ავტორი:

თქვეს თუ არა უარი ესტონეთმა და ლატვიამ საქართველოს პრემიერის ვიზიტზე - საგარეო უწყების განმარტება

თქვეს თუ არა უარი ესტონეთმა და ლატვიამ საქართველოს პრემიერის ვიზიტზე - საგარეო უწყების განმარტება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ესტონეთსა და ლატვიაში 8-9 აგვისტოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტზე უარი უთხრეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, ეს სამწუხარო სპეკულაციაა თემაზე, რადგან აღნიშნულ თარიღებში ვიზიტი ვერ დაიგეგმებოდა იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნისთვის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თარიღია.

„მეგობარ და პარტნიორ სახელმწიფოებში მაღალი დონის ვიზიტებზე (პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და სხვა) საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს მთელი წლის განმავლობაში, მათ შორის ბუნებრივია, ბალტიის სახელმწიფოებში, რომლებიც საქართველოს აქტიური მხარდამჭერი და მეგობრები არიან. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს 8-9 აგვისტოს იგეგმებოდა პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ესტონეთსა და ლატვიაში, ეს გახლავთ სამწუხარო სპეკულაცია თემაზე, რადგან აღნიშნულ თარიღებში ვიზიტი ბუნებრივია ვერ დაიგეგმებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს გახლავთ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თარიღი ჩვენი ქვეყნისთვის. ზოგადად, არსებული პრაქტიკით, მაღალი დონის ვიზიტების შესახებ საზოგადოებას ეცნობება, ვიზიტის დაგეგმვის პროცესში მხარეებს შორის თარიღის შეთანხმების შემდგომ“, - აღნიშნავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, წყაროები ლიეტუვიდან, ლატვიიდან და ესტონეთიდან ადასტურებენ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბალტიის ქვეყნებში ვიზიტზე უარი უთხრეს.