ავტორი:

"ეს არის აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს მნიშვნელოვანი როლის აღიარება" - ჯო ბაიდენის განცხადება და დავით ზალკალიანის გამოხმაურება

"ეს არის აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს მნიშვნელოვანი როლის აღიარება" - ჯო ბაიდენის განცხადება და დავით ზალკალიანის გამოხმაურება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მხარდაჭერით აზერბაიჯანიდან სომეხი სამხედრო ტყვეების გათავისუფლების და სამშობლოში დაბრუნების მიმართულებით წინსვლა მნიშვნელოვანი საფუძველი გახდება შემდგომი რეგიონული თანამშრომლობისთვის.

სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია ჯო ბაიდენის მისალოც წერილში, რომელიც მან სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებასა და ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით გაუგზავნა.

„შეერთებული შტატები მოხარულია სომეხის სამხედრო პატიმრების აზერბაიჯანიდან გათავისუფლების ძალისხმევას დაეხმაროს და ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ ყველა სამხედრო ტყვის უსაფრთხო დაბრუნებისკენ. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს მხარდაჭერით ამ მიმართულებით ჩვენი პროგრესი მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება შემდგომი რეგიონული თანამშრომლობისთვის, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ ინიცირებულ დისკუსიებთან ერთად“, - აღნიშნულია ბაიდენის წერილში.

აქვე საუბარია, რომ ის აცნობიერებს უსაფრთხოების იმ რთულ გამოწვევებს, რომლებიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად წარმოიქმნა.

„შეერთებული შტატები მზად არის მხარეებს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ეგიდით ყოვლისმომცველი, მშვიდობიანი გზით პრობლემის გადაწყვეტისთვის მოლაპარაკებებში დაეხმაროს. ჩვენ მოვუწოდებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს, რაც შეიძლება მალე ჩაერთონ არსებით მოლაპარაკებებში“, - აღნიშნულია ბაიდენის მიმართვაში.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ეხმაურება. მან მთავრობის სახელით გამოხატა მზაობა, საქართველომ მომავალშიც შეიტანოს საკუთარი წვლილი რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისთვის.

"ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მხრიდან საქართველოს მნიშვნელოვანი როლის და ფუნქციის აღიარება, ასევე იმ უაღრესად მნიშვნელოვანი საშუამავლო პროცესის აღიარება, რომელიც განხორციელდა უშუალოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩართულობით, რა თქმა უნდაეს არის ასევე საქართველოს რეგიონალური როლის აღიარებაც და ჩვენ მომავალშიც მზად ვართ, რომ ეს ფუნქცია ავიღოთ საკუთარ თავზე და საქართველო, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, მთავარი მოკავშირე, რეგიონში იყოს ლიდერი სახელწმიფო და მშვიდობის ფასილიტატორი სახელწმიფო, რათა განხორციელდეს მნიშვნელოვანი რეგიონალური პროექტები.

ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორისთვის კარგად არის ცნობილი საქართველოს მთავარობის პოზიცია, რომ თბილის გახდეს პლატფორმა ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან დიალოგის შემდგომი განხორციელების თვალსაზრისით იმისთვის, რომ ის სტრატეგიული მნიშვნელობის გეოპოლიტიკური პროექტები შემდგომში განხორციელდეს, რაშიც არის დაინტერესებული როგორც აშშ, ისე საქართველო და ჩვენი მეზობელი სომხეთი და აზერბაიჯანი. სხვა ალტერნატივა, გარდა გრძელვადიანი მშვიდობისა, რეგიონში არ არსებობს და ამაში ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორის უნდა ჰქონდეს საქართველოს მთავრობის, უშუალოდ პრემიერ-მინისტრის , საგარეო საქმეთა სამინისტროს იმედი , რომ ჩვენც მომავალში ამ მნიშვნელოვან ფუნქციას განვახორციელებთ", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.