საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ექიმი, გიორგი ჭინჭარაული გართულებული ეპიდვითარების გამო, გულშემატკივარს სთხოვს, აეროპორტში ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის დახვედრისგან თავი შეიკავონ.
ექიმის თქმით, ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძეც მის პოზიციას იზიარებს. ამასთან დაკავშირებით, ჭინჭარაული ფეისბუქ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„მოგეხსენებათ დავასრულეთ ძალოსნებმა ოლიმპიადა და ვბრუნდებით დღეს საქართველოსკენ. ვხედავთ, ვგრძნობთ, ყველა თქვენთაგანის გვერდში დგომას და ქომაგობას. მივიღე უამრავიი მოლოცვა, რაზეც ლაშაც და მეც გიხდით უდიდეს მადლობას.
ახლა მთავარი! ბევრი მეკითხება ჩამოსვლის დროს. ბევრმა გამოთქვა დახვედრის სურვილი. გპასუხობთ: ქვეყანაში გამძაფრებული ეპიდსიტუაციის გამო, ჩემს მეგობრებს და ნათესავებს მოგმართავთ თხოვნით, დარჩით სახლში და ნუ მოხვალთ აეროპორტში! ვიცი რომ გიხარიათ, ვიცი რომ გინდათ ლაშასთან ფოტოები, გინდათ პირადად მიულოცოთ, მაგრამ ჩემი და თქვენ წარმოიდგინეთ, ლაშას აზრიც ასეთია, სხვა დროს, სხვა შეჯიბრის შემდეგ...
დღეს არ გვეწყინება! პირიქით! მოხარულები ვიქნებით თუ გაუფრთხილდებით ერთმანეთის ჯანმრთელობას! მადლობა გულშემატკივრობისათვის“, - წერს გიორგი ჭინჭარაული.
შეგახსენებთ, ლაშა ტალახაძემ ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო ოლიმპიური 3 რეკორდი ერთდროულად დაამყარა. ამასთან, ძალოსანთა ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა, ანტონ პლესნოიმ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.