თუ გაგრძელდა ახალი შემთხვევების ზრდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი წარმოადგენს მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებებს, რადგან მის გარეშე შეუძლებელი იქნება ეპიდემიის შეკავება, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ ყველა არსებული რეგულაცია ხარისხიანად აღსრულდეს.
„განსაკუთრებული სიმკაცრე იქნება ნებისმიერი სახის თავყრილობაზე - იქნება ეს ქორწილი, ქელეხი, ფესტივალი თუ სხვა. ეს დავალება შესაბამის ორგანოებს მიეცა და აღსრულება აუცილებლად გამკაცრდება.
ასევე ჩვენ შევედით წინადადებით, რომ ყველანაირ შეკრებაზე ადამიანები დაშვებულ იქნან მხოლოდ ორჯერადი აცრით ან „პი სი არ“ თუ სწრაფი ტესტის უარყოფითი შედეგის შემდეგ.
თუ ეს და კიდევ რამდენიმე ჩვენი წინადადება შესაბამისად არ იქნება აღსრულებული, მაშინ სერიოზული შეზღუდვების შემოღებაზე გვექნება ინიციატივები. ჩვენ ყველა პარამეტრით დღეს გვაქვს იმის საფუძველი, რომ ქვეყანაში მაქსიმალურად გამკაცრდეს ღონისძიებები“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ასევე ნახეთ: