საარჩევნო შედეგი რასაც "ქართული ოცნება" აიღებს, 43%-ზე მეტი იქნება, მაგრამ რეალურად, თუკი სახელმწიფოს მომავლისათვის რიგგარეშე არჩევნები იქნა საჭირო და აუცილებელი, რასაკვირველია, ეს შეიძლება გადაწყდეს, - ეს განცხადება დღეს ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.
აქვე ვოლსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" არსებობის პირობებში ამის პერსპექტივა პრაქტიკულად არ ჩანს, "რადგან დესტაბილიზაციის გარდა, სახელმწიფოს არაფერს სთავაზობენ".
"იქნება 43% თუ 53%, "ქართული ოცნება" არის მზად ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი კონსტრუქციული მოლაპარაკების ფორმატში იმსჯელოს რა სჯობია ქვეყნისთვის", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
იგი ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პროვოკაციების მცდელობა იქნება.
"პირველია ნიშანია, რომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, თუნდაც ჩვენი პარტნიორი IRI-ის შეკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევას ასრულებს. მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ადრე პარალელური დათვლის გაყალბება იყო რესურსი, რათა დესტაბილიზაცია მოეხდინათ, ხოლო ახლა მთავარ რესურსად ასეთი სახის ვითომ კვლევები იქნება გამოყენებული, რათა საზოგადოებაში ნიჰილიზმი და არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით ეჭვები დათესონ. ამასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადება არის ზუსტი. ჩვენ გვჭირდება დამკვირვებლების, მათ შორის ადგილობრივი დამკვირვებლების რაც შეიძლება მძლავრი კორპუსი, რომლებიც ვითარებას სამართლიანად შეაფასებენ", - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.