ავტორი:

"ამაყი ვარ, რომ მქვია შენი მეუღლე. მადლობა ღმერთს ეს ურთულესი 2 წელი დამთავრდა და... დამთავრდა მედლით" - თუშიშვილის ვერცხლი და მისი მეუღლის ემოციური პოსტი

"ამაყი ვარ, რომ მქვია შენი მეუღლე. მადლობა ღმერთს ეს ურთულესი 2 წელი დამთავრდა და... დამთავრდა მედლით" - თუშიშვილის ვერცხლი და მისი მეუღლის ემოციური პოსტი

გურამ თუშიშვილი, ლაშა შავდათუაშვილისა და ვაჟა მარგველაშვილის შემდეგ, მესამე სპორტსმენია, რომელმაც საქართველოს ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოუტანა.

ნახევარფინალში თუშიშვილმა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წევრი, მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ტამერლან ბაშაევი სუფთა გდებით დაამარცხა. ფინალში ის ჩეხეთის წარმომადგენელ ლუკაშ კრპალეკისთან დამარცხდა.

ძიუდოისტის სპორტული კარიერა არაერთ წარმატებას ითვლის, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონობას.

სპორტსმენი 18 წლის იყო, როდესაც "დიდების საქართველო“ მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებლად მზადება დაიწყო. ერთ დღეს ვარჯიშის დროს ტრავმა მიიღო, თუმცა გამგზავრებაზე უარი არ უთქვამს. ევროპის ჩემპიონატზე ბრძოლა წააგო და ტრავმა ისე გაურთულდა, რომ საკმაოდ მძიმე ოპერაცია დასჭირდა. იმჟამად ექიმები იმედს არ აძლევდნენ, რომ ოდესმე მაინც შეძლებდა პროფესიულ სპორტში დაბრუნებას.

ეს იყო გურამ თუშიშვილის ცხოვრებაში ყველაზე არასპორტული რვა თვე.

"რეჟიმიდან ამოვვარდი, სულ გარეთ ვიყავი და სახლში გვიან ვბრუნდებოდი. ორგანიზმი გაზარმაცებული მქონდა. ამის მერე ვარჯიშის დაწყება ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ამაში ბავშვობიდან გამოყოლილი სპორტული შემართება დამეხმარა. სულ მქონდა "ჟილკა", ჩემპიონი გავმხდარიყავი. მინდოდა, ევროპის, მსოფლიო ჩემპიონობა, რაც ჩემი ოჯახის მხარში დგომით, შევძელი კიდეც. 4-5 თვე დამჭირდა სპორტული ცხოვრება რომ დამეწყო და მერე ფორმაშიც ჩავდექი...“ - ყვებოდა გურამი ჟურნალ "გზასთან“ ინტერვიუში ორი წლის წინ.

სპორტსმენი დაოჯახებულია. მისი მეუღლე პროფესიით ფსიქოლოგი ანი პაიკიძეა. წყვილს ერთი ქალიშვილი - 5 წლის სესილია ჰყავს. გურამ თუშიშვილისთვის ანი ბავშვობის სიყვარულია. გოგონა ჯერ კიდევ მაშინ შეუყვარდა, როდესაც ის დასასვენებლად ადიოდა კოჯორში.

"ანი გაგებით ეკიდება ჩემს სპორტულ ცხოვრებას. არანაირი დისკომფორტი ან კონფლიქტი არ გვაქვს იმის გამო, რომ შეკრებებზე შეიძლება 2-3 კვირა წავიდე. ურთიერთგაგება ყველაზე მნიშვნელოვანია და ასევე ის, რომ სპორტსმენი სხვა ქვეყანაშია შეჯიბრებაზე და ოჯახზე არ აქვს სანერვიულო...“ - ამბობს თუშიშვილი.

სპორტსმენის გამარჯვების შემდეგ მეუღლე, ანი პაიკიძე სოციალურ ქსელში წერს:

"ყველას ვერ გპასუხობთ, ემოციების, დაბნეულობის და კიდევ არ ვიცი ამას რა ქვია. პირველ რიგში, ყველას მადლობას ვუხდი, ვისაც გულწრფელად უხარია. ჩემთვის ეს დღე დაუვიწყარია და მადლობა შენ ამისთვის Guram Tushishvili. ამაყი ვარ, რომ მქვია შენი მეუღლე. ეს დასაწყისია, მადლობა ღმერთს ეს ურთულესი ორი წელი დამთავრდა და დამთავრდა მედლით. შენ მარტო, შენ ეს შეძელი, მადლობა ყველას კიდევ ერთხელ ...“ - წერს ანი.