დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების 99.7% აუცრელი იყო. ამის შესახებ გამყრელიძემ უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ვაქცინირებულ პირებში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი დაბალია.
"დღეს სამწუხაროდ, გვაქვს გარდაცვალების 34 შემთხვევა. ერთი მთავარი გზავნილი მინდა გავაკეთო - გუშინ გაანალიზდა მთლიანად წელს გარდაცვალებულთა რაოდენობა და 99.7% სამწუხაროდ, აუცრელია. მეორე მხრივ, ასევე გაანალიზდა აცრილ მოსახლეობაში დაინფიცირების მაჩვენებელი, ეს არის 0,3% ორჯერ აცრილებში და 0,9% ერთხელ აცრილებში.
აქაც სრულად აცრილებში დაახლოებით, თხუთმეტჯერადი განსხვავებაა ანუ აცრა 15 ჯერადობით იცავს - 1000 ადამიანში ვინც აცრილია, შეიძლება დაიღუპოს ერთი მაშინ, როდესაც აუცრელ 1000 ადამიანში დაიღუპება 15. ამიტომ დაცვას აცრისას აქვს ძალიან სერიოზული საფუძველი. აცრები ერთ-ერთი მთავარია რაც ჩვენს მოსახლეობას დაიცავს ეპიდემიის შემდგომი გაუარესებისგან და სავალალო გამოსავლისგან“, - განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ დღეს დილის მდგომარეობით, საქართველოში 523 ათასი ადამიანია აცრილი, აქედან ორჯერადად აცრილია 165 ათასი ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 5,8% შეადგენს.
ამასთან, გამყრელიძის განცხადებით, გუშინ 19 000 ჯავშანი იყო და აქედან აცრაზე 3 ათასი ადამიანი არ გამოცხადდა, ან აცრა არ ჩაიტარა.
"IT სამსახურთან ერთად ვსწავლობთ, რა იყო ჯავშნის გაუქმების მიზეზი. ესეც მნიშვნელოვანია, რადგან შეიძლება ეჭვი იყოს, რომ ადამიანებს გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის აცრებს და შემდეგ მას აუქმებს. თუმცა, არის მეორე მიზეზიც, რომ შესაძლოა, მაღალი ინფიცირებიდან გამომდინარე ადამიანები, ინფიცირდებიან და შემდეგ აღარ მიდიან აცრებზე. ან არის მესამე მიზეზი - დაჯავშნილი ჰქონდათ "სინოფარმი“ და გადაჯავშნეს "ფაიზერზე“. დღევანდელი დილის მონაცემებით, 4700 ადგილია თავისუფალი „ფაიზერზე“, ძირითადად რეგიონებში, "ასტრაზენეკაზე" - 17 791, "სინოფარმზე“ - 79523, "სინოვაკზე“ - 73749“, - განაცხადა გამყრელიძემ.