ავტორი:

"მთავრობისგან უნდა იყოს მკაფიო მესიჯები, რომ ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლა, არ დარჩება რეაგირების გარეშე" - კელი დეგნანმა

"მთავრობისგან უნდა იყოს მკაფიო მესიჯები, რომ ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლა, არ დარჩება რეაგირების გარეშე" - კელი დეგნანმა

მთავრობისგან უნდა იყოს მკაფიო მესიჯები, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც გულისხმობს ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლას, არ დარჩება რეაგირების გარეშე, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა.

კელი დეგნანმა ასევე მოახლოებულ არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 19 აპრილის შეთანხმების შედეგად, მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა განხორციელდა, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ არჩევნები უკეთესად ჩატარდეს.

"როგორც ვხედავთ, წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო. 19 აპრილის შეთანხმების შედეგად, მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა განხორციელდა. ეს რეფორმა იმის საშუალებას იძლევა, რომ არჩევნები უკეთესად ჩატარდეს. ამისათვის აუცილებელია, რომ სათანადო ცოდნა და ინფორმაცია მიეწოდოთ ადგილობრივი საარჩევნო კომისიის წევრებს. ამომრჩევლებმა უნდა იცოდნენ, რა არის ახალი ამ რეფორმაში, რათა საარჩევნო პროცესის მიმართ მათი ნდობა გაიზარდოს. ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ამომრჩევლებს იმის განცდა ჰქონდეთ, რომ მათი არჩეული პირები იქნებიან წარმოდგენილი“, - აღნიშნა დეგნანმა.

მისი თქმით, საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესში მედია უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. დეგნანმა აღნიშნა, რომ მედიამ მოსახლეობას ინფორმაცია უნდა მიაწოდოს, რათა ხალხმა ინფორმირებული და გააზრებული არჩევანი გააკეთოს.

„რაც შეეხება იმას, რაც ბოლო პერიოდში ვიხილეთ - მედიაზე თავდასხმები და დაშინების მცდელობები, გარდა იმისა, რომ ეს არის არაკონსტიტუციური ქმედებები, ის აგრეთვე წარმოადგენს თავდასხმას დემოკრატიის საფუძველზე. მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებმა საკუთარი საქმის შესრულება შეძლონ. მედიამ ინფორმაციის მოძიება, მოსახლეობის ინფორმირება, სახელმწიფო ინსტიტუტების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა უნდა შეძლოს. მედიის წარმომადგენლებს ამის გაკეთება დაშინების და ყოველგვარი საფრთხის განცდის გარეშე უნდა შეეძლოთ. მთავრობისგან უნდა იყოს მკაფიო მესიჯები, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც გულისხმობს ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლას, არ დარჩება რეაგირების გარეშე და ამას ექნება შედეგები. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება სიტყვიერი თავდასხმა, ბულინგი თუ სხვა ტიპის რაიმე შეზღუდვა. იმისათვის, რომ ჟურნალისტებმა საზოგადოების სწორედ ინფორმირება შეძლონ, ეს უნდა იყოს მიუღებელი“, - განაცხადა კელი დეგნანმა.