ავტორი:

"რეგულაციები უნდა გამკაცრდეს და დამრღვევი დაჯარიმდეს" - რა შეზღუდვების აუცილებლობაზე საუბრობენ სპეციალისტები და რას ამბობენ ლოქდაუნის შემოღებაზე

"რეგულაციები უნდა გამკაცრდეს და დამრღვევი დაჯარიმდეს" - რა შეზღუდვების აუცილებლობაზე საუბრობენ სპეციალისტები და რას ამბობენ ლოქდაუნის შემოღებაზე

საქართველოში ეპიდსიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება. გუშინ ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლი, 4 827 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დღეს კი 4 233 ახალი ინფიცირებულია. ბოლო 24 საათში კორონავირუსით 38 ადამიანი გარდაიცვალა. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანა, საერთაშორისო პარტნიორების ანალიზით, პიკის ფაზაშია და ეს მდგომარეობა დაახლოებით კიდევ 10 დღე გაგრძელდება.

საგანგაშო სტატისტიკის ფონზე, სპეციალისტები რეგულაციების გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობენ. სამედიცინო საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მსჯელობენ ლოქდაუნის საჭიროების შესახებაც. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს გუშინდელი სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ დამატებით აკრძალვების შემოღება, ამ ეტაპზე, გათვალისწინებული არ არის. მისი თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, არსებული წესები აღსრულდეს.

"დღეს უწყებათა საბჭომ იმსჯელა არსებული ზომების და მონიტორინგის გამკაცრებაზე, ასევე მკაცრ რეკომენდაციებზე პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, რადგან პირბადე არის ვირუსისგან დაცვის ერთ-ერთი მთავარი საშუალება. ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს მკაცრ რეკომენდაციას პირბადის ტარებაზე, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში. ქორწილები და სხვა დიდი ყრილობები, ყველაფერი ხდება რეგულაციების დარღვევით. ამდენად, ჩვენი მთავარი ბერკეტი არის ისევ მონიტორინგი და ის რეგულაციები, რაც დღეს უკვე დაწესებულია. ჯერჯერობით იმ რეგულაციების გამკაცრება, რომელიც დაწესებულია, არ იგეგმება და მთავარი უკვე მოქმედი რეგულაციების აღსრულებაა", - განაცხადა გაბუნიამ.

ჯანდაცვის სამინისტროსგან განსხვავებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ფიქრობენ, რომ მკაცრი შეზღუდვების აღდგენა აუცილებელია. აღნიშნული რეკომენდაციით ცენტრმა საბჭოს უკვე მიმართა.

"საკოორდინაციო საბჭოს წევრებს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მკაცრი შეზღუდვების აღდგენის რეკომენდაციით მივმართეთ. თუმცა საბჭო გადაწყვეტილებებს კონსენსუსით იღებს და კონსენსუსი ასეთი მძიმე გადაწყვეტილებების მიღებისას უნდა იყოს არა მხოლოდ საბჭოში, არამედ ქვეყანაშიც. ჩვენს მიერ წარდგენილ რეკომენდაციებში ერთ-ერთი იყო ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა, ასევე რესტორნებში მხოლოდ აცრილების ან წინასწარ გატესტილების დაშვება. ქორწილების თაობაზეც ვისაუბრეთ, კი ბატონო, იყოს 50 ადამიანის დასწრება დაშვებული, მაგრამ ყველა უნდა იყოს აცრილი ან მინიმუმ წინასწარ გატესტილი", - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ოპერატიულად გამოეხმაურა ინფიცირების დღევანდელ სტატისტიკას და ახალი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

"სამედიცინო პირბადე ყველგან, KN95 პირბადე რისკის დაავადების პირებისთვის, ღამის გადაადგილების აკრძალვა, რესტორნები მხოლოდ ღია სივრცეში, 5 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა, მასიური ტესტირების და ვაქცინაციის ცენტრები... შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია, თორემ მაინც მოგვიწევს სამწუხაროდ, მისი დაწესება და მერე გვიანი იქნება. და ამ დროს 3000 "ცრუ" ჯავშანი ვაქცინებზე. სრული საბოტაჟია ქვეყნის წინაშე და ვერ ვაცნობიერებთ", - მიიჩნევს კულუმბეგოვი.

ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა Ambebi.ge-სთან ეპიდსიტუაციის გამწვავების მიზეზებსა და გამოსავლის გზებზე საუბრობს. ექიმის თქმით, რამდენიმე გარემოება ერთამანეთს დროში დაემთხვა, რამაც საერთო სოტუაციის დამძიმება გამოიწვია. "რეგულაციები მოვხსენით, მაშინ დაიწყო დელტა შტამის გავრცელება ჩვენს რეგიონში, ქვეყანაში, ამას დაემატა ტურისტული სეზონი, ზაფხული, დასვენება... და რაც ახლა ხდება, ეს კანონზომიერი შედეგია", - გვეუბნება გოგინავა.

ინფექციონისტი მიიჩნევს, რომ ლოქდაუნის და სხვა რადიკალური რეგულაციების შემოღება ეფექტური არ იქნება და ზიანს უფრო გამოიწვევს, ვიდრე სტაბილურობას.

"ლოქდაუნი ახლა არ მოგვიტანს არანაირ შედეგს, უკვე დაგვიანებულია, ამიტომ წერტილოვანი შეზღუდვებით, წესების დაცვითა და არსებული რეგულაციების ზედამხედველობით, უნდა გამოვიდეთ მძიმე სიტუაციიდან. პირადად მე, მკაცრი შეზუდვების მომხრე არ ვარ. თუმცა, ფაქტია, გარკვეული რეგულაციები გასამკაცრებელია. პირველ რიგში, ხალხმრავალი შეკრებების მონიტორინგი უნდა გაძლიერდეს. იქნება ეს საპროტესტო აქცია, თუ სხვა ხასიათის შეკრება. კარგი იქნება, თუ ოფიციალურად წესად მიიღებენ, რომ ასეთ სიტუაციაში ადამიანებს მოეთხოვოთ PCR-ის ან უახლოეს 24 საათში ჩატარებული სწრაფი ტესტის პასუხი და ვაქცინირების დამადასტურებელი დოკუმენტი.

სახელმწიფომ უკეთესად უნდა გააკონტროლოს ტურისტების ნაკადი. არსებობს ინფორმაცია, რომ ზოგიერთი ქვეყნიდან, სადაც მაღალია დელტა შტამის გავრცელება, შემოდიან ტურისტები. იყო შემთხვევა, როცა გაყალბებული დოკუმენტებით გადმოვიდნენ საზღვარზე. ამიტომ მეტი კონტროლია საჭირო. გარდა ამისა, საჭიროა, ყურადღება მიექცეს საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც. როგორც ცნობილია, რეკომენდაციებს სათანადოდ არ იცავენ. იმაზე მეტი ადამიანია ტრანსპორტში, ვიდრე რეკომენდებულია პანდემიის პირობებეში. ამიტომ საჭიროა, დაემატოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რათა უფრო გაიოლდეს ნორმების დაცვა", - გვეუბნება ინფექციონისტი.

ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროს პირველი მრჩეველი ზაზა წერეთელი Ambebi.ge-სთან მოქმედი რეგულაციების დარღვევისთვის სანქცირების მექანიზმის გაუმჯობესებაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, უნდა დაჯარიმდეს როგორც ქორწილების და ქელეხების ორგანიზატორები, ისე დამსწრე სტუმრები.

"სახელმწიფომ ალბათ უნდა გადაწყვიტოს, რომ სახელმწიფოა და არა მარტო ინდივიდების ნაკრები. ასე რომ, სახელმწიფომ თავის მთავარი როლის შესრულება უნდა ითავოს, დაიცვას მისი მოსახლეობის ჯანმრთელობა და არ მიუშვას სიტუაცია ამ მოსახლეობის ნებაზე. კონტროლი უნდა გამკაცრდეს და შესრულდეს! ყველა, ვინც არღვევს მაგალითად, ნიღბის ტარების წესებს, უნდა დაჯარიმდეს. ქორწილების და ქელეხების ჩამტარებელი და ყველა დამსწრე უნდა დაჯარიმდეს. ვისაც შეუძლია ონლაინ სახლიდან მუშაობა, უნდა გადავიდეს სახლიდან მუშაობაზე. რესტორნები და კაფეები უნდა დაიკეტოს 11 საათზე. გასამკაცრებელია საზღვარზე ზედამხედველობის წესები. არცერთი ინფიცირებული არ უნდა მოხვდეს ქვეყანაში. რაც მთავარია, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, გაიზარდოს ვაქცინაციის და ტესტირების ტემპი და რაოდენობა. თუმცა ვაქცინაციის ტემპების გაზრდა მაინც 4 კვირიან შუალედს აძლევს ქვეყანას, რომ მეორე დოზით აიცრას მოსახლეობა, ამიტომ ამ პერიოდში ეს შეზღუდვები, მასიური ტესტირება, გამოვლენა, იზოლირება უნდა გააქტიურდეს. რაც შეეხება ჩაკეტვას, ეს ვერ იმუშავებს. აზრი არ აქვს, უბრალოდ, უკვე ისეა მოდებული დელტა შტამი", - აცხადებს ზაზა წერეთელი.

სპეციალისტების პროგნოზით, თუ სახელმწიფო არსებულ რეგულაციებზე კონტროლს გაამკაცრებს და ახალ წერტილოვან შეზღუდვებს ეფექტურად აამოქმედებს, ეპიდსიტუაცია დაახლოებით, 10 დღის მერე დაიწყებს დასტაბილურებას.