ავტორი:

"მინდა ახალ ამპლუაში მოვახმარო დაგროვილი ცოდნა ჩემს ქვეყანას" - რას ამბობს ოლიმპური ჩემპიონი პოლიტიკაში წასვლაზე?

"მინდა ახალ ამპლუაში მოვახმარო დაგროვილი ცოდნა ჩემს ქვეყანას" - რას ამბობს ოლიმპური ჩემპიონი პოლიტიკაში წასვლაზე?

"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად დასახელებული ვლადიმერ ხინჩეგაშვილია.

ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის რამდენიმე გზის ჩემპიონი დარწმუნებულია, რომ პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატად ჩემს დასახელებასთან დაკავშირებით ხანგრძლივი კონსულტაციები მიმდინარეობდა გუნდის ხელმძღვანელობასთან, გავმართეთ რამდენიმე შეხვედრა და საბოლოოდ შევჯერდით აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე.

"ქართული ოცნების" გაკეთებული, უკვე დაწყებული და სამომავლოდ დაგეგმილი საქმეების ალტერნატივის შემოთავაზების შესაძლებლობა არც ერთ სხვა ძალას არ გააჩნია. ძალიან საპასუხისმგებლო და სასიხარულოა გამოცხადებული ნდობა. მოტივირებული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, ახალ ამპლუაში მოვახმარო დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება ჩემს ქვეყანას და მშობლიურ მხარეს. გუნდს საზოგადოებაში ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს.

საქართველოს ყოველი მეორე მოქალაქე ჩვენი მხარდამჭერია და მიუხედავად იმისა, ვინ იქნება კონკურენტი კანდიდატი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ კიდევ უფრო დიდი ნდობა, საქმეზე საუბრით, კონკრეტული ხედვებისა და ჩვენი რაიონის განვითარების გეგმის შეთავაზებით მოვიპოვოთ. დარწმუნებული ვარ, პირველივე ტურში გავიმარჯვებთ, შემდეგ კი ეს გამარჯვება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაში და ჩვენი რაიონის/ქალაქის წინსვლაში აისახება“, - განაცხადა AMBEBI.GE-სთან ხინჩეგაშვილმა.

ლადო ხინჩეგაშვილი 1991 წლის 18 აპრილს დაიბადა. გორელი თავისუფალი სტილით მოჭიდავე 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია (ოქროს მედალი), 2012 წელს კი, ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხინჩეგაშვილი ასევე ევროპის 3-გზის (2014, 2016, 2017) და მსოფლიოს (2015) ჩემპიონია.2015 წელს დასახელდა წლის საუკეთესო სპორტსმენად, 2018 წელს მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი.

მიმდინარე წლიდან ლადო ხინჩეგაშვილი ხელმძღვანელობს მისი მწვრთნელის, ნუგზარ სხირელის მიერ დაარსებულ გორის თავისუფალი ჭიდაობის სკოლას.

მერობის კანდიდატად დასახელების დღეს ლადომ სპორტთან მისი ურთიერთობის გაგრძელებაზე საუბრისგან თავშეკავება ამჯობინა და გვითხრა, რომ ამაზე საზოგადოებას რამდენიმე დღეში მიაწვდის ინფორმაციას.