ავტორი:

"მათი ქვეყანა, რუსების გარდა, გრძელვადიან პერსპექტივაში, არავის სჭირდება" - როგორ ეხმიანება რუსული მედია პუტინისადმი "პატრიოტთა ალიანსის" მიმართვას

"მათი ქვეყანა, რუსების გარდა, გრძელვადიან პერსპექტივაში, არავის სჭირდება" - როგორ ეხმიანება რუსული მედია პუტინისადმი "პატრიოტთა ალიანსის" მიმართვას

რუსულმა მასმედიამ ყურადღება მიაქცია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიმართვას პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისადმი, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობის აღდგენას ეხება. რუსული გამოცემები აქვეყნებენ რუსი პოლიტოლოგებისა და ექსპერტების კომენტარებს - რამ გამოიწვია "ქართველი პატრიოტების“ მიმართვა რუსეთის ლიდერისადმი და რამდენად შესაძლებელია სამომავლოდ საქართველო-რუსეთის კავშირების აღდგენა.

როგორც რუსეთის საინფორმაციო-ანალიტიკური გამოცემა "ლენტა" იუწყება, რეგიონული პრობლემების ინსტიტუტის ხელმძღვანელის, დიმიტრი ჟურავლიოვის აზრით, "პატრიოტთა ალიანსი“ უკრაინული "ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისათვის“ მსგავსად მოქმედებს - ორივე პარტიას ვლადიმერ პუტინის დახმარებით თავიანთი ქვეყნების რუსეთთან კავშირების აღდგენა უნდათ.

"ქართველებს რუსეთთან ეკონომიკური კავშირების აღდგენა სურთ, რადგანაც მათი ქვეყანა, რუსების გარდა, გრძელვადიან პერსპექტივაში, არავის ჭირდება. საქართველოს არაფერი ექსკლუზიური არ აქვს, ღვინის გარდა. ქართველებს საკუთარი თავის სრულად გამოკვებაშიც კი პრობლემები აქვთ“, - ამბობს ექსპერტი.

"კაცმა რომ თქვას, "პატრიოტთა ალიანსი“ საკმაოდ რაციონალურად გამოვიდა, როცა გადაწყვიტა, რომ საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური ამბიციების რეალიზება სხვა სახელმწიფოს დახმარებით შეიძლება; მათ ჩათვალეს, რომ თუ ისინი [კრემლიდან] რაღაც დადებით გამოძახილს მიიღებენ, შეუძლიათ ყოველ ბიზნესმენს მიმართონ რუსეთთან საქართველოს ეკონომიკური კავშირების აწყობის მიზნით. მათ ასევე აქვთ საარჩევნო კამპანიაში დახმარების იმედიც. ისე გამოდის, რომ "პატრიოტებს“ რუსეთთან ურთიერთობის გარკვეული არხის მონოპოლიზება სურთ“, - ასეთ დასკვნას აკეთებს დიმიტრი ჟურავლიოვი.

დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ვლადიმერ ჟარიხინი "ლენტას“ კორესპონდენტთან საუბრისას ამბობს: "მეეჭვება, რომ რუსეთის პრეზიდენტი "პატრიოტთა ალიანსით“ დაინტერესდება: ეს პარტია პატარა მარგინალურ ორგანიზაციას წარმოადგენს. მათ მიმართ ჩემი სიმპათიისა და მათი გულწრფელი სურვილის მიუხედავად, არა მგონია, რომ "ქართველმა პატრიოტებმა“ თავიანთ მიმართვაზე კრემლისგან პასუხი მიიღონ“.

მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის ("მგიმო“) კავკასიის პრობლემების ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, ნიკოლაი სილაევის თქმით, ქართული ოპოზიციის მიმართვა რუსეთის პრეზიდენტისადმი არ ნიშნავს იმას, რომ უახლოეს ხანში ორი ქვეყნის ურთიერთობა შეიცვლება: "საქართველო ისევ პოლიტიკურ კრიზისშია ჩაძირული, რასაც დასასრული არ აქვს. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ერთმანეთს რუსეთთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს. საქართველოში ერთმანეთს "გამარჯობით“ კი არ ესალმებიან, არამედ "კრემლის აგენტის“ ძახილით“.

როგორც ნიკოლაი სილაევი აღნიშნავს, ქართველი პოლიტიკოსები რუსეთთან დიალოგისათვის ჯერ მზად არ არიან:

"მათ კარგად ესმით, რომ როგორც კი ისინი დიალოგზე ალაპარაკდებიან და რაღაც შეხვედრას გამართავენ, პოლიტიკური ოპონენტები ამ ფაქტს თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენებენ და დაიწყებენ ყვირილს - "შეხედეთ კრემლის აგენტებს“, - ამბობს რუსი პოლიტოლოგი.

ავტორი: სიმონ კილაძე