ავტორი:

"ასე უნდა ვენდო რედაქტორებს და მათ გემოვნებასო?.. დიდი უცნაური ხალხი ხართ ეს მწერლებიო!" - მწერალი შოთა იათაშვილი თეა წულუკიანთან შეხვედრას იხსენებს

"ასე უნდა ვენდო რედაქტორებს და მათ გემოვნებასო?.. დიდი უცნაური ხალხი ხართ ეს მწერლებიო!" - მწერალი შოთა იათაშვილი თეა წულუკიანთან შეხვედრას იხსენებს

ორი დღეა, რაც ლიტერატურული პრემია "ლიტერას“ გარშემო სკანდალი გრძელდება. კონკურსის მონაწილე მწერლების შემდეგ, ხუთკაციანი ჟიური სამმა წევრმა - რეზო თაბუკაშვილმა, ლელა კოდალაშვილმა და ოქტაი ქაზუმოვმა დატოვეს.

პროტესტის მიზეზი კულტურის სამინისტროს მიერ შერჩეული ჟიურის წევრი, იოსებ ჭუმბურიძე გახლდათ, რომელიც მისივე განცხადებებიდან გამომდინარე, მმართველი პარტიის მხარდამჭერია. წელს, ლიტერატურულ პრემია "ლიტერას“ კულტურის მინისტრის პოლიტიკის გამო პროტესტის ნიშნად საკუთარი სურვილით გამოეთიშნენ მწერლები - ირაკლი კაკაბაძე, ტორესა მოსი და მათე სარალიშვილი, ასევე დიზაინერი ნატალია ავალიანი. თეა წულუკიანს მწერლები დიქტატურასა და "ბილშევიკური წესით“ მართვაში ადანაშაულებენ.

აღნიშნულ ფაქტს მწერალი შოთა იათაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება და იხსენებს, რომ თეა წულუკიანს მაისში კოლეგა მალხაზ ხარბედიასთან ერთად შეხვდა. სასაუბრო თემა ლიტერატურული პერიოდიკა იყო, თუმცა მინისტრთან შეხვედრამ მძიმედ ჩაიარა.

"შუა მაისი იყო, მე და მალხაზ ხარბედია თეა წულუკიანს რომ შევხვდით ლიტერატურულ პერიოდიკასთან დაკავშირებით. ესეც მას შემდეგ მოხდა, რაც მწერლებმა გაჩერებული პერიოდიკის თემა გაახმაურეს და "ფორმულაზეც" ამ საკითხს თოქ-შოუ მიეძღვნა. ეს შეხვედრა საკმაოზე მძიმე აღმოჩნდა. მინისტრი კონტექსტიდან ამოვარდნილ კითხვებს გვისვამდა და აშკარად ეჭვის თვალით გვიყურებდა.

ცოტა ხანში მთავარ დაბრკოლების წერტილამდეც მივაღწიეთ: ჟურნალში რა იბეჭდება, ამას ვინ წყვეტს? - გვკითხა მან. ვინ უნდა წყვეტდეს, რედაქტორი, სარედაქციო ჯგუფი წყვეტს, - ცოტა არ იყოს გაკვირვებულებმა ვუპასუხეთ ჩვენ. ანუ ეგ როგორ, არავინ ამოწმებს მერე, რამდენად სწორ გადაწყვეტილებას იღებთ თქვენო? ასე უნდა ვენდო რედაქტორებს და მათ გემოვნებასო?..

- ძალიან არ მოეწონა ეს ამბავი ქალბატონ თეას და ამ მისთვის ფრიად უსიამოვნო მომენტს კარგა ხანი უკირკიტა. ცდილობდა, რაღაც ახალი, ვერტიკალური სისტემა მოეგონებინა, რომლის მეშვეობითაც ჟურნალების სარედაქციო პოლიტიკა რამენაირად გაკონტროლდებოდა. დიალოგი თანდათან ბრაზიან პოლემიკაში გადავიდა. მას ჩვენი არ ესმოდა, ჩვენ - მისი. დიდი უცნაური ხალხი ხართ ეს მწერლებიო! - რაღაც მომენტში აღმოხდა იუსტიციის წესებით მოფიქრალ მინისტრს.

დამამახსოვრდა მისი. ეს გულწრფელი ფრაზა, იმიტომ რომ მასში ჩანდა მთელი ის უპერსპექტივობა, რასაც ასეთი წყობის ადამიანის კულტურის მინისტრად გამწესება იძლეოდა. მიუხედავად ასეთი ურთიერთგაუგებრობებისა, ბოლოს ის მაინც შეგვპირდა, რომ ლიტერატურულ პერიოდიკაზე კონკურსს მალე გამოაცხადებდა. ეს "მალე" უკვე ორთვენახევარია გრძელდება. და რატომ გაიწელა თუ საერთოდ გაჩერდა ეს საკითხი ასე? იმიტომ ხომ არა, რომ მინისტრს გაუჭირდა ლიტერატურულ ჟურნალებში მაკონტროლებელი მექანიზმის მოფიქრება?

"ლიტერას" პრობლემამ მე უცებ ნათლად დამანახა, თუ რატომ ითრევს ფეხს მინისტრი და მაინცდამაინც არ ეპიტნავება ლიტერატურული ჟურნალების დაფინანსება. ლიტერატურული კონკურსის ჟიურიში საკუთარი წარმომადგენლის ჩასმა შედარებით იოლი ფანტაზიის ნაყოფია, აი, რედაქციებში კი, ეტყობა, ცოტა არ იყოს ვერ მიხვდნენ, ეს როგორ გაეკეთებინათ. მაგრამ "ძალიან უცნაური ხალხი ვართ ეს მწერლები" და გუშინ ჩვენთვის მთავარ ღირებულებებს აცდენილ მინისტრს მკაფიო მესიჯი გავუგზავნეთ. იმ ძველი, საბჭოური წესებით ის ჩვენთან ვერ ითანამშრომლებს.

და კეთილი ინებოს და ან გაუგოს "უცნაურ ხალხს", ან - დაახვიოს. მესამე გზა პოეზიაშია ხოლმე მხოლოდ, აქ - არ არის.“- წერს შოთა იათაშვილი.