვილები ჯანდაცვის მინისტრს მიუვარდნენ და სცემეს, მასთან ერთად კი ერთ-ერთი მაღალჩინოსანიც“, - წერს ამერიკული გაზეთი "ვაშინგტონ პოსტი“ («The Washington Post») სტატიაში "ტაჯიკეთის პრეზიდენტის დისშვილებმა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი სცემეს“ (ავტორი - რობინ დიქსონი).

"მომხდარი უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას იქცევს იმით, რომ ცენტრალური აზიის რესპუბლიკაში კორონავირუსით დასნებოვნების უეცარი აფეთქება მოხდა, რასაც ხელისუფლება გარკვეული დროის განმავლობაში უარყოფდა, შემდეგ კი მასმედიის ყველა საშუალებამ ფართოდ გააშუქა. აშკარაა, რომ "კოვიდის“ "ტაჯიკური აფეთქება“ პირდაპირ ურტყამს ეროვნული ხელმძღვანელობის უმაღლეს დონეს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

"პრეზიდენტის დის გარდაცვალებამდე სამიოდე კვირით ადრე კიდევ ერთი "სამედიცინო“ ინციდენტი მოხდა - კორონავირუსმა იმსხვერპლა ემომალი რახმონის სიდედრიც. ქვეყნის მთავრობას საზოგადოება სულ უფრო ხშირად აკრიტიკებს იმისთვის, რომ მან გასულ წელს არ მიიღო მნიშვნელოვანი ზომები კორონავირუსის წინააღმდეგ და ფაქტიურად უმოქმედოდ იყო, რასაც მიმდინარე წელს ინფექციის კატასტროფული ტალღა მოჰყვა.

კოვიდ-19-ის ამ ბოლო აფეთქებამ, რომელსაც ტაჯიკეთის მთავრობა უარყოფდა, სწორედ ხელისუფლების მაღალ წრეებს - გავლენიანი და მდიდარი პოლიტიკოსების ოჯახებს "დაარტყა“. ქვეყნის ელიტაში დაავადების სწრაფი გავრცელება ბადებს კითხვებს - თუ ასეთი ცუდი ვითარებაა "ზემოთ“, როგორი სიტუაცია იქნება "ქვემოთ“, რიგით მოქალაქეებში?

როცა შარშან, წლის დასაწყისში, ჩინეთიდან რეგიონში კორონავირუსმა გავრცელება დაიწყო, ტაჯიკეთის ჯანდაცვის უწყება აცხადებდა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე კოვიდ-19 საერთოდ არ იყო. ამ ორიოდე თვის წინათ კი მთავრობამ საზეიმოდ განაცხადა - "კორონავირუსი დავამარცხეთო“, იმის მიუხედავად, რომ სოციალურ ქსელებში დაავადების ზრდის თაობაზე შეტყობინებებმა მოიმატა“, - აღნიშნულია სტატიაში.

ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რახმონი

"რახმონის და - კურბონბი რახმონოვა 20 ივლისს გარდაიცვალა ტაჯიკეთის ელიტურ სახელმწიფო საავადმყოფოში, ჰოსპიტალიზაციიდან 10 დღის შემდეგ. მართალია, მისი სიკვდილის მიზეზი ოფიციალურად არ გამოცხადებულა, მაგრამ ადგილობრივ მასმედიაში (სამედიცინო წრეებიდან) გაიჟონა ცნობა, რომ იგი სწორედ კოვიდ-19-მა იმსხვერპლა. რაც შეეხება ინფორმაციას კურბონბის ვაჟების თავდასხმის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე - ჯამოლიდინ აბდულოზოდზე და მასთან მყოფ საავადმყოფოს დირექტორზე, ამ ამბების წყაროდ მასმედია შინაგან და ჯანდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირებს იმოწმებს. თავდასხმის შედეგად ორივე მაღალჩინოსანმა სერიოზული ტრამვები მიიღო. უფრო მეტიც - ცემა-ტყეპისა და მუშტი-კრივის შედეგად სხვა ექიმებიც დაზარალდნენ.

რახმონის სიდედრი, უზბეკბი ასადულოევა, 5 ივლისს გარდაიცვალა, 88 წლის ასაკში. არც მისი სიკვდილის მიზეზი არაა ოფიციალურად გაცხადებული, თუმცა ყველამ ყველაფერი იცის - ხანდაზმული ქალბატონი საიქიოში კოვიდ-19-მა "წაიყვანა“. გასულ კვირაში ტაჯიკეთის იმამმა მუსლიმანებს მოუწოდა, რომ პრეზიდენტის სიძის - გავლენიანი ბიზნესმენის შამსულო სოხიბოვის სიცოცხლისათვის ლოცვა აღევლინათ, რომელიც, როგორც ამბობენ, ასევე კორონავირუსით არის ინფიცირებული (შამსულოს ცოლად ჰყავს რახმონის მესამე ქალიშვილი - რუხშონა). ადგილობრივი მასმედიის ცნობით, პრეზიდენტი სიძეს სამკურნალოდ გერმანიაში გზავნის. ასევე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია რახმონის ცოლისძმა ჰასან ასადულოზოდი - იგი ფლობს ბანკს, ავიაკომპანიასა და სხვა მრავალ ფირმას“, - წერს "ვაშინგტონ პოსტი".

მოამზადა სიმონ კილაძემ