ავტორი:

"გლდანის ციხეში, რომელიც წამების სიმბოლო იყო, დღეს პატიმრები არიან დასაქმებული და მოჰყავთ ჟოლო" - რატი ბრეგაძე

"გლდანის ციხეში, რომელიც წამების სიმბოლო იყო, დღეს პატიმრები არიან დასაქმებული და მოჰყავთ ჟოლო" - რატი ბრეგაძე

დღეს ციხეს მართავს ციხის ადმინისტრაცია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა. მან ასევე კომენტარი გააკეთა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება რუსთავის დაწესებულებაში მომხდარ ფაქტს, პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო გადაცვლილის ოჯახს. მიმდინარეობს გამოძიება, რომელსაც აწარმოებს ნეიტრალური ინსტიტუტი - სახელმწიფო ინსპექტორი და დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე აუცილებლად იქნება დადგენილი. დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ ყველა დამნაშავე იქნება სათანადო წესით დასჯილი. თუკი ვინმე არის დაინტერესებული სიმართლის დადგენაში, პირველ რიგში, ეს ვართ ჩვენ“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, მომხდარ ფაქტს ის პირადად, ადგილზევე გაეცნო.

„ჩვენი მხრიდან მათ აქვთ მაქსიმალური მხარდაჭერა და თუ იქნება საზოგადოების ინტერესი, მზად ვართ, რომ გამოძიების ინტერესების დაუზიანებლად გავასაჯაროოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა მასალა“, - განაცხადა ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრი ასევე გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ციხეებში არსებული მდგომარეობა საგრძნობლად გამოსწორდა.

„2012 წლამდე ჩვენს ციხეებში არსებული მდგომარეობა იხილა მთელმა მსოფლიომ. მას შემდეგ გატარდა ძალიან ბევრი რეფორმა, რომელიც მიმართულია ადამიანის უფლებების დაცვაზე. 2012 წლის შემდეგ სტრასბურგის სასამართლოში არ შესულა არცერთი საჩივარი, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა ციხეში ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით. მაგალითად, გლდანის ციხეში, რომელიც წამების სიმბოლო იყო, დღეს ადამიანები არიან დასაქმებული და აქვთ შემოსავალი. მათ მოჰყავთ ჟოლო, რომლის შეძენაც სხვადასხვა მაღაზიაში არის შესაძლებელი“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ჯერ კიდევ რჩება გამოწვევად საბჭოთა კანონმდებლობა, რომელიც რჩება ჩვენს დღევანდელ რეალობაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი ძალის მიზანი უნდა იყოს საბჭოთა მემკვიდრეობის სრულად ჩანაცვლება და ევროპულ კანონმდებლობასთან სრულ ჰარმონიაში მოქცევა.

ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე.

„ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ 2012 წელს, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ჩვენი მთავრობის გამოწვევა იყო ციხეებში წამება, არაადამიანური მოპყრობა, რაც იყო ყოველდღიური პრაქტიკა და ცხოვრება ციხეებში, რაც ჩვენ 2012 წელს, მოსვლისთანავე დავასრულეთ. დღეს გვაქვს მართლაც სანიმუშო, სამაგალითო ვითარება ციხეებში. მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი მოწინავე ვართ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.