ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე, ვებგვერდის იმ ნაწილში, სადაც სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობის მსურველებს სახელმწიფო რჩევას აძლევს და აწვდის ინფორმაციას უსაფრთხოების შესახებ, საქართველო მეოთხე ზონაშია და მითითებულია შემდეგი - "არ იმოგზაუროთ საქართველოში.“
აღიშნულის მიზეზად სახელმწიფო დეპარტამენტი სხვადასხვა ფაქტორს ასახელებს.
"არ იმოგზაუროთ საქართველოში კორონავირუსის გამო“, - ნათქვამია დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში და აღნიშნულია, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მაჩვენებლის დონე არის ძალიან მაღალი.
გარდა კორონავირუსისა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მოგზაურობის მსურველებს აწვდის ინფორმაციას ქვეყანაში გამოვლენილი ძალადობრივი ფაქტების შესახებ.
"ამჟამად ქვეყანაში ფართოდ გავრცელებულია ძალადობა, ან ორგანიზებული კრიმინალი. ადგილობრივ სამართალდამცველებს, შესაძლოა, არ ჰქონდეთ უნარი, რომ უპასუხონ სერიოზულ კრიმინალს.
პოლიტიკურმა ეკონომიკურმა, რელიგიურმა და ეთნიკურმა არასტაბილურობამ შეიძლება გამოიწვიოს ძალადობა და ზიანის მომტანი აღმოჩნდეს“ - ვკითხულობთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე.
გარდა ამისა, მოცემულია ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესახებაც. დეპარტამენტი აფრთხილებს მოგზაურობის მსურველებს, რომ ამ ტერიტორიებზე მათ შესვლას შესაძლოა, მოჰყვეს დაკავება, ან დაჯარიმება, თავდასხმები, კრიმინალური ინციდენტები.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული ჩანაწერი და გაფრთხილება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე 2021 წლის ივნისიდან არსებობს.