ავტორი:

"ვთქვათ ვიღაც "ფაიზერზე" გადაეწერა, მაგრამ გაუქმებული ჯავშანი აჩენს ეჭვებს, ხელოვნურად ხომ არ ხდება ადგილის დაკავება" - გუშინდელი მონაცემებით, ვაქცინაციაზე 3000 ადამიანი არ გამოცხადდა

"ვთქვათ ვიღაც "ფაიზერზე" გადაეწერა, მაგრამ გაუქმებული ჯავშანი აჩენს ეჭვებს, ხელოვნურად ხომ არ ხდება ადგილის დაკავება" - გუშინდელი მონაცემებით, ვაქცინაციაზე 3000 ადამიანი არ გამოცხადდა

„ვთქვათ „სინოფარმის“ გაუქმების შემთხვევები შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ ვიღაცას „ფაიზერი“ უფრო მოსწონს და მასზე გადაეწერა, კი ბატონო, გასაგებია, მაგრამ „ფაიზერზე“ რომ ამდენივე არის გაუქმებული, ჩვენში ეს ადრე გამოთქმულ ეჭვებსაც აჩენს, რომ ხელოვნურად ხომ არ ხდება სისტემის გადატვირთვა და ადგილის დაკავება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ აღნიშნა.

მისი თქმით, აცრებზე საეჭვოდ ბევრი რეგისტრირებული ადგილი არის გაუქმებული.

„ფაქტი ერთია - ათასობით ადამიანი დარეგისტრირდა და არ გამოცხადდა. არ მესმის, ეს შიშს როგორ უნდა დააბრალო, რომ ბოლო მომენტში გადაიფიქრო. თუ ადამიანებმა აცრის გაკეთება გადაწყვიტეს, გაუგებარია ეს როგორ მოხდა“, - განაცხადა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გუშინდელი მონაცემებით, ვაქცინაციაზე 19 000 ჯავშანი იყო თუმცა, აცრაზე 3 ათასი ადამიანი არ გამოცხადდა და აცრა არ ჩაიტარა.

როგორც გამყრელიძემ უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, IT სამსახური ჯავშნების გაუქმების მიზეზებს სწავლობს.

„IT სამსახურთან ერთად ვსწავლობთ, რა იყო ჯავშნის გაუქმების მიზეზი. ესეც მნიშვნელოვანია, რადგან შეიძლება ეჭვი იყოს, რომ ადამიანებს გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის აცრებს და შემდეგ მას აუქმებს. თუმცა, არის მეორე მიზეზიც, რომ შესაძლოა, მაღალი ინფიცირებიდან გამომდინარე ადამიანები, ინფიცირდებიან და შემდეგ აღარ მიდიან აცრებზე ან არის მესამე მიზეზი - დაჯავშნილი ჰქონდათ „სინოფარმი“ და გადაჯავშნეს „ფაიზერზე“. დღევანდელი დილის მონაცემებით, 4700 ადგილია თავისუფალი „ფაიზერზე“, ძირითადად რეგიონებში, „ასტრაზენეკაზე - 17 791, „სინოფარმზე“ - 79523, „სინოვაკზე“ - 73749“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, დღეს დილის მდგომარეობით საქართველოში სულ აცრილია - 523466 პირი, აქედან ორჯერადად აცრილია 165 ათასი ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 5,8 % შეადგენს.