ავტორი:

"უყურებდნენ, როგორ იწვოდა შენობა, სადაც ამბულატორია და ბაგა-ბაღიც იყო განთავსებული" - ძლიერი ხანძარი ნაგომარის ადმინისტრაციული შენობაში

"უყურებდნენ, როგორ იწვოდა შენობა, სადაც ამბულატორია და ბაგა-ბაღიც იყო განთავსებული" - ძლიერი ხანძარი ნაგომარის ადმინისტრაციული შენობაში

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ადმინისტრაციული შენობა დაიწვა. ცეცხლი შენობაში გვიან ღამით გაჩნდა. ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე ბათუმის, ჩოხატაურის, ოზურგეთის და სამტრედიის სახანძრო ბრიგადები იყვნენ ჩართული.

კადრებს ნაგომარიდან "ფეისბუქზე" ზურა სტეფანია ავრცელებს და წერს, რომ ადგილზე სახანძრო მანქანა, რომელსაც წყალი უნდა მიეტანა, გვიან მივიდა.

"3 საათი იწვოდა სოფლის ადმინისტრაციული შენობის (ე.წ. "კანტორა") მეორე სართული. ჯერ სახურავი, მერე ოთახები, პირველზე ყრიდა უკვე ცეცხლს, რადგან გამყოფი ფენა ბეტონის არაა (I სართულს მეორე სართულის ცეცხლი ანათებს). 3 სახანძრო მანქანა მოვიდა სულ, დანარჩენი როგორც ამბობენ ურეკშია, სეზონისთვისო. ზოგმა თქვა თურქეთში გაუშვესო.

15-20 წუთი ელოდებიან მეხანძრეები წყლით სავსე მანქანის მოსვლას, მანამდე ბალახზე დამჯდარი, ხალხთან ერთად უყურებენ, როგორ იწვის შენობა, სადაც სამედიცინო ამბულატორია და ბაგა-ბაღიც იყო განთავსებული.15 კილომეტრიდან მოაქვს მანქანას წყალი, ამიტომ აგვიანდება. თუმცა მდინარე 150 მეტრშია. ალბათ ვერ მიუდგნენ.

მეხანძრემ რა უნდა ქნას, რაც აქვთ, იმით ცდილობენ. .არადა, იმ კომუნისტების დროს, სახანძრო პუნქტი სოფელში ერთი მანქანით იყო წარმოდგენილი. 20 წუთზე მეტი დასჭირდა ბრიგადებს ადგილზე მოსასვლელად. სასწრაფო არ მოჰყოლია, თუმცა რამდენჯერმე დაურეკავთ, ხო არ ვართ საჭიროო. ერთი პატრულის მანქანაც იყო. ბაღიდან გაზის ბალონის (იმის მიუხედავად, ბუნებრივი აირი არსებობს, ბაღში მაინც არ არის შეყვანილი.. ) გამოტანა მოასწრეს, მაცივრისაც. სკამებიც გარეთაა. სკამებს რაც შეეხება, რასაც 3 საათში ვუსმინე და რა განწყობებიც ვნახე, სერიოზული პრობლემები ექნება "სკამებს" არჩევნებში" - წერს სტეფანია.