ავტორი:

"არასწორი პოლიტიკის შედეგია, რომ 90-იან წლებში სამოქალაქო ომი გვქონდა, ტერიტორიები დავკარგეთ, შემდეგ შეცდომა 2008 წელს გავიმეორეთ, როცა თავიდან ვერ იქნა აცილებული უმძიმესი პროვოკაცია" - პრემიერი

"არასწორი პოლიტიკის შედეგია, რომ 90-იან წლებში სამოქალაქო ომი გვქონდა, ტერიტორიები დავკარგეთ, შემდეგ შეცდომა 2008 წელს გავიმეორეთ, როცა თავიდან ვერ იქნა აცილებული უმძიმესი პროვოკაცია" - პრემიერი

ჩვენი არასწორი პოლიტიკის შედეგი არის ის, რომ 90-იანი წლების დასაწყისში სამოქალაქო დაპირისპირება, სამოქალაქო ომი, ძმათაშორის მკვლელობა გვქონდა. შემდეგ შეცდომა 2008 წელს გავიმეორეთ, როდესაც ვერ იქნა თავიდან აცილებული უმძიმესი პროვოკაცია, რამაც განაპირობა ჩვენი საკუთარი ისტორიული ტერიტორიების ოკუპაცია და ე.წ. აღიარების პოლიტიკა“, - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი-ღარიბაშვილმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის 10-წლიანი სტრატეგიის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, ოკუპაცია ქვეყნის უმთავრესი გამოწვევაა და თითოეული ნაბიჯი შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს.

„ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევა ტერიტორიული მთლიანობის საკითხებია. ოკუპაცია, რომელიც უმთავრესი გამოწვევაა. ძალიან ბევრი საუბარი გვესმის, არაერთი ადამიანისგან, პოლიტიკოსისგან. ჩვენ ჩვენი მხრივ, მივყვებით თანმიმდევრულ პრაგმატულ და მშვიდობიან პოლიტიკას. რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენი ნაბიჯი შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს.

ძალიან კარგად გვესმის, რომ ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული. გულახდილად ვისაუბროთ, რომ დაწყებული ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღეებიდან ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით.

ჩვენი არასწორი პოლიტიკის შედეგი არის ის, რომ 90-იანი წლების დასაწყისში სამოქალაქო დაპირისპირება, სამოქალაქო ომი, ძმათაშორის მკვლელობა გვქონდა. დროებით ტერიტორიები დავკარგეთ, შემდეგ შეცდომა 2008 წელს გავიმეორეთ, როდესაც ვერ იქნა თავიდან აცილებული უმძიმესი პროვოკაცია, რამაც განაპირობა ჩვენი საკუთარი ისტორიული ტერიტორიების ოკუპაცია და ე.წ. აღიარების პოლიტიკა, რომელიც რუსეთის ფედერაციამ წამოიწყო. ჩვენი მთავრობა წარმატებით უმკლავდება აღნიშნულ გამოწვევას, არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით ჩვენი დიპლომატების მიერ გაწეულ ძალისხმევას, ეს გამოწვევა პრობლემად რჩება“, - აღნიშნავს პრემიერი.

მისი თქმით, პოლიტიკოსებისგან ნაკლებად ისმის რეალური შემოთავაზებები და ხედვები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე.

„ჩვენ ერთი რამ უნდა შევახსენოთ ერთმანეთს, თუ როგორ საქართველოს ვუტოვებთ ჩვენს შვილებს; ვუსმენთ რა პოლიტიკოსებს, სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ სულ უფრო და უფრო ნაკლები გვესმის რეალური ხედვების, რეალური გადაწყვეტილებების, შემოთავაზებების, გამოსავლის შესახებ, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ამ დროს ეს უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საკითხი სხვა გამოწვევებთან ერთად, როგორიც არის ჩვენი მოსახლეობის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, უმუშევრობა, სიღარიბე, კოვიდ პანდემია და უამრავი სხვა. ჩვენ დავისახეთ მიზნად, რომ ეტაპობრივად, თანმიმდევრულად, ჩვენი პრაგმატული, მშვიდობიანი პოლიტიკით ეს საკითხები გადაიჭრას. ამას სჭირდება კონკრეტული შედეგების ჩვენება და დემონსტრირება. დამეთანხმებით, რომ მხოლოდ საუბარი საკმარისი არ არის. ჩვენ პოლიტიკოსებმა ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ, ბევრჯერ შეიძლება მოვუწოდოთ პოლიტიკოსებს, აფხაზ და ოს ძმებს, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები უნდა ვაჩვენოთ. რა შეიძლება იყოს ასეთი კონკრეტული ნაბიჯი, თუ არა ის, რომ ჯერ შიგნით კონტროლირებად ტერიტორიაზე და ჩვენს საზოგადოებაში ერთობა ვაჩვენოთ? ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ერთობა და მოდით, გულახდილად ვთქვათ, ყოველთვის იყო ერთობა ქართველების მთავარი გამოწვევა. მაშინ, როცა ვიყავით გაერთიანებული, ერთიანი და ძლიერი, ჩვენი საქართველო ყოველთვის წარმატებული იყო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.