ხარკოვის ოლქში, უკრაინელმა მესაზღვრეებმა ქართველი "კრიმინალური ავტორიტეტი", 42 წლის ლევან ბულისკერია, იგივე "ლევან გალსკი" დააკავეს. ის და რამდენიმე პირი, რომლებიც უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ, მზესუმზირების მინდვრებში იმალებოდნენ. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა censor.net იუწყება.
"არც "ლევან გალსკის" და არც მის თანმხლებ პირებს პირადობის დამადასტურებელი არავითარი დოკუმენტი არ ჰქონდათ. თუმცა, უკრაინელმა სამართალდამცველებმა მათი ვინაობა ოპერატიულად დაადგინეს. ლევან ბულისკერია რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. ის მიმდინარე წლის მაისიდან უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭომ სანქციების სიაში შეიყვანა. მასთან ერთად დაკავებულია საქართველოს მოქალაქე, მისი თანამოაზრე 32 წლის პირი, რომლის ვინაობას უკრაინული შესაბამისი სამსახურები არ აკონკრეტებენ.
მათ კრიმინალური სამყაროს წევრობის გარდა, საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობაშიც ედებათ ბრალი, რაც დაახლოებით 5 800 გრინვამდე ფინანსურ ჯარიმას ითვალისწინებს; დანარჩენს უკრიანის პროკურატურა გადაწყვეტს.." - წერს გამოცემა.
მისივე ცნობით, ლევან ბულისკერიამ დაადასტურა, რომ ის ე.წ. კანონიერი ქურდის ტიტულის მატარებელია და შეკითხვაზე: "ხართ თუ არა ე.წ. კანონიერი ქურდი?" უპასუხა: "დიახ, ქურდი ვარ".
შეგახსენებთ, საქართველოს მსგავსად, ქურდული სამყაროს წევრობა უკრაინაშიც სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედებაა.
გასულ წელს, დიმიტროვგრადის ციხეში მყოფი ე.წ. "კანონიერი ქურდი" ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაშინ რუსული მედია წერდა, რომ მას სასჯელის ვადა ამოწურული ჰქონდა, მაგრამ სამედიცინო დაწესებულებაში ერთ თვეს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაატარებდა, რის შემდეგაც, მისი დეპორტაცია იგეგმებოდა.
"მოგვიანებით გაირკვა, რომ ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტმა ფსიქიატრიული საავადმყოფო შეზღუდული შესაძლებლობის მესამე ჯგუფის სტატუსით დატოვა, რომელიც ექიმების დასკვნით, მას რუსეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განუვითარდა...
"კრიმინალურ წრეებში "ლევან გალსკის“ სახელით ცნობილ "კანონიერი ქურდს" წილები აქვს რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანაში; ის გავლენებით სარგებლობს თავის მშობლიურ აფხაზეთში. ბულისკერია საზღვრისპირა ქალაქ გალში დაიბადა და გაიზარდა. მას ადგილობრივ კრიმინალურ წრეებში პატივს სცემენ. ე.წ. კანონიერი ქურდის სტატუსი 2012 წელს, პირადად ასლან უსოიანისგან, იგივე ძედ ჰასანისგან მიიღო. ამავე სტატუსით სარგებლობს მისი ბიძაშვილი, ირაკლი ბულისკირიაც, რომელსაც ასევე გავლენები აქვს, როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში, ასევე, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში" - წერს რუსული გამოცემა lenta.ru.
"იმედია, ამ პრინციპულ მიდგომას ბოლომდე შეინარჩუნებენ და ბულისკერიას თავისუფლების სანაცვლოდ "ვიღაცებს" დიდი ფულის სანაცვლოდ არ გაურიგდებინ" - წერენ უკრაინელი ინტერნეტმომხრებლები.