ავტორი:

ორი მეგობარი ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში და ორი ოქროს მედალი - რა მოხდა სიმაღლეზე ხტომის შეჯიბრისას? - "ეს ჯადოსნური მომენტი იყო"

ორი მეგობარი ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში და ორი ოქროს მედალი - რა მოხდა სიმაღლეზე ხტომის შეჯიბრისას? - "ეს ჯადოსნური მომენტი იყო"

ტოკიოს ოლიმპიადაზე სიმაღლეზე ხტომის ფინალში უჩვეულო რამ მოხდა - ორივე ფინალისტს ოქროს მედალი გადასცეს.

ამბავი კი ასეთი იყო - სიმაღლეზე ხტომის ფინალში იტალიის წარმომადგენელი ჯანმარკო ტამბერი და ყატარელი მუთაზ ბარშიმი გავიდნენ. მათ შეჯიბრში თანაბარი შედეგი ჰქონდათ, რის გამოც, დამატებით დროში უნდა გარკვეულიყო გამარჯვებული, თუმცა სპორტსმენებმა სიტუაციის განსხვავებულად მოგვარების გადაწყვეტილება მიიღეს.

ისინი შეთანხმდნენ, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალს "გაინაწილებდნენ."

"რას იტყვით ორ ოქროზე?“ - მიმართა ბარშიმმა მსაჯს, რომელმაც უთხრა, რომ თუკი ამგვარ გადაწყვეტაზე ორივე სპორტსმენი თანახმა იყო, მაშინ ორივე მათგანს ოქროს მედალს მისცემდნენ.

იტალიელი ჯანმარკო ტამბერი მეტოქეს მაშინვე დათანხმდა, რის შემდეგაც, ერთმანეთს ჩაეხუტნენ და ოლიმპიური ოქრო მიულოცეს.

მედიის ინფორმაციით, ტამბერი და ბარშიმი 2017 წლიდან ახლო მეგობრები არიან.

"მე ვიცი და ფაქტია, რომ ჩემი გამოსვლისთვის ოქროს მედალს ვიმსახურებ. ასევე, ისიც(ტამბერი) არაჩვეულებრივად გამოვიდა და ვიცი, რომ ისიც იმსახურებს ოქროს მედალს. რაც მოხდა, სპორტის მიღმაა, ამაღელვებელია და ეს არის გზავნილი ჩვენგან, რომელიც გვინდა სპორტსმენთა მომავალ თაობას გავუგზავნოთ“ - თქვა ბარშიმმა.

ჯანმარკო ტამბერი კი ამბობს, რომ ოქროს მედლის მეგობართან გაზიარება მისთვის კიდევ უფრო დიდი სიხარულის მომტანი აღმოჩნდა. "ჯერ კიდევ არ მჯერა რომ მსგავსი რამ მოხდა, ეს შესანიშნავი და რაღაც ჯადოსნურია“, - თქვა სპორტსმენმა.