ავტორი:

"ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და არა დეზინფორმატორებს - ვაქცინა გვიცავს" - ირაკლი ღარიბაშვილი

"ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და არა დეზინფორმატორებს - ვაქცინა გვიცავს" - ირაკლი ღარიბაშვილი

"ერთი მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის ზრდა და აღდგენა, მეორე მხრივ, უნდა ვმართოთ სიტუაცია და ამისთვის მთავრობა ყველაფერს აკეთებს. ამ შემთხვევაში, მთავარი გამოსავალი ვაქცინაციაა", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

როგორ ღარიბაშვილმა აღნიშნა, ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად ვაქცინაციის პუნქტები დაემატება და მოსახლეობას აუხსნიან, რომ აცრის გაკეთება აბსოლუტურად უსაფრთხოა.

"რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ვითარება, სიტუაცია უნდა ვმართოთ. გვესმის, რომ ერთი მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის ზრდა და აღდგენა, მეორე მხრივ, უნდა ვმართოთ სიტუაცია - ამისთვის მთავრობა ყველაფერს აკეთებს.

მთავარი გამოსავალი ამ შემთხვევაში ვაქცინაციაა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2 000 000-ზე მეტი ვაქცინა გვაქვს და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოვუწოდო საზოგადოებას, რომ დროულად ჩავიტაროთ აცრები.

ვამატებთ ვაქცინაციის პუნქტებს, ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა სოფელში გვინდა, ეტაპობრივად ჩავიდეთ და მოსახლეობას ვაქცინა ადგილზე მივუტანოთ. უნდა ავუხსნათ მოსახლეობას, რომ ეს აბსოლუტურად უსაფრთხოა.

ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და არა დეზინფორმატორებს. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ვაქცინაციაზე გადის ეკონომიკის ზრდა. ქვეყანა დაკეტვებს და შეზღუდვებს ვეღარ გაუძლებს. ჩვენ თუ გადავხედავთ სტატისტიკას, ვაქცინირებული ადამიანის გარდაცვალება ფაქტობრივად არ დაფიქსირებულა, რამდენიმე ერთ ორ შემთხვევას თუ არ ჩავთვლით, შესაბამისად, ვაქცინა გვიცავს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.