ავტორი:

"დაჯავშნილ ვაქცინებზე 3000 ადამიანი არ გამოცხადდა, ვსწავლობთ, ეს ანტივაქსერთა ჩარევაა თუ მოქალაქეთა სპონტანური ქმედება" - გაბუნია ვაქცინაციასა და ზოგად პანდემიურ ვითარებაზე

"დაჯავშნილ ვაქცინებზე 3000 ადამიანი არ გამოცხადდა, ვსწავლობთ, ეს ანტივაქსერთა ჩარევაა თუ მოქალაქეთა სპონტანური ქმედება" - გაბუნია ვაქცინაციასა და ზოგად პანდემიურ ვითარებაზე

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ძალიან საყურადღებოა, რომ დაჯავშნილ ვაქცინებზე 3000-მდე ადამიანი არ გამოცხადდა და თან ისე, რომ ჯავშანი არ გააუქმა. როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებთან განმარტა, მიმდინარებს აღნიშნული ფაქტის შესწავლა, რომელმაც უნდა გამოავლინოს არის ეს ანტივაქსერთა ჩარევა თუ მოქალაქეთა სპონტანური ქმედება. ამასთანავე, თამარ გაბუანიას განმარტებით, თუ იქნება დანაშაულის ნიშნები, ბუნებრივია, ჩაერთვებიან შესაბამისი უწყებები.

„ჯავშნების გაუქმება, უფრო სწორად, არ გამოცხადება დაჯავშნილ ვიზიტებზე, არის ყოველდღიურად და საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ერთი რიცხვი, რომელიც დასახელდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ, ეს იყო 3000 შემთხვევა არგამოცხადების, რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან სერიოზული ბარიერი იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ცდილობდა დარეგისტრირებას და უბრალოდ ადგილი არ დარჩა მათი რეგისტრაციისთვის. ბუნებრივია, ამ საკითხს სწავლობს სხვადასხვა უწყება, იმისთვის, რომ გამოვლინდეს, რა შესაძლო მიზეზი შეიძლება ჰქონოდა მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირდა და შემდეგ კი არ გააუქმა ჯავშანი, უბრალოდ არ გამოცხადდა.

ეს ქმედება, რა თქმა უნდა, ძალიან საყურადღებოა. არ ვიცი, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე. პირველ რიგში, ეს უნდა შეფასდეს და შესაფერისი დასკვნა ამასთან დაკავშირებით გავაკეთოთ, არის ეს ანტივაქსერული ჩარევა, არის ეს უბრალოდ სპონტანურად, რომ ადამიანი დარეგისტრირდა, შემდეგ შეცვალა გადაწყვეტილება, აღარ მივიდა და უბრალოდ ჯავშანი არ გააუქმა თუ რაღაც სხვა მიზეზია. ამაზე, რა თქმა უნდა, მეტი ინფორმაცია გვჭირდება, სანამ რამე დასკვნას გავაკეთებთ, თუმცა ანტივაქსერული ნიშნები რომ არის, სოციიალური ქსელში არის აშკარა აქტივობა ამ მიმართულებით. რაც მეტად წინ წავა ვაქცინაციის კამპანია და წარმატებული იქნება, მით მეტად გააქტიურდება ანტივაქსერული მოქმედებაც, ამიტომ ყველა მხრიდან საჭიროა მობილიზება იმისთვის, რომ საპასუხო რეაგირება გვქონდეს. თუ იქნება დანაშაულის ნიშნები, ბუნებრივია, ჩაერთვება შესაბამისი უწყებები,“- განაცხადა გაბუნიამ.

ამასთანავე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ამ პროცესში ვაქცინის დოზები არ გაფუჭებულა, თუმცა პროცესი მნიშვნელოვნად შეფერხდა.

გაბუნიას განცხადებით, კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ ე.წ. საველე ჰოსპიტლების მოწყობა „დღეს არ განიხილება“ და უფრო მეტად მისაღები მოდელი სასტუმრო ინფრასტრუქტურის გამოყენებაა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამ ეტაპზე დამატებითი სასტუმროების მობილიზებაზე მუშაობენ.

„გარკვეულწილად გვეხმარება ისიც, რომ ბოლო პერიოდში, რიგი ქვეყნებიდან ტურისტების ნაკადი შემცირდა, ამიტომ სასტუმროების მობილიზების შესაძლებლობა მეტი გაჩნდა. მოგეხსენებათ, ჩვენთვის სასტუმრო იყო საველე ჰოსპიტლის ანალოგი, ამიტომ, სასტუმროების მობილიზებაზე ნამდვილად ვმუშაობთ და ვფიქრობ, რომ ამაზე მეტის საჭიროება უბრალოდ არ იქნება და მოხერხდება სასტუმროს რესურსის გამოყენებით ყველა ადამიანის მოთავსება იმ სივრცეში, სადაც იქნება ექიმი. სხვა სივრცეებზე საუბარი არ არის.

საველე ჰოსპიტლის მართვა და ადამიანური რესურსით მისი უზრუნველყოფა, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება. ამდენად, მოდელი, რომელიც ჩვენ გვაქვს და რაც შესაძლებელია კიდევ მეტად გაფართოვდეს, სულ მცირე, ორჯერ და სამჯერაც ეს არის სასტუმროების მოდელი, იმ დიდი სივრცეების გამოყენება, სადაც კომფორტულ გარემოში შესაძლებელია პაციენტის მკურნალობა. საველე პირობებზე დღეს, კონკრეტული საუბარი არ არის. თუკი დადგება ამის საჭიროება, რესურსი, სადაც დიდი სივრცეა, ესეც ცნობილია და შესაძლებელია მისი ადაპტირება და მისი გამოცდილებაც მსოფლიოში არსებობს. თუმცა, ჩვენთვის მაინც უფრო მეტად მისაღები მოდელი არის სასტუმრო ინფრასტრუქტურის გამოყენება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ვაქცინაციაზე მატების ტენდენცია ნამდვილადაა. ბოლო 7 დღის განმავლობაში საშუალო მაჩვენებელი 15 000-ზე ზემოთაა. გუშინ დაახლოებით 16 900 იყო, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ასევე მზადდება მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი მცხეთაში.

„ტენდენცია მატების ნამდვილადაა. ბოლო 7 დღის განმავლობაში საშუალო მაჩვენებელი 15 000-ზე ზემოთაა. გუშინ დაახლოებით 16 900 იყო. აქტივობა საკმაოდ მაღალია ყველა ვაქცინაზე - „ფაიზერზე“, „სინოვაკზე", „სინოფარმზე“, „ასტრაზენეკაზე“ ძირითადად მეორე დოზებით მიმდინარეობს ვაქცინაცია.

ასევე, დაემატება თბილისში ვაქცინები, რადგან ვინც „ფაიზერზე“ რეგისტრაციისთვის ემზადება, მათ დარეგისტრირების საშუალება ჰქონდეთ. ასევე მზადდება მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი მცხეთაში. ვფიქრობთ, რომ მოკლე ხანში შევძლებთ, უკვე სოფლად ვაქცინაციის დაწყებასაც შევძლებთ. ეს პროცესი ძალიან მალე დაიწყება“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, დღევანდელი მდგომარეობით 7 000-მდე საწოლია მობილიზებული.

„4 000-ზე მეტი შემთხვევაა ბოლო 2 დღის განმავლობაში, რაც მიუთითებს იმას, რომ რეალურად მეოთხე ტალღის პიკია. ჰოსპიტალური ქსელის მობილიზება გრძელდება. 7 000-მდე საწოლია დღევანდელი მდგომარეობით მობილიზებული, დამატებითი კლინიკებიცაა ჩართული, რომ თუ პაციენტს ჰოსპიტალური მართვა სჭირდება, ჰოსპიტალში იყვნენ. გუშინ ჩვენ კიდევ დავამატეთ ონლაინ კლინიკის პერსონალი, იმისთვის, რომ სატელეფონო ზარებზე პასუხის დაგვიანებას ადგილი არ ჰქონდეს. პრევენციული ზომების გატარება ამ პირობებში საკმაოდ რთულია, მთავარი ჯანდაცვის საშუალება პირბადის გამოყენებაა“, - განაცხადა გაბუნიამ.