"არავინ უნდა დაძრას სიტყვა არჩევნებთან დაკავშირებით ბოიკოტზე - მნიშვნელობა არ აქვს "ქართული ოცნება“ აღიარებს თუ არა 43%-იან პრინციპს, ჩვენ გავალთ ამ რეფერუნდუმზე, დავამარცხებთ "ქართულ ოცნებას“ და ის იძულებული იქნება ვადამდელი არჩევნები დანიშნოს",- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მელიამ აღნიშნა, "ქართულმა ოცნებამ“ დატოვა დასავლური სივრცე და საქართველოს არცერთ მოქალაქეს არ აქვს უფლება, პასიურობით დაუშვას, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი შეიცვალოს.
"ქართულმა ოცნებამ“ დატოვა დასავლური სივრცე და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად რუსეთი აღიარა. გააკეთა ცივილიზებული არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ. მკაფიოდ გახდა ცნობილი, რასთან გვაქვს საქმე. კიდევ უფრო ნათელი გახდა, რა არჩევანის წინაშე დგას ქართველი ერი.
ჩვენ შევდივართ ბრძოლაში ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ, ამ ქვეყნის გამარჯვებისთვის. უკვე დამარცხებული "ქართული ოცნების“ გაფორმება უნდა მოხდეს 2 ოქტომბერს. არავინ უნდა დაძრას სიტყვა ბოიკოტთან დაკავშირებით, რომელიც არჩევნებთანაა მიმართული. ესაა "ქართული ოცნების“ ოცნება, რომ ქართველმა ხალხმა ფარ-ხმალი დაყაროს და ხელი შეუწყოს "ქართულ ოცნებას“ საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების დანაშაულებრივ საქმეში. ეს არის ცხადზე უცხადესი.
სიმართლე არის ჩვენ მხარეს, ძალა არის ჩვენს მხარეს, რიცხოვნობა არის ჩვენს სასარგებლოდ. მაშ რაშია საქმე? რწმენაშია საქმე?! რწმენაც აქაა. თითოეულ ხმას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა. მომავლის გადმოსახედიდან შევხედოთ დღევანდელ ყოფას, საქართველოს არცერთ მოქალაქეს არ აქვს უფლება ოდნავ მაინც დავუშვათ, რომ ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი შეიცვალოს ჩვენი პასიურობით.
"ქართული ოცნება“ მიხედავად მცდელობისა, ამას ვერ განახორციელებს, იმიტომ ქართველი ერი ამას არ დაუშვებს. მეასეხარისხოვანია ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, ერი უნდა გაერთიანდეს ეგზისტენციალური გამოწვევის წინაშე. "ქართულმა ოცნებამ“ ცხადად დაინახა, რომ ამ არჩევნებში მისი გენერალური მდივანი თბილისში მარცხდება და ახლოსაც ვერ მივა 43%-იან ბარიერთან. მნიშვნელობა არ აქვს "ქართული ოცნება“ აღიარებს თუ არა 43%-იან პრინციპს. ჩვენ გავალთ ამ რეფერუნდუმზე და დავამარცხებთ "ქართულ ოცნებას“ და ის იქნება იძულებული ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები“,- განაცხადა ნიკა მელიამ.