მსახიობი და ტელეწამყვანი მანანა მაჩაბელი 81 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
"საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგის, ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორის მანანა მაჩაბელის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სტუდენტებს" - ნათქვამია ინფორმაციაში.
მანანა მაჩაბელი 30 წლის განმავლობაში პირველ არხზე სხვადასხვა გადაცემის წამყვანად მუშაობდა. ის ასევე ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას.
მანანა მაჩაბელმა სამსახიობო საქმიანობა 1961 წლიდან დაიწყო. 1961-1963 წლებში იყო სანკულტურის თეატრის მსახიობი; 1963-1964 წლებში სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი; 1964-1967 წლებში კოტე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი; 1967-1987 წლებში ქ. რუსთავის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი; 1977-1991 წლებში საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის დიქტორი, წამყვანი; 1991-1997 წლებში საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის სოციოლოგიური კვლევის ჯგუფის სპეციალისტი; 1992-1996 წლებში მოზარდთა სახლ „ამქორის“ ფსიქოლოგი-პედაგოგი (დრამოთერაპია); 1977-1988 წლებში შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი – თეატრისა და კინოს სამეცნიერო კვლევების სექტორი, შემოქმედებითი კვლევის ლაბორატორია – ფსიქოლოგი, უმცროსი-მეცნიერ თანამშრომელი, 1988-2007 წლებში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977 წლიდან დღემდე იყო შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ლექტორი (ზოგადი ფსიქოლოგია, ხელოვნების ფსიქოლოგია, სოციალური ფსიქოლოგია, კონფლიქტებისა და სტრესების მართვა, კომუნიკაციის თეორია).