სახალხო რეფერენდუმი მაინც უნდა ჩავატაროთ - ჩემს ვალდებულებას კი, რომელიც ავიღე, ჩემი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ საქართველოში ჩამოვიდე, ამჯერად სახალხო რეფერენდუმის წინ, ზედმიწევნით შევასრულებ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში განაცხადა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებით, ოქტომბრის რეფერენდუმზე მარცხი აღიარა. მისი თქმით, აგვისტოში მმართველი გუნდი ოპოზიციური მედიის დახურვას გეგმავს, შემდეგ კი აპირებს კორონავირუსთან დაკავშირებით შეზღუდვები შემოიღოს.
"გუშინ ივანიშვილმა მთელი მსოფლიოს გასაგონად წინასწარვე აღიარა მარცხი ოქტომბრის რეფერენდუმზე. ის, რაც მან გუშინ გააკეთა, საქართველოს უახლეს ისტორიაში უპრეცედენტოა და ერთადერთი პარალელია ის, რაც გააკეთა იანუკოვიჩმა, როდესაც 2013 წელს გამოვიდა ევროკავშირთან შეთანხმებიდან, რა მოხდა უკრაინაში იანუკოვიჩისა და მისი ბანდისთვის, ყველას კარგად უნდა ახსოვდეს.
ის ვალდებულება, რომელიც მან აიღო, იყო არა ვალდებულება მხოლოდ ევროკავშირის ან რომელიმე პარტიის წინაშე, არამედ ვალდებულება ქართველი ხალხის წინაშე მას შემდეგ, რაც ქართველ ხალხს მოპარა საპარლამენტო არჩევნები გასული წლის ოქტომბერში და აიღო ვალდებულება ჩაეტარებინა რეფერენდუმი და ქართველ ხალხს გადაეწყვიტა, უნდა დანიშნულიყო თუ არა რიგგარეშე არჩევნები. როდესაც დაინახა, რომ კატასტროფულად აგებს, მან ეს ვალდებულება მთლიანად გააუქმა.
მისი გეგმები, რა თქმა უნდა, გასაგებია. ეს მან გააკეთა ივლისის ბოლოს, აგვისტოში აპირებს, დახუროს ოპოზიციური მედია, სანამ მთელი მსოფლიო და ქართველების ნაწილი შვებულებაშია წასული, შემდეგ აპირებს, კოვიდის საფარქვეშ შემოიღოს შეზღუდვები, დააშინოს ხალხი. კოვიდიც ხელოვნურად გავრცელდა, იმიტომ, რომ შარშან, არჩევნების წინ შემოიყვანეს რუსი ტურისტები, რომლებმაც გაავრცელეს კოვიდი. ახლაც მასობრივად შემოჰყავთ იმ ქვეყნებიდან ყალბი ცნობებით ტურისტები, ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების შენარჩუნებას ადამიანების სიცოცხლე ეწირება. იგივე გეგმა აქვს წელს სექტემბრისა და ოქტომბრისთვის. რამდენჯერ უნდა ჩაგვიტაროს ერთი და იგივე ხრიკი.
იმ პირობებში, როდესაც ივანიშვილმა გააუქმა ევროკავშირის რეფერენდუმი რიგგარეშე საპარლამეტო არჩევნებზე, მაინც უნდა ჩავატაროთ სახალხო რეფერენდუმი რიგგარეშე არჩევნების და ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლაზე. ეს მოხდება შემდეგ ადგილობრივ არჩევნებზე. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი კანდიდატები თბილისში, ბევრ სხვა ადგილზე, პრაქტიკულად ყველგან ვაყენებთ ძალიან კარგ კანდიდატს და ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა ყველამ დაინახოს, რომ არანაირი მხარდაჭერა საქართველოს მძარცველ ბანდას აღარ გააჩნია. ქართველ ხალხს უნდა ღირსეული ცხოვრება და ამ გაჭირვების გადალახვა. მას მობეზრდა ჭაობში, სიღატაკეში, უპერსპექტივობაში ცხოვრება, სადაც ერთადერთი პერსპექტივა, რასაც უსახავენ, ქვეყნიდან გაგდებაა.
ამიტომ, ეს არჩევნები მაინც ჩატარდება და მეც, ჩემს ვალდებულებას, რომელიც ავიღე, ჩემი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ საქართველოში ჩამოვიდე, ამჯერად სახალხო რეფერენდუმის წინ, ზედმიწევნით შევასრულებ. ივანიშვილი ამჯერად ვერ ეღირსება ქართველი ხალხის ფეხქვეშ გათელვას, მისი ხელისუფლება დამთავრებულია! ახლა საკითხი დგას ამ ყველაფრის სწორად გაფორმება, მენდეთ, ბოლომე ვიბრძოლებ, არასდროს გიღალატებთ მე და ჩემი თანამებრძოლები, რომლებიც ერთგულებას ინარჩუნებდნენ. ჩვენ ყევლაფერი გამოგვივა. დიდი ხანი ვიცადეთ, ბევრი წელი დავკარგეთ, საქართველოს მეტი დასაკარგი დრო არ აქვს. წავალთ ბოლომდე და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ეს წელი არის გამარჯვების წელი. ღმერთი იყოს თითოეული ქართული ოჯახის და საქართველოს მფარველი“,- განაცხადა მიხეილ სააკაშილმა.