ავტორი:

ქობულეთში, არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ბაბუას პატიმრობა მიესაჯა

ქობულეთში, არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ბაბუას პატიმრობა მიესაჯა

ქობულეთში 14 წლის ბავშვზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დაკავებულ ბაბუას ბათუმის საქალაქო სასამართლომ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა მიიღო.

დაკავებულს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა. სასამართლომ კი გარდაცვლილი გოგონას ბაბუა 126 -ე მუხლის მიხედვით დამნაშავედ ცნო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ბრალდების მხარე აცხადებდა, რომ ბაბუა არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ ძალადობასა და მუქარას ახორციელებდა.

ცნობისთვის, 2006 წელს დაბადებულმა მოზარდმა მიმდინარე წლის თებერვალში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ამ თემასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი პირი დააკავა. თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ, 1997 წელს დაბადებულ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული, ამ საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ დრომდე მიმდინარეობს.