"ჩემი პირადი რეკომენდაცია არის, რომ აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის იყოს - როცა რაიმე გადაწყდება მოგახსენებთ", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
იმნაძის განმარტებით, აღნიშნული საკითხი დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს.
"თბილისსა და ბათუმში ინფიცირების თითქმის 100% „დელტა შტამია“, მთლიანად საქართველოში კი 80%-მდე. გარდა ამისა, დადასტურებული გვაქვს „დელტა +“-ის 10-მდე შემთხვევა.
აცრა, სასწრაფოდ აცრა ყველას! ჩემი პირადი რეკომენდაცია არის, რომ აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის იყოს. როცა რაიმე გადაწყდება მოგახსენებთ. ვის რა არ უნდა, ჩანს IRI-ს გამოკითხვაში. გამოკითხვაში ნათქვამია, ვის რა მოთხოვნა აქვს იგივე აცრებზე. ჩვენ დრო არ გვაქვს მოყოლებული ძალიან დიდი ხანია. ჩემი კოლეგები ახლა მუშაობენ ზღვრის ზღვარზე ყველგან და ადამიანებს, რომლებიც აი, ასე მუშაობენ - დავუფასოთ, გავიკეთოთ პირბადე და ავიცრათ, რომ ჩემი კოლეგები ნაკლებად იყვნენ სტრესის ქვეშ“, - განაცხადა იმნაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, ავადმყოფების რაოდენობიდან გამომდინარე პრობლემები ყველგან არის, თუმცა ბავშვთა კლინიკები გადავსებული არ არის.
„ყველგან არის პრობლემები ავადმყოფების რაოდენობიდან გამომდინარე, ბავშვთა არსად არ არის გადავსებული, დიდების კი ბატონო, გადავსებულია“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.