პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ქვეყანაში ფარული მოსმენების საჭიროება არ არის და გავრცელებული ინფორმაცია, პროვოკაციის, ქაოსის შექმნის მცდელობაა. ამის შესახებ ვოლსკიმ “მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სუს-ის ჩანაწერებს ეხება.
როგორც მან აღნიშნა, ინფორმაციის გამავრცელებლებს ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნა სურთ.
"დესტაბილიზაცია რომ გინდა ქვეყანაში შექმნა, მარტო მედიასაშუალებები არ არის ამისთვის საკმარისი და მათ მიერ დასმული შეკითხვები, ამისთვის აუცილებელია დაუცველობის და არასტაბილურობის განცდა შეიქმნას მთელ ქვეყანაში. ასე რომ, მოულოდნელი არ იყო, რომ ასეთი შეთხზული ისტორიით გამოვიდოდა ამ საქმეში გაწაფული და ძველ პერიოდში საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე დასაქმებული ადამიანი. მეც ნახსენები ვიქნები, თქვენც იქნებით ნახსენები და თვითონ მისი თავიც. ვისაც გინდათ ახსენებს, პასუხისმგებლობა აქვს რამეზე, ენას ძვალი აქვს თუ გაუჭირდება?
ვფიქრობ, პროვოკაციის, ქაოსის შექმნის მცდელობაა, რომელსაც თვითონვე სურს რომ ჩამოეკიდოს. მოსმენების საჭიროება არ არის. სუს-ი დაკავებულია იმ საკითხებით, რომ ჩვენ ყველა უსაფრთხოდ ვგრძნობდით თავს. ეს არის სუს-ის ამოცანა. არაფრისმთქმელი დიალოგი გამოაქვეყნა კონკრეტულმა ადამიანმა, ვისაც მხოლოდ ერთი სურვილი აქვს, რომ დესტაბილიზაცია მოხდეს საქართველოში. ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. მე ის მიკვირს, ადრე რატომ არ დაიწყო ამ თემაზე საუბარი“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს უსმენს. კერძოდ, გუშინ, გადაცემაში „მთავარი აქცენტები“ ნიკა გვარამიამ წაიკითხა, როგორც თავად აღნიშნა, სუს-დან მოპოვებული კრებსი. გვარამიას ინფორმაციით, ჩანაწერებში საუბარია სასულიერო პირებზე, ოპოზიციის წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებზე, მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებსა და მათ პირად ცხოვრებაზე.