რადიო ”პალიტრის” (FM 103.9) გადაცემა ”ცენტრის” ყურადღების ცენტრში ამჯერად ნანუკას შოუ, შოუს რეიტინგი, თავად ნანუკა ჟორჟოლიანი, მისი სამეგობრო წრე და "ტელეიმედის" მართვაში მისი მონაწილეობა მოექცა. ამ საუბრისას კომპრომისებზე არც წამყვანი შალვა რამიშვილი წასულა და არც მისი გადაცემის სტუმარი. თუმცა, უკომპრომისონი ისინი უფრო ერთმანეთის მიმართ იყვნენ. მაგალითად, ნანუკა ჟორჟოლიანმა ზედმეტი უხერხულობის გარეშე და გულწრფელად აღიარა, რომ მაია ასათიანის გადაცემა "პროფილი" უფრო მაღალრეიტინგულია, ვიდრე მისი შოუ. ჟორჟოლიანს არც ის გასჭირვებია, რადიოეთერით მისი კოლეგისა და კონკურენტისთვის - მაია ასათიანისთვის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიტყვები გაემხილა:
"პრეზიდენტმა მითხრა, რომ ასათიანის გადაცემა უფრო რეიტინგულია, ვიდრე ჩემი შოუ. მას არ უთქვამს, თავად რომელი უფრო მოსწონს. იმედი მაქვს, რომ მაია გვისმენს და აი, მინდა, მას პრეზიდენტის ნათქვამი გავუმხილო", - თქვა ნანუკამ.
ნანუკას გადაცემის შედარებით დაბალი რეიტინგის ახსნაც აქვს და ამბობს, რომ მხოლოდ რეიტინგის აწევის გამო ნებისმიერ სტუმარს ვერ მიიწვევს.
"მინდა, რომ ადამიანები მაყურებელს აქამდე უცნობი კუთხით დავანახო. ვცდილობ, წინასწარ ვუთხრა მომავალ სტუმარს, რის გაკეთებას ვთავაზობ გადაცემაში. ჩვენ ან ვთანხმდებით, ან - ვერა. გარდა ამისა, ზოგზე ვფიქრობ, რომ ის ჩემი გადაცემის ფორმატს არ შეესაბამება. მთავარი პრინციპი კი ის არის, რომ ჩემს გადაცემაში არ მომყავს პოლიტიკოსები - თუ ამას ერთხელ დავუშვებ, შოუ სახეს დაკარგავს", - თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
შალვა რამიშვილმა გადაცემის სტუმარს შოუში პრეზიდენტ სააკაშვილის სტუმრობა შეახსენა, ასევე “ნანუკას შოუს” “გოიმობა” უწოდა.
"პირველად მესმის, რომ ვინმე “გოიმს” მიწოდებს და თანაც ამას შალვა რამიშვილი მეუბნება? მე მიმაჩნია, რომ შენ ყველაზე დიდი “ქაჯი” ხარ. რაც შეეხება პრეზიდენტის სტუმრობას ჩემს გადაცემაში, ვფიქრობ, ძალიან საინეტერესოა, რომ პრეზიდენტს სახლში ჩუსტები არ აქვს. პოლიტიკოსებს არ მოვიწვევ გარდა იმ პირველი პირებისა, რომლებმაც შეიძლება, რაღაც საინტერესო მითხრან. მაგალითად, პრეზიდენტი მესაუბრა საკუთარი შეხედულებებისა და ადამიანების მიმართ დამოკიდებულების შესახებ. ჩვენ არ გვისაუბრია პოლიტიკაზე", - უპასუხა ჟორჟოლიანმა.
შალვა რამიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანს მის გავლენიან მეგობრებზეც ესაუბრა.
შალვა:
- არის მოსაზრება, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არის რაღაც დაჯგუფება, მათ შორის თითქოს “რუხი კარდინალი” ადეიშვილი., ასევე გიგი უგულავა, მისი მეუღლე, კეზერაშვილი...
- და მე ამ დაჯგუფების ლიდერი ვარ და ასად არის ამ დაჯგუფებაში ჩემი ძმა?, - უპასუხა ნანუკამ.
- შენი ძმა? ციხეში. შენ ლიდერი არ ხარ, მაგრამ მეგობრობ ამ ადამიანებთან?
ნანუკა ჟორჟოლიანმა დაადასტურა, რომ მეგობრობს რამიშვილის მიერ დასახელებულ ადამინებთან და აღნიშნა, რომ თბილისის მერის მეუღლე მისი ახლო მეგობარია.
"მე ვფქირობ, რომ ეს კარგია, მეგობრებს არ მალავენ" , - ამბობს ჟორჟოლიანი.
“და ამ ქვეყანაში ხდება ხოლმე ისეთი რაღაცები, რომ როცა ცნობილი ადამიანის ნათესავი ციხეშია, შეიძლება, მისი ახლობლების მდგომარეობამ რაღაც შეცვალოს”, - თქვა შალვამ.
“მაგრამ სად არის ჩემი ძმა – მიშკა? მე არ მსურს ამ თემაზე ლაპარაკი”, - უპასუხა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა იგი ვანო მერაბიშვილის მეგობარიც, ჟორჟოლიანმა უპასუხა: "ვანო ჩემი მეგობარი არ არის"
შალვა რამიშვილმა ნანუკას ისიც უთხრა, რომ გადაცემის სტუმრები წამყვანს ხშირად ეპირფერებიან.
შალვა:
- არ უნდა მოგწონდეს, როცა გეპირფერებიან. შენ კი ეს მოგწონს...
თუმცა, თავად ნანუკა ფიქრობს, რომ მას გადაცემაში არ ეპირფერებიან და მხოლოდ გულწრფელ კომპლიმენტებს ეუბნებიან.
“შენც ეპირფერები-ხოლმე ვიღაცებს და ისეთი ადამიანებიც გადაგიკოცნია, რომლებთან დალაპარაკებაც არ უნდა გინდოდეს, მაგრამ ზოგჯერ გვიწევს კომპრომისზე წასვლა. თუმცა, მე არ ვფიქრობ, რომ მეპირფერებიან”, - უპასუხა ნანუკამ.
ჟორჟოლიანი აღიარებს, რომ საკუთარი განათლების დონით კმაყოფილი არ არის და ვერასოდეს წაიყვანს ღრმა ანალიტიკურ გადაცემას.
"მე მაღიზიანებს ჟურნალისტი, რომელიც ამბობს, რომ ყველა საკითხში კომპეტენტურია და გვმოძღვრავს".
მას რამიშვილმა ის ტელესიუჟეტი შეახსენა, რომელიც ჟორჟოლიანმა "რუსთავი 2"-ზე მუშაობისას მოამზადა და რომელშიც ზურაბ ჟვანიას ძმის მაფიოზობაზე იყო საუბარი.
"მაშინ ზურაბ ჟვანია ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მე დავურეკე მის პრესმდივანს ავთო ფავლენიშვილს, შეხვედრა ვთხოვე და ბოდიში მოვუხადე იმის გამო, რაც გავაკეთე. თბილისი პატარა ქალაქია და როცა ქუჩაში გამოდიხარ და გეუბნებიან, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ეს სიუჟეტში გქონდა, რა თქმა უნდა, არ მოგწონს. ეს არ იყო დაკვეთილი სიუჟეტი. სიუჟეტი დაკვეთილია, როცა ამაში დიდ ფულს გიხდიან. არსებობს დავალებაც, როცა ხელმძღვანელი გიბარებს და დავალებას გაძლევს. მე ეს დავალება “რუსთავი2”-ის მე-14 სართულზე მივიღე", - გაიხსენა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
საკუთარ გადაცემაში კითხვაზე პასუხის გაცემა თავად შალვა რამიშვილსაც მოუწია. ნანუკა ჟორჟოლიანი დაინტერესდა.
“როგორ ფიქრობ, ჩემს მიმართ ჟურნალისტების ნეგატიური დამოიკიდებულება იმით არის განპირობებული, რომ ისინი ფიქრობენ, რომ ჩემი პოზიციის დაკავება მათაც შეეძლოთ?”.
“რა თქმა უნდა, ეს ასეა და თუ მე დღეს შენთან საუბარში თავი ვერ შევიკავე, იმის გამო, რომ მე მშურს შენი”, - უპასუხა რამიშვილმა, რაზეც ჟორჟოლიანმა გულწრფელობისვის მადლობა გადაუხადა.
გადაცემის დასასრულს მან "ნანუკას შოუს" მომდევნო გადაცემის თემაზეც ისაუბრა და გაამჟღავნა, რომ სტუმრად წარმატებული კალათბურთელების მეუღლეები ეყოლება. ჟორჟოლიანი ასევე აპირებს, მაყურებლებს ცნობილი ადამიანების სამგზავრო ჩანთებში ჩაახედოს - რა მიაქვთ თან სამოგზაუროდ წასვლისას.
მანანა მჭედლიშვილი
შალვა რამიშვილის გადაცემა "ცენტრი" რადიო ”პალიტრის” (FM 103.9) ეთერში გადის 20 საათზე. ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა