მოვითხოვთ შეთანხმების გარანტორი მხარეების მხრიდან აღსრულების მექანიზმების განხორციელებას, კატეგორიულად მოვითხოვთ, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპელი კოლეგების პოზიცია არის ძალიან მკაფიო - ის, რასაც აკეთებს "ქართული ოცნება“ არის მიუღებელი.
ამასთანავე, ვაშაძის განმარტებით, უნდა დაიწყოს დოკუმენტის აღსრულების მექანიზმების ამოქმედება და მათ შორის განიხილება პერსონალური სანქციების დაწესება.
"ვფიქრობ, რომ ნამდვილად აქტიურად უნდა დაიწყოს მუშაობა აღსრულების მექანიზმის ჩართვაზე იმისთვის, რომ ვაიძულოთ "ქართული ოცნება“ დაუბრუნდეს შარლ მიშელის შეთანხმებას და რაც მთავარია, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. მექანიზმი შეიძლება იყოს პერსონალური სანქციები, ფინანსურ ვალებთან დაკავშირებით, რითაც მერე ხმებს ყიდულობენ ხოლმე, ამასთან დაკავშირებით სერიოზული სანქციები და კიდევ სხვა მექანიზმები, რომლებზეც საჯაროდ ვერ ვისაუბრებ, თუმცა ეს განიხილება ძალიან ინტენსიურად. პირადად ჩემი პოზიცია და პარტიის პოზიცია არის, რომ ჩვენ ამ დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ იმ გარანტიით, რომ ამერიკა და ევროპა იყო ამ დოკუმენტის შესრულების გარანტორი. შესაბამისად, ჩვენ კი არ გადაგვაგდეს, მათ საგარანტიო სიტყვას პატივი არ სცა "ქართულმა ოცნებამ“ ამას თავისი ფასი უნდა ჰქონდეს და ნამდვილად არ მაინტერესებს "ნაციონაურმა მოძრაობამ“ მოაწერა თუ არ მოაწერა, ჩვენ მოვაწერეთ ხელი მაშინ, როცა შეთანხმება შედგა და მათ შორის პირადად შარლ მიშელი არის პასუხისმგებელი ამაზე“, - განაცხადა ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებას უსუსტესი უწოდა.
"შარლ მიშელის უსუსტეს განცხადებაზე, რაც დღეს ჰქონდა, ძალიან ცოტა ხანში თქვენ ნახავთ ამაზე საპასუხო განცხადებას ჩემი მხრიდან, იმიტომ, რომ ეს იყო არასწორი განცხადება ამ შემთხვევაში.
ჩვენი მთავარი სტრატეგია არის ჩვენმა დასავლელმა პარტნირებმა საკუთარ თავზე ნაკისრი ვალდებულება შეასრულონ შეთანხმებასთან მიმართებით, ისინი ვალდებულები არიან ჩვენ მიმართ. მე რომ „ქართულ ოცნებას“ არ ვენდობოდი ეს ორჯერ ორი ოთხია, მე ვენდე მათ და ვითხოვ მათგან კრიტიკულად აქტიურ ჩართულობას,“- განაცხადა ვაშაძემ.
რაც შეეხება იმას, დარჩება თუ არა „სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტში, ვაშაძემ განაცხდა, რომ მისი ფრაქცია აპირებს საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმის მიცემას.
"ყველას აქვს თავისი გზა, ზოგი დატოვებს, ზოგი არ დატოვებს მაგრამ სექტემბერში ამ პარლამენტმა უნდა მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებები რომლითაც უნდა გადავიდეთ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მე ქართულ ოცნებას ამ ცვლილებების ჩაგდების შანსს არ მივცემ. ჩემი ხმა სრულად პროპორციულ საკონსტირუციო ცვლილებებს ექნება და მთელი ჩვენი ფრაქცია აუცილებლად მხარს დაუჭერს მიღწევას, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ და ამისთვის ჩვენ გვჭირდება დასავლელი პარტნიორების გააქტიურება“, - განაცხადა ვაშაძემ.