"ქართული ოცნება“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი შესაძლოა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ძმა, ავთანდილ თალაკვაძე იყოს.
ავთანდილ თალაკვაძე 2015 წლიდან საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი ცენტრის ხელმძღვანელად მუშაობდა, თუმცა 2020 წლის ნოემბერში თანამდებობიდან გადადგა. გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი ჯანდაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან კონფლიქტი გახდა.
იმხანად ამბობდნენ, რომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობიდან გაათავისუფლა, მიზეზი კი ქვეყანაში შექმნილი კრიზისული ვითარება, მისი არასწორი მართვა და სისტემის სრული კოლაფისი გახდა (სწორედ თალაკვაძის უწყება არეგულირებდა სასწრაფო დახმარების ბრიგადების გამართულად მუშაობას), თუმცა უწყების პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავთანდილ თალაკვაძემ “თავისი სურვილის საფუძველზე” დაწერა განცხადება.
ambebi.ge ოზურგეთის მერობის სავარაუდო კანდიდატზე სანდო წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად "ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს, არჩილ თალაკვაძეს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენი შეკითხვა უპასუხოდ დატოვა.
ავთანდილ თალაკვაძე 1984 წლის 8 აპრილს დაიბადა. 2001-2005 წლებში სწავლობდა და დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი, სპეციალობა - საბანკო საქმე, კვალიფიკაცია - ეკონომისტი.
სამუშაო გამოცდილება: 05.01.2015 – 2020 წლამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი. 17.12.2014-04.01.2015 წწ. - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი. 2014იანვარი-2014 დეკემბერი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე 2012-2013 წწ. - შპს მედიქალ პარკი საქართველო, საოპერაციო სამსახურის უფროსი 2013 წ. - შპს "m3“, ფინანსური კონსულტანტი 2010-2013 წწ. - შპს ალიანს მედი +, ფინანსური დირექტორი 2009-2010 წწ. - შპს აისი ჯგუფი, რეპორტინგის მენეჯერი, ფინანსური დეპარტამენტი 2008-2009 წწ. - სს სახალხო დაზღვევა, ფინანსური დეპარტამენტის უფროსი 2007-2008 წწ. - შპს NGN Group, ფინანსური მენეჯერი 2006-2007 წწ. - შპს ექსპერტ დიზაინ ჯგუფი, ფინანსური კონსულტანტი 2004-2005 წწ. - შპს "დია ამო“, ლოგისტიკის სამსახურის უფროსი. იცის ქართული, რუსული და ინგლისური ენები.
ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.