იმისათვის, რომ უცხოეთისგან პატივისცემა დავიმსახუროთ, ჩვენ თავად უნდა ვცემდეთ ჩვენს თავს და ჩვენ სიტყვას პატივს, ესე იგი ნაკისრ ვალდებულებებს უნდა ვასრულებდეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიის შემდეგ საქართველოს მეორე მთავარი გამოწვევა ევროპული გზაა, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია.
"მეორე გამოწვევა ჩვენს ევროპულ გზას ეხება, რომელსაც ჩემი ამ ქვეყანაში ჩამოსვლის დღიდან ვაიგივებდი და ვაიგივებ საქართველოს ერთადერთ ჭეშმარიტ გზასთან. ამ გაიგივებაში მარტო არ ვარ.
ჩემი წინაპრები იყვნენ, ჩვენი წინაპრები იყვნენ ილია და ნიკო ნიკოლაძე, სულხან-საბა და ექვთიმე. არა იმიტომ, რომ უცხოეთის დაკრულზე ცეკვავდნენ, არა იმიტომ, რომ საკუთარ მეობას არ იცავდნენ ან იდენტობის დაცვა ჩვენზე ნაკლებად ენაღვლებოდათ, არამედ მათ კარგად ესმოდათ, რომ ევროპას, როგორც ეკონომიკური და სოციალური განვითარების მოდელს, და როგორც მოკავშირეს ალტერნატივა არ გააჩნია.
მცდელობები, რომ დაგვაჯერონ მავანმა, თითქოს ევროპა თავისუფლება, სოლიდარობა, ქრისტიანობა კი არა, გარყვნილების გზაა, სწორედ ერთადერთი პერსპექტივისგან ჩვენს დაშორებას ემსახურება და კარგად გვესმის ეს ვის ინტერესშია, აქაც როგორც პანდემიასთან ბრძოლაში, ნამდვილი პატრიოტიზმი მოითხოვს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესი დავაყენოთ ყველაფერზე მაღლა. პატრიოტიზმი ნიშნავს, რომ ქვეყანა ისე დავიცვათ და გავუფრთხილდეთ, როგორც ვიცავთ საკუთარ სახეს და სახელს, რამეთუ ვერავინ ვერ დაგვამციროს და პატივისცემა დაგვაკლოს.
ჩვენ მოვითხოვთ უცხოეთისგან პატივისცემას და გვაღიზიანებს ხოლმე მათი მითითებები, კრიტიკა თუ გახშირებული შენიშვნები, იმისათვის, რომ პატივისცემა დავიმსახუროთ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო ამას იმსახურებს, ჩვენ თავად უნდა ვცემდეთ ჩვენს თავს და ჩვენ სიტყვას პატივს, ესე იგი ნაკისრ ვალდებულებებს ვასრულებდეთ, რაც არის ნდობის მოპოვების და შენარჩუნების წინაპირობა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.