ავტორი:

"ღამით ცეცხლის ალყაში მოქცეული ცხოველების განწირული ხმები ისმოდა... თვალწინ აპოკალიფსის სცენა იყო" - ანტალიაში მცხოვრები ქართველები უმძიმეს ვითარებაზე

"ღამით ცეცხლის ალყაში მოქცეული ცხოველების განწირული ხმები ისმოდა... თვალწინ აპოკალიფსის სცენა იყო" - ანტალიაში მცხოვრები ქართველები უმძიმეს ვითარებაზე

"რასაც ვუყურებდი ეს იყო ჯოჯოხეთი... დილაობით ყველგან ფერფლი გვხდებოდა. ღამ-ღამობით ცეცხლის ალყაში მოქცეული ცხოველების განწირული ხმები ისმოდა. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ არ ვიცოდით, ხვალ რა იქნებოდა. ადამიანები სამშვიდობოს გამოგვიყვანეს, მაგრამ ცხოველების დარდი ვიღას ჰქონდა.

ვიცი, ძალიან ბევრი ქვეყანა გვეხმარება სახანძრო თვითმფრინავებით, მაგრამ რამდენად დროული იქნება მათი დახმარება, ხანძარმა შთანთქა აქაურობა" - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში ანტალიაში მცხოვრები ქართველი ნანა დარბაიძე, რომელიც ხანძრის ზონიდან, კაჩარლარის პროვინციიდან რამდენიმე დღის წინ, სხვა ადგილობრივებთან ერთად გამოიყვანეს.

თურქეთში პირველი ხანძრის კერა 28 ივლისს დაფიქსირდა. მას შემდეგ, ქვეყანა, უკვე არაერთი ქვეყნის სახანძრო თვითმფრინავებთან ერთად ებრძვის მასშტაბურ ცეცხლს, თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, "ხანძარი გაქცეულია" და ხელისუფლება მისი კონტროლს ვერ ახერხებს.

ოფიციალური ინფორმაციით, მსხვერპლი 10-მდე გაიზარდა, მათ შორის ორი მეხანძრეა. თუმცა, ადგილობრივების ოფიციალურ ქსელებში წერენ, რომ სინამდვილეში ადამიანური მსხვერპლი ბევრად მეტია.

ევაკუირებულია 2 000-მდე ტურისტი. განადგურებულია ათასობით ჰა ტყის მასივი, დამწვარია შენონებია, ფერმები, შინაური ცხოველი, თხილის პლანტაციები, მარცვეული კულტურა... ამჟამად განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ანტალიაში, მუგლუში, ისპარტსა და დენიზლში.

"ადგილობრივ ტელევიზიებში იმის მესამედს არ ამბობენ, რაც ხდება. ხელისუფლებისთვის მთავარი პრიორიტეტი ტურისტების მშვიდობით გამოყვანაა, რასაც სამაშველო სამსახურები აკეთებენ, ამასობაში კი, ცეცხლი ძლიერდება. ასე ხდება ერთი კვირაა. გასაგებია, რომ ადამიანის სიცოცხლე უმთავრესია, მაგრამ საინტერესოა, რა პასუხი აქვს, ჩვენს ხელისუფლებაზე, თუ რატომ არ გამოიყვანა თავად ადგილობრივი სახანძრო თვითმფრინავები, იქამდე, ვიდრე ქვეყანა ცეცხლი არ გაეხვა... ერთი ვერსიით, ეს საბოტაჟია და ამის უკან "ქურთების მუშათა პარტია" დგას, მაგრამ თუ ასე იყო, უფრო აქტიურად არ უნდა ემოქმედა ხელისუფლება? ხომ იცოდნენ, რომ ისინი ორგანიზებულად იმოქმედებდნენ? ამ კითხვებს პასუხის სჭირდება" - წერს ადგილობრივი აქტივისტი მუზეიან ჩალარი.

კიდევ ერთი ქართველის, ემა ტაბაღუას თქმით, ანტალიის ის სოფელი, სადაც ის ცხოვრობდა და მუშაობდა აღარ არსებობს.

- ის კადრები არასდროს დამავიწყფდება, მოვდიოდით და ცეცხლი ფეხდაფეხ მოგვყვებოდა. ჰაერი ისედაც გახურებული იყო და ისეთი ძლიერი ცხელი ქარი უბერავდა, მეგონა, ფილტვები გამიჩერდებოდა... 100-მდე სახლი დაიწვა, სახლი, კი არა, სასახლეები. იქაურობა სამოთხე იყო და ახლა გზადაგზა ჩონჩხად ქცეული ნასახლარები გვხვდებოდა.

შინაური ცხოველები, რომელიც პატრონებმა ვერ გამოიყავნეს, ქუჩაში ეყარნენ. პატარა ცხოველები - ბაჭიები, ძაღლები, კუები, რასაც ვნახულობდით, სველ ტანსაცმელში ვახვევდით და მოგვყავდა სამშვიდობომდე, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. სამაშველოს მანქანის მძღოლები გვიბრაზდებოდნენ, რა დროს ეს არის, სრული ევაკუაციაა გამოცხადებული და ისევ ცეცხლში უნდა შევბრუნდეთო. ყოველი წუთი ძვირფასი იყო... ის დღეები არასდროს დამავიწყდება. თითქოს ჩემს თვალწინ აპოკალიფსის სცენა იყო... როდესაც სამაშველო ნავებში ჩაგვსხეს, მხოლოდ მაშინ დავიჯერე, რომ გადავრჩით.

- ხანძრის კერების არ შემცირდა?

- ამბობენ, რომ უმნიშვნელოდ შემცირდა. თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან დათრგუნულია. ქუჩაში დაბნეული ტურსტები დადიან, ვერ გადაუწყვეტიათ წავიდნენ თუ დარჩნენ.

ფოტოები: REUTERS, Aljazeera, BBC