ავტორი:

"სუფთა სინდისით ვამბობ, რომ 1989 წელს, თბილისში მიტინგის დარბევის გადაწყვეტილება ჩემს ზურგს უკან მიიღეს" - რას იხსენებს გორბაჩოვი საბჭოთა კავშირის დაშლაზე?

"სუფთა სინდისით ვამბობ, რომ 1989 წელს, თბილისში მიტინგის დარბევის გადაწყვეტილება ჩემს ზურგს უკან მიიღეს" - რას იხსენებს გორბაჩოვი საბჭოთა კავშირის დაშლაზე?

საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი, ინტერნეტგამოცემა globalaffairs.ru-სთვის მომზადებულ ვრცელ სტატიაში, რომელიც ქვესათაურებად არის დაყოფილი, ქრონოლოგიურად ჰყვება იმ ეტაპებზე, რომელიც საბჭოთა იმპერიამ რღვევის პირველი ნიშნებიდან დაშლამდე გაიარა.

"გორბაჩოვის აღსარება" - ასე უწოდეს მასალას ადგილობრივმა ინტერნეტმომხმარებლებმა, რომელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირი არ უნდა დაშლილიყო, რადგან იმ წლებში ყველა ძმურად და ბედნიერად, შიდა შუღლისა და დაპირისპირების გარეშე ცხოვრობდა.

სხვების მოსაზრებით, "საბჭოთა სისტემა თავიდანვე მახინჯ პრინციპებზე იყო დაფუძნებული და მისი შენარჩუნების მცდელობას, სხვადასხვა რესპუბლიკაში, ტყუილ-უბრალოდ ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა".

თავად გორბაჩოვი, სტატიის პათოსიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ "პერესტროიკა" გარდაუვალი იყო.

სტალინის რეჟიმი, აშშ-სთან ცივი ომი, ბირთვული იარაღი, დაპირისპირება ჩინეთთან - ამ და საბჭოთა დროინდელ თემებზე გორბაჩოვი თავის პოზიციას გამოხატავს...

რამდენიმე საკითხს შორის, რომელსაც რუსი პოლიტიკოსი აქტუალობიდან გამომდინარე განიხილავს, არის თბილისის 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები...

"ეროვნულ პოლიტიკასა და ფედერაციას შორის ურთიერთობამ მძიმე შედეგები გამოიღო. ვერ ვიტყოდი, რომ მე და ჩემი კოლეგები, რომლებმაც "პერესტროიკა" დავიწყეთ, ყველა პრობლემას სრულად ვიცნობდით.

ყველაფერმა, რაც საბჭოთა კავშირის დროს, წლების განმავლობაში დუღდა და გროვდებოდა, მისი დაშლის დროს იფეთქა. არ ვფიქრობ, რომ ამისთვის ვინმე მზად იყო. ისტორიულად საბჭოთა კავშირი რუსეთის იმპერიაზე იყო დაფუძნებული. იყო თუ არა ის "ციხე ადამიანებისთვის?", თუ ამას დავეთანხმებით, მაშინ დაჩაგრულებში პირველი ალბათ რუსი ხალხი უნდა დავასახელოთ. თუნდაც, სტალინის რეჟიმის დროს, ისინი სხვებზე ნაკლებად არ დაზარალებულან.

იყო სხვა ფაქტორებიც - მაგალითად, თანაცხოვრების გამოცდილება და შესაძლებლობა. ეს იყო შანსი, რომ ერთად ცხოვრების უკეთესი ფორმები შეგვემუშავებინა და შეგვენარჩუნებინა...

სტალინის დროს, მრავალეროვნულმა სახელმწიფომ მკაცრი სუპერ-ცენტრალიზებული უნიტარული სისტემისკენ დაიწყო გადახრა. ცენტრმა გადაწყვიტა ყველა და ყველაფერი გაეკონტროლებინა. გარდა ამისა, სტალინმა და მისმა თანამოაზრეებმა თვითნებურად დაიწყეს საზღვრების დაწესება, ისე, თითქოს საბჭოთა კავშირის შემდეგ და მიღმა ვერავის წარმოედგინა არსებობა.

მის დროს, ნაციონალური პრობლემები თითქოს მიიჩქმალა, მაგრამ არსად გამქრალა. ფასადური "საბჭოთა ხალხების აყვავებისა და დაახლოების" პოლიტიკის მიღმა, ძალიან ღრმა და მწვავე პრობლემები იმალებოდა, რომელთა მოგვარების გზებზე არავინ ფიქრობდა. სტალინი ნაციონალურ საჩივრებსა და ეთნიკურ დავას ანტისაბჭოთა გამოსვლად მიიჩნევდა და მის მოგვარებაში დროს არ კარგავდა. გარდაუვალი იყო, რომ დემოკრატიზაციისა და უფრო დიდი თავისუფლების პირობებში, ეს ყველაფერი ზედაპირზე ამოვიდოდა.

უნდა ვაღიაროთ, რომ თავიდან ვერ შევაფასეთ პრობლემის მასშტაბი და სიმძიმე. ხოლო, როდესაც პრობლემებმა იფეთქა, ჩვენ მათი მოგვარების შესაბამისი მეთოდები არ აღმოგვაჩნდა, რათა ისინი არ გამწვავებულიყო. გვეგონა, რომ ჩვენი არჩეული გზა, ძველებური აღკვეთის მეთოდები გაჭრიდა... ამ მეთოდით ვმოქმედებდით, როდესაც 1988 წელს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი დაიწყო, რომელსაც ღრმა ფესვები აქვს... მისი მარტივად გადაწყვეტის გზები არ არსებობდა, ისევე, როგორც ახლა არ არსებობს. ზოგი ცდილობდა დავერწმუნებინე, რომ საზღვრების ჩაკეტვა იყო გამოსავალი, მე კი ვამბობდი, რომ ქვეყნების ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკება, მთიანი ყარაბაღის სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით, იყო გამოსავალი. ცენტრი მათ ეკონიმიკურ პრობლემების გადაწყვეტის ნაწილში უნდა დახმარებოდა. დღესაც მგონია, რომ ეს სწორი გზა იყო" - წერს გორბაჩოვი.

მისივე თქმით, იმ პერიოდში, 1987-1988 წლებში ის ცდილობდა, ეთნიკური დავების ფარგლებში ერთიანი დემოკრატიული მიდგომა განევითარებინა.

"მისი არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ეროვნული პრობლემების გადაჭრა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმის ზოგად კონტექსტში იყო შესაძლებელი... უნდა ვაღიარო, რომ თავდაპირველად ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში, მოლდოვაში, ასევე, საქართველოსა და უკრაინაში "პერესტროიკის" მხარდაჭერის ლოზუნგებით გამოდიოდნენ. 1987 წელს საბჭოთა კავშირის დატოვების სურვილს თითქმის არავის გამოთქვამდა" - ამბობს გორბაჩოვი.

ამ კონტექტსში მიხეილ გორბაჩოვმა 1989 წელს, თბილისში მომხდარი სისხლიანი შეტაკების მიზეზებზეც ისაუბრა. მისი თქმით, "9 აპრილს მიტინგის დაშლა ქართული კომპარტიის ლიდერების სურვილი იყო".

"პერესტროიკის" დუღილში, ეროვნული მოძრაობების კვალდაკვალ ძალების მოკრება დაიწყეს სეპარატისტულმა ტენდენციებმა. ეს პროცესი კიდევ უფრო გამწვავდა, რადგან უუნარო კომუნისტ ლიდერებს დემოკრატიზაციის პირობებში მუშაობა არ შეეძლოთ. მით უფრო, რომ როდესაც ქუჩაში, საპროტესტო აქციებზე ათასობით ადამიანი გამოვიდა, ისინი დაიბნენ.

ძნელია ამის გახსენება... მაგრამ სუფთა სინდისით შემიძლია ვთქვა, რომ თბილისში მიტინგის დარბევის გადაწყვეტილება ჩემს ზურგს უკან, ჩემი სურვილის წინააღმდეგ მიიღეს... მიღებული შედეგების შემდეგ, მე ჩემი კრედოს ერთგული დავრჩი - ყველაზე რთული პრობლემების პოლიტიკური საშუალებებით, ძალის გამოყენების გარეშე, უსისხლოდ უნდა გადაწყვიტო" - წერს საბჭოთა კავშირის უკანასკნელი ლიდერი.