ავტორი:

"მამა 59 წლის იყო, როცა გული გაუსკდა პროკურატურაში, ამ წიგნებს შეეწირა" - მსოფლიოში ცნობილი ქართველი მწიგნობარი, უნიკალური ბიბლიოთეკა და მემკვიდრეთა მრავალწლიანი დავის დეტალები

"მამა 59 წლის იყო, როცა გული გაუსკდა პროკურატურაში, ამ წიგნებს შეეწირა" - მსოფლიოში ცნობილი ქართველი მწიგნობარი, უნიკალური ბიბლიოთეკა და მემკვიდრეთა მრავალწლიანი დავის დეტალები

„ჩემთვის არაფერს ვითხოვ, ჩემი და ჩემი დის სურვილია, რომ ბიბლიოთეკას მიენიჭოს შესაბამისი იურიდიული სტატუსი და ჩემი მშობლების დანატოვარი ერის სულიერი საგანძური ქვეყანას მოხმარდეს. მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ხელისუფლება და პროკურატურა ბიბლიოთეკის ბედით დაინტერესდება, საქმის გამოძიება ობიექტურად დასრულდება და მამია ხარაზის დანატოვარი კუთხისა და ხალხის სარგებლობაში დარჩება. ვერ წარმოიდგენთ, იქ რამხელა შრომაა ჩადებული, რა სიმწრითაა ყველაფერი ნაკოწიწები და უნდა განიავდეს? ეროვნული სულიერი საგანძური რომ არ გაქრეს, მე უნდა ვიბრძოდე ამისთვის, თუ - ხელისუფლებამ? მამა 59 წლის იყო, როცა გული გაუსკდა პროკურატურაში, ამ წიგნებსა და ბიბლიოთეკას შეეწირა და ასეთი კაცის დანატოვარ ბიბლიოთეკას შვილები ასე რომ მოექცევიან, რა უნდა ვთქვა?“ - გვეუბნება ღვაწლმოსილი ბიბლიოფილის მამია ხარაზის ქალიშვილი ნათელა ხარაზი, რომელიც იმ დავის დეტალებზე საუბრობს, რაც რამდენიმე წელია გრძელდება და რომელიც უნიკალური ბიბლიოთეკის ყოფნა-არყოფნას უქმნის საფრთხეს.

  • ვინ იყო მამია ხარაზი?

მამია ხარაზი (1936-1997წწ.) - საქართველოს ბიბლიოფილთა საბჭოს თავმჯდომარე, საზღვარგარეთის მწიგნობართა მრავალი საზოგადოების წევრი, წიგნის მოყვარულთა მსოფლიო კონგრესის წევრი. მამია ხარაზის საოჯახო ბიბლიოთეკა, რომელიც ქობულეთში მდებარეობს, შეტანილია მსოფლიო ბიბლიოთეკათა კატალოგში და მასში 50 000-მდე წიგნია დაცული. მამია ხარაზი სისტემატურად აწყობდა წიგნების გამოფენებს საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში და მოპოვებული აქვს საერთაშორისო აღიარება.

მამას ხსოვნის უკვდავყოფა მხოლოდ ამ ბიბლიოთეკით შეიძლება

ნათელა ხარაზი:

„მამია ხარაზის ბიბლიოთეკა უნიკალურია და მისი ანალოგი ქვეყანაში (არც ფარგლებს გარეთ) არ არის. მამა ხშირად აწყობდა გამოფენებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ის ესენინის საზოგადოება „რადუნიცას“ აქტიური წევრიც იყო, რითაც ძალიან ამაყობდა. ესენინის სიცოცხლეში გამოცემული იყო სულ 29 წიგნი და მას ჰქონდა 26. მამის გარდაცვალების შემდეგ, მე და დედა ვუვლიდით და ვაგრძლებდით კულტურულ საქმიანობას, ბიბლიოთეკაში ლიტერატურულ საღამოებს ვაწყობდით. ოტია იოსელიანი ჩემი მეგობარი იყო და ხშირად სტუმრობდა ჩვენს ბიბლიოთეკას მწერლებთან ერთად. სამი წლის წინ, დედას გარდაცვალების შემდეგ ეს ყველაფერი შეწყდა.

ჩემი მშობლები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ განათლებას, წიგნიერებას და სწორედ ამან განაპირობა საოჯახო ბიბლიოთეკის შექმნის იდეა-განხორციელება. როგორც მამა ამბობდა, მას არ დაუწყია ეს საქმე, სამი თაობა აგროვებდა ამ წიგნებს. მისი ბაბუა ეროვნული გმირი იყო და მისი დაწყებული საქმის გაგრძელება მამამ ითავა. ჩემი მშობლების ლომის წილია ამ უნიკალური ბიბლიოთეკის აქამდე მოტანაში. დედა პოლონელი იყო, პედაგოგი, ლომონოსოვი ჰქონდა დამთავრებული. მამასთვის ამ საქმიანობის საბოლოო მიზანი იყო საქართველოში, კერძოდ, ქობულეთში ისეთი ცენტრის შექმნა, რომელიც წიგნით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალებას მისცემდა მსოფლიო ლიტერატურის უნიკალურ ქმნილებებს ზიარებოდნენ. მათ შორის ბევრია ავტორთა სიცოცხლეში გამოცემული ნიმუშები - მარი ბროსეს „საქართველოს ისტორიის“ ორტომეული, პუშკინის, გუმილიოვის, ესენინის, ანა ახმატოვას - ე.წ. ვერცხლის საუკუნის ცნობილ შემოქმედთა ნამუშევრები. გარდა ამისა, ბიბლიოთეკაში არის ისეთი უნიკალური გამოცემები, როგორიცაა „ვეფხისტყაოსანი“ (პირველი გამოცემა), ვახტანგ VI-ს სტამბაში 1713 წელს დაბეჭდილი „კურთხევანი“, რომანოვების სამეფო გვარის მიმოწერები და ბევრი სხვა...

საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 16 მარტის დადგენილებით, მამას ქობულეთში, დავით აღმაშენებლის 112-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის თავზე, მთელს ტერიტორიაზე ფართი დაუკანონდა ბიბლიოთეკა-წიგნსაცავის მოსაწყობად. ბიბლიოთეკა სალონურ სტილშია გაკეთებული, სადაც წლების განმავლობაში უამრავი საღამოა ჩატარებული, ბიბლიოთეკას უამრავი ოფიციალური, თუ არაოფიციალური სტუმარი ჰყავდა - იმართებოდა შეხვედრები ცნობილ მწერლებთან, ხელოვნების მუშაკებთან და საზოგადო მოღვაწეებთან.

1996 წელს მამა გარდაიცვალა. ზუსტად იმ პერიოდში მას ასლან აბაშიძესთან ჰქონდა დაპირისპირება, რის შედეგადაც მამას გული გაუსკდა და სულ ახალგაზრდა დამეღუპა, მამას სიცოცხლე წიგნებს შეეწირა. მისი ხსოვნის უკვდავყოფა მხოლოდ ამ ბიბლიოთეკით შეიძლება, მეტი არაფრით, ვინაიდან ის ვერც აკადემიკოსი გახდა, ვერც მწერალთა კავშირის წევრი, მიუხედავად იმისა, რომ მამას გადასარევი ნაშრომები აქვს, ძალიან თავმდაბალი კაცი იყო... მამას გარდაცვალების შემდეგ, მე და დედამ გავაგრძელეთ ბიბლიოთეკის აქტიური ცხოვრება, შეხვედრები, საღამოები... ჩვენი ბიბლიოთეკისადმი ინტერესი გამოხატა მსოფლიო პატრიარქმა ირინეუსმა, რომელიც 1997 წელს გვეწვია, 2005 წელს კი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. მამია ხარაზის ბიბლიოთეკა ათეული წლის მანძილზე ატარებდა კულტურული ცენტრის წოდებას, რომელსაც თავისი წვლილი შეჰქონდა როგორც აჭარის, ისე მთელი საქართველოს ყოველდღიურ სულიერ ცხოვრებაში. მიუხედავად ჩვენი მრავალგზის მცდელობისა, არ იქნა და ბიბლიოთეკას იურიდიული სტატუსი არ მიენიჭა, სამწუხაროდ, ყველა ხელისუფლება ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, ყოველთვის უგულებელყოფდა ჩემს თხოვნას. მაშინდელი მაღალჩინოსნები და კულტურის მინისტრები ყველა ნამყოფია ბიბლიოთეკაში, იქედან გადიოდნენ და იხურებოდა თემა. ჩვენ ჩვენს საქმეს მაინც ვაკეთებდით...

ხუთი მემკვიდრე ვართ და რაც დედა გარდაიცვალა, მას შემდეგ, ჩვენს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რაც ხელს უშლის კულტურული ცენტრის შექმნის შესახებ ჩემი მშობლების ოცნების რეალიზაციას. ყველა შვილმა ვიცოდით, რომ ბიბლიოთეკას თავისი დატვირთვა ჰქონდა, ის მამის სახელის უკვდავსაყოფად იყო და ყველა შემთხვევაში, იურიდიული სტატუსი უნდა ჰქონოდა. ყველანი ამაზე ვიყავით შეთანხმებული, ხუთი დედმამიშვილიდან ორნი დავრჩით, ვისაც ამ ძვირადღირებული და უნიკალური წიგნების შენარჩუნება გვინდა. ძმა მყავს მოსკოვში, რომელიც ეტყობა, აქედან წაღებულ წიგნებს ჩუმად ყიდის და შემოსავალს პატარა ძმას და დას უნაწილებს. არც ერთ ძმას სამსახური არ აქვს და მიუხედავად ამისა, ერთი ძმის შვილები ამერიკაში სწავლობენ, მეორე ძმამ კი ხუთსართულიანი სასტუმრო ააშენა ქობულეთში.

როგორც ჩანს, მათ თაღლითური სქემა შეიმუშავეს და ერთ მშვენიერ დღეს ეს ბიბლიოთეკა „საქართველოს ბანკში“ აღმოჩნდა ჩადებული და ერთპიროვნულად გაფორმებული პატარა ძმის სახელზე. მივმართე ადვოკატს და დავაყადაღეთ ბიბლიოთეკა, ამის შემდეგ დავიწყე წიგნების აღწერა და, სამწუხაროდ, ბევრი აღმოჩნდა დაკარგული (გვაქვს ადრე გადაღებული ვიდეოები, სადაც ჩანს დაკარგული წიგნების საცავში არსებობა).

პროკურატურას მივმართე და მოხდა საკვირველება - 2 აგვისტოს შევიტანე განცხადება და ამის შემდეგ, 28 აგვისტოს მოქმედი პროკურორები ჩვენს ბიბლიოთეკაში სხედან და მარიამობას აღნიშნავენ, ქეიფობენ, თან ფოტოებს სოცქსელში ათავსებენ. მამა ამის უფლებას ვის მისცემდა?.. ახლა მითხარით, სამართალს სად ვნახავ? სააღსრულებლო ბიუროს ვთხოვე დახმარება, მის ხელმძღვანელს, კახიაშვილს გავესაუბრე, 10 თანამშრომელი გამომაყოლა და მივედით ბიბლიოთეკაში. პირველივე დღეს, ძმამ პოლიცია დამაყენა თავზე, რაღაც განრიდება შეთითხნა და ბიბლიოთეკიდან გამიყვანეს. ბიბლიოთეკაში დარჩა ჩემი და, შვილი და მეუღლე. ჩემმა ძმამ ბიუროს ხელმძღვანელს მათთან ერთად უთხრა, 5000 უნიკალური წიგნი გადამალული მაქვს ბიბლიოთეკიდან და სანამ თქვენ აღწერას დაამთავრებთ, მათ უკან მოვიტანო. ვიცი, ძალიან ბევრი წიგნია გადამალული და ელოდება სიტუაციის ჩაწყნარებას, რომ საზღვარს გარეთ გავიდეს. ეს დანაშაულია, უნიკალური წიგნების გატანა საზღვარზე კონტრაბანდის გზით, არანაირად არ შეიძლება, ეს არც კერძო პირს შეუძლია, თუ გინდა, მემკვიდრე იყავი, ის შენ არ გეკუთვნის, ის ბიბლიოთეკაში უნდა იყოს. ყველამ ვიცით, რომ ეს კანონითაა აკრძალული. სამი წლის განმავლობაში ბევრ ცნობილ ადამიანს შევხვდი, პროკურატურას ვთხოვე, ეს საქმე კონტროლზე აეყვანა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ამასობაში ამ საქმემ 4 პროკურორი გამოიცვალა. ჩემს ძმას ბრალი აქვს წაყენებული თაღლითობის მუხლით, არც სასამართლო პროცესს მასწრებენ, საქმე იწელება და ამასობაში ბევრი სიყალბეა ჩადენილი. ჩემი ძმა თავდებშია გამოშვებული და აძლევენ იმის საშუალებას, მეზობლებში ირბინოს და საქმე ჩააწყოს. ვფიქრობ, ამ თანამდებობის პირებისთვის ვიწრო მერკანტილური სურვილების დაკმაყოფილება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ საგანძურის შენარჩუნება. დღემდე არავინ დაინტერესებულა იმით, რა წიგნებია გაყიდული და რა - გასაყიდად გამზადებული, ვფიქრობ, ისინი ამ თაღლითებთან ერთად ითბობენ ხელს, ამაში დარწმუნებული ვარ.

თეა წულუკიანს მივწერე წერილი, ყველაფერი ავუხსენი და ვთხოვე, ბიბლიოთეკისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭებით დაგვეცვა და გადაგვერჩინა ბიბლიოთეკა-წიგნსაცავი, რომელიც თაღლითური გზით ერთპიროვნულად მიითვისა და გაიფორმა ჩემმა ძმამ - გიორგი ხარაზმა და ეს ფართობი, როგორც სხვენი, ისე ჩადო ბანკში დიდი თანხის სანაცვლოდ. სამწუხაროდ, ის მარტო არ არის და მას მეორე ძმაც ეხმარება. ძმას პროკურატურამ წაუყენა ბრალი, მაგრამ არა ბიბლიოთეკასთან და წიგნებთან, არამედ ფართთან დაკავშირებით. ამასობაში, ბიბლიოთეკიდან ბევრი წიგნი გაქრა. მართალია, მივაღწიეთ იმას, რომ ბიბლიოთეკა-წიგნსაცავი დაყადაღებულიყო, მაგრამ აჭარის პროკურატურის გაუგებარი პოზიციის გამო, შედეგი არა და არ დადგა. არაფერი კეთდება იმისთვის, რომ გაირკვეს გამქრალი წიგნების ბედი.

ჩემთვის არაფერს ვითხოვ, ჩემი და ჩემი დის სურვილია, რომ ბიბლიოთეკას მიენიჭოს შესაბამისი იურიდიული სტატუსი და ჩემი მშობლების დანატოვარი ერის სულიერი საგანძური ქვეყანას მოხმარდეს. მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ხელისუფლება და პროკურატურა ბიბლიოთეკის ბედით დაინტერესდება, საქმის გამოძიება ობიექტურად დასრულდება და მამია ხარაზის დანატოვარი კუთხისა და ხალხის სარგებლობაში დარჩება. მეტი რა ვთქვა, მე მართლა არაფერი მინდა ჩემთვის. მე ვერ შევდივარ მამის ბიბლიოთეკაში და იქ პროკურორები ქეიფობენ?!

ვერ წარმოიდგენთ, იქ რა შრომაა ჩადებული. ესაა სამართალი? დღეს იქ არანაირი საღამო აღარ ტარდება, სხედან და ქეიფობენ. ირაკლი კობახიძის მშობლებიც არიან ნამყოფი ბიბლიოთეკაში, გიორგი კობახიძეს პუშკინი აქვს ნათარგმნი და დედას აჩუქა, ისიც ჩვენს ბიბლიოთეკაში ინახება. დედას პუშკინი ძალიან უყვარდა, პოეტის სიცოცხლეში გამოშვებული 12 წიგნი გვქონდა და დღეს არც ერთი აღარაა ადგილზე. დარწმუნებული ვარ, როცა საქმეს ჩაფარცხავენ, მათ საკმაოდ სოლიდურ ფასად გაიტანენ საზღვრებს გარეთ. ირაკლი კობახიძესაც მივწერე, ჩავაბარე განცხადება, „ოცნებიდან“ ჯერ არაფერი ისმის. ერთმა პროკურორმა, რომელიც ჩემი ძმის მეგობარია, პირადად მითხრა, გიორგის ყოველთვის დავეხმარებიო. ეს რომ მამის სახელს და ამხელა საგანძურს არ ეხებოდეს, ნამდვილად არ მაინტერესებს არაფერი. ვერ წარმოიდგენთ, რა სიმწრითაა ყველაფერი ნაკოწიწები და უნდა განიავდეს? ეროვნული სულიერი საგანძური რომ არ გაქრეს, მე უნდა ვიბრძოდე ამისთვის, თუ ხელისუფლება? მამა 59 წლის იყო, როცა გული გაუსკდა პროკურატურაში, ამ წიგნებსა და ბიბლიოთეკას შეეწირა და ასეთი კაცის დანატოვარ ბიბლიოთეკას შვილები ასე რომ მოექცევიან, რა უნდა ვთქვა? ვერ წარმომედგინა, რომელიმე შვილი ამას რომ გაბედავდა... პროკურატურა თუ მოინდომებს, 5 წუთში იპოვის ამ წიგნებს და ყველაფერს თავის ადგილას დადებს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რაღაც შეთანხმება, თუ გარიგებაა მათ შორის. დამეხმარეთ, გთხოვთ!“

AMBEBI.GE კულტურის, სპორტისა ახალგაზრდობის სამინისტროს დაუკავშირდა, რომელმაც მამია ხარაზის ბიბლიოთეკა-წიგნსაცავის იურიდიული სტატუსის მინიჭების შესახებ მემკვიდრის მოთხოვნის საპასუხოდ გვითხრა, რომ „კულტურის სამინისტრომ იცის ამ პრობლემის შესახებ. ჩვენთვის ცნობილია, რომ მემკვიდრეებს შორის დავა მიმდინარეობს, რაც ართულებს მამია ხარაზის ბიბლიოთეკის აყვანას სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ“.