ავტორი:

"იმასაც ვუშვებ, რომ თქვენ და "ნაცები“ ერთ თამაშს თამაშობთ" - იაგო ხვიჩია საპარლამენტო უმრავლესობას

"იმასაც ვუშვებ, რომ თქვენ და "ნაცები“ ერთ თამაშს თამაშობთ" - იაგო ხვიჩია საპარლამენტო უმრავლესობას

"ჩვენ ხომ დავდეთ კონტრაქტი, ჩვენ ხომ არაფერი არ დაგვირღვევია ამ კონტრაქტთან დაკავშირებით? თქვენ გახვედით და პირგასამტეხლოდ საკონსტიტუციო ცვლილებებს გვართმევთ?" - ასე მიმართა "გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ წარიმართება საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება იმ ფონზე, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმების ანულირება მოახდინა.

ამასთანავე, ხვიჩიას განცხადებით, ისიც არ არის გამორიცხული, რომ 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ თამაშს თამაშობდნენ, რადგან ერთმა დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, მეორემ კი მისი ანულირება მოახდინა.

"ჩვენ "ქართული ოცნებისგან“ გვესმის ბოლო დღეების განმავლობაში, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი არ მოაწერა და ამიტომ გავედით ჩვენცო. აქ ბევრი იურისტი ვართ, ჩვენ ხომ დავდეთ კონტრაქტი, ჩვენ ხომ არაფერი დაგვირღვევია ამ კონტრაქტთან დაკავშირებით? თქვენ გახვედით და პირგასამტეხლოდ საკონსტიტუციო ცვლილებებს გვართმევთ? ჩვენ უნდა გადავიხადოთ პირგასამტეხლო? იმიტომ, რომ ეს კონტრაქტი, ეს ნაწილი, მარტო ჩვენთან დადეთ, მეტი არავის ეს არ აინტერესებდა. რა ვიფიქროთ ასეთ შემთხვევაში? მე საერთოდ იმასაც ვუშვებ, რომ თქვენ და „ნაცები“ ერთ თამაშს თამაშობთ, იმიტომ, რომ იმათ საერთოდ არ მოაწერეს ხელი, თქვენ საერთოდ გახვედით ამ შეთანხმებიდან. ჩვენ, ვინც ვართ ამ კონტრაქტის მონაწილეები, ისინი რომ პირგასამტეხლოს უნდა ვითხოვდეთ ამის ნაცვლად, კიდევ ჩვენსას ვკარგავთ? სად არის ის სამართლიანობა, რომელზეც თქვენ სულ საუბრობდით მთელი ამ პროცესის განმავლობაში?“- განაცხადა ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიას კომენტარის საპასუხოდ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ იმ ფონზე, როდესაც შეთანხმებას ოპოზიციის მხრიდან შემსრულებელი არ აღმოაჩნდა, ხელისუფლებას მის შესრულებას ვერ მოსთხოვ.

"სამოქალაქო კოპდექსშიც“ არის ასეთი ნორმა, რომ ყოველი მხარე უფლებამოსილია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე, ვიდრე მეორე მხარე არღვევს ამ ვალდებულებას. შესაბამისად, ამ პირობებში, როდესაც არავინ კაციშვილი პრაქტიკულად, შემსრულებელი არ აღმოაჩნდა ოპოზიციის მხარეს, რასაკვირველია, რომ ვერავის მოსთხოვ ამ ვალდებულების ხელისუფლების მხრიდან შესრულებას,“- განაცხადა სარჯველაძემ.