ავტორი:

ცენზურა რუსეთში: საგამოძიებო კომიტეტი თეატრ "სოვრემენნიკის“ სპექტაკლს და ლია ახეჯაკოვას "ამოწმებს" - "მსახიობი პირდაპირ სულში აფურთხებს ვეტერანთა ყველა თაობას“

ცენზურა რუსეთში: საგამოძიებო კომიტეტი თეატრ "სოვრემენნიკის“ სპექტაკლს და ლია ახეჯაკოვას "ამოწმებს" - "მსახიობი პირდაპირ სულში აფურთხებს ვეტერანთა ყველა თაობას“

რუსეთში მორიგი თეატრალური სკანდალია - დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის სამხატვრო აკადემიურ თეატრში სპექტაკლი "შესანიშნავი ქართველი“ დაიდგა სტალინის ცხოვრებაზე და რასაც დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა, ახლა კი სკანდალში მოსკოვის სახელმწიფო დრამატული თეატრი "სოვრემენნიკი“ გაეხვია. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, აშკარად ჩანს სახელმწიფოს მხრიდან ცენზურის მცდელობა, რაც რუსეთის მმართველი რეჟიმისთვის უცხო ნამდვილად არ არის.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბისტრიკინმა თანამშრომლებს დაავალა შეამოწმონ თეატრის მიერ დადგმული ერთ-ერთი სპექტაკლი, რომელშიც, თითქოსდა "დიდი სამამულო ომის“ (სსრკ-გერმანიის 1941-45 წლების ომის) მონაწილე ვეტერანებია შეურაცხყოფილი. საქმე ის არის, რომ რამდენიმე დღის წინ ორგანიზაცია "რუსეთის ოფიცრებმა“ და სხვებმაც საჩივრით მიმართეს საგამოძიებო კომიტეტს სპექტაკლ "პირველი პურის“ დადგმასთან დაკავშირებით, რომელშიც მთავარ როლს რუსეთის სახალხო არტისტი ლია ახეჯაკოვა ასრულებს.

მსახიობი ცნობილია მრავალი თეატრალური სპექტაკლით და ფილმით. იგი საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობდა რეჟისორ რეზო გაბრიაძესთანაც...

ლია ახეჯაკოვა გამოირჩევა აქტიური და პრინციპული საზოგადოებრივი პოზიციით, რომლითაც ხშირად რუსეთის ხელისუფლებას უპირისპირდება. მსახიობმა მხარი დაუჭირა ავტოავარიის გამო დაპატიმრებულ კოლეგას მიხეილ ეფრემოვს და განაცხადა, რომ საქმე პოლიტიკას უკავშირდება და ყველაფერი ხელისუფლების მოწყობილია. მან ასევე დაგმო ყირიმის ანექსია და სოლიდარობა გამოუცხადა ბელარუსში ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციების მონაწილეებსაც.

როგორც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი, "საზოგადოების ნეგატიური რეაქცია გამოწვეულია იმით, რომ ერთ-ერთ სპექტაკლში თეატრის მსახიობები იყენებენ არანორმატიულ ლექსიკას და ამასთან ერთად, ისეთ აზრებს გამოთქვამენ, რითაც ომის ვეტერანების, სამშობლოს დამცველების ხსოვნას შეურაცხყოფენ. ასეთი ქმედება კანონდარღვევას წარმოადგენს... ვეტერანების უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები, აგრეთვე "დიდ სამამულო ომში“ გამოჩენილი გმირობისა და მამაცობის ფაქტების მომავალი თაობებისათვის სწორად და ობიექტურად გაცნობა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის საქმიანობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია“.

კონკრეტულად რომელი სპექტაკლი იგულისხმება, განცხადებაში დაზუსტებული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ საკითხი "პირველ პურს“ ეხება.

  • რა არის პატრიოტული საზოგადოებისათვის მიუღებელი "პირველ პურში“?

"სოვრემენნიკის“ საიტზე ამ სპექტაკლის დასახელების გასწვრივ არის მითითებული - "18+“, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ნახვა მხოლოდ 18 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეებს შეუძლიათ.

21 ივლისს ორგანიზაცია "რუსეთის ოფიცრებმა“ წერილი გაუგზავნეს როგორც თეატრის ხელმძღვანელობას, ასევე საგამოძიებო კომიტეტს, გენერალურ პროკურატურას და მოსკოვის მერიას. "ბოლო დროს ჩვენს ორგანიზაციას არაერთხელ მომართავენ ომის ვეტერანები, საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ფედერაციის გმირები, რომლებიც აღშფოთებულები არიან იმ უკიდურესი უპატივცემლობით, რასაც სპექტაკლ "პირველ პურში“ დაკავებული მსახიობები გამოხატავენ სამშობლოს დამცველების მიმართ“, - ნათქვამია "ოფიცრების“ განცხადებაში. მასში აგრეთვე ყურადღებაა გამახვილებული იმაზე, რომ მსახიობები "უკონტროლოდ და ზედმეტად იყენებენ არანორმატიულ ლექსიკას, დაუფარავად ეწევიან ერთსქესიანი სიყვარულის პროპაგანდას და აშკარად ახორციელებენ ლგბტ საზოგადოების ფასეულობების აგიტაციას“.

"ოფიცრების“ აზრით, ვეტერანების შეურაცხმყოფელი გამონათქვამები განსაკუთრებით ბევრია ლია ახეჯაკოვას მონოლოგში, რომლითაც, მათი მტკიცებით, "მსახიობი პირდაპირ სულში აფურთხებს ვეტერანთა ყველა თაობას“.

სიუჟეტის მიხედვით, ლია ახეჯაკოვას გმირი - ნური ბებია იმყოფება სასაფლაოზე, სადაც ავღანეთში დაღუპული მისი ქმარია დაკრძალული. მის გვერდზეა აგრეთვე დიდი სამამულო ომის ვეტერანის ფუმკინის საფლავიც (რომელიც სპექტაკლის გამოგონილ პერსონაჟს წარმოადგენს). მონოლოგში, რომელმაც "ოფიცრების“ აღშფოთება გამოიწვია, ლია ახეჯაკოვა, მიმართავს რა ფუმკინს, მას დამამცირებელ, ვულგარულ სახელს უწოდებს ("говнюк») და ამბობს: "მოტ...ით რა უკვე ტვინი თქვენი ომით“.

"ოფიცრების" საჩივრის შემდეგ "სოვრემენნიკმა“ მსახიობის მონოლოგში ცვლილება შეიტანა და უცენზურო გინება ამოაგდო“, - იტყობინება რადიო "ეხო მოსკვი“ და მაყურებლების ნათქვამს იმოწმებს.

ცნობისათვის:

"პირველი პურის“ ავტორი ახალგაზრდა დრამატურგი რინატ ტაშიმოვია. ამ სპექტაკლის დადგმის თაობაზე "სოვრემენნიკის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა ვიქტორ რიჟაკოვმა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ განაცხადა დასის დახურულ კრებაზე. სხვათა შორის, ხელმძღვანელის განზრახვა არ მოეწონა ცნობილ მსახიობს, რუსეთის სახალხო არტისტს სერგეი გარმაშს, რომელიც, მოგვიანებით, პროტესტის ნიშნად, თეატრის კოლექტივიდან წავიდა.

მოამზადა სიმონ კილაძემ