ავტორი:

ტოპ 5 სამოტივაციო წიგნი, რომლებიც აუცილებლად უნდა წაიკითხო

ტოპ 5 სამოტივაციო წიგნი, რომლებიც აუცილებლად უნდა წაიკითხო

მოტივაცია მამოძრავებელი ძალაა, რომელიც ხელს გვიწყობს რაიმეს მიღწევაში. მოტივაციის გარეშე პროგრესი წარმოუდგენელია. წარმატების მიღწევისთვის, პირველ რიგში, საჭიროა სამოქმედო ძალა - მოტივაცია. ადამიანს ხშირად აქვს ცხოვრებაში ისეთი მომენტი, როცა მიზანი დასახულია, მიზნის მისაღწევი გზა ცნობილია, მაგრამ ამ მიზნამდე მისასვლელად რატომღაც არაფერს აკეთებს. ასეთი უმოქმედობისკენ მოტივაციის არქონას მივყავართ.

გთავაზობთ ტოპ 5 წიგნს „ლურჯი ოკეანის“ სერიიდან, რომლებიც დაგეხმარებათ როგორც მოტივაციის ამაღლებაში, ისე თვითგანვითარებაში, რაც აუცილებლად გაგიკვალავთ გზას წარმატებისკენ.

1. ჯორდან პეტერსონი - ცხოვრების 12 წესი

ადამიანებს სჭირდებათ წესრიგის პრინციპები, თორემ ქაოსი იბადება. ჩვენ გვესაჭიროება წესები, სტანდარტები, ფასეულობები - ცალ-ცალკე და ერთად. გვესაჭიროება რუტინა და ტრადიციები. ეს წესრიგია. წესრიგმა შეიძლება გადაგვტვირთოს, რაც არ არის კარგი, მაგრამ ქაოსმა შეიძლება გვშთანთქას, რაც ასევე არ არის კარგი. ჩვენ უნდა ვიდგეთ სწორ და ვიწრო გზაზე. ამ წიგნში მოცემული თორმეტივე წესი და ესსე კი გვკარნახობს, როგორ მოვხვდეთ იქ. „იქ“ არის ქაოსისა და წესრიგის ზღვარი. ეს არის ის ხაზი, სადაც საკმარისად სტაბილურები ვართ, საკმარისად ვფართოვდებით, საკმარისად ვტრანსფორმირდებით და ა. შ. სწორედ ამ ხაზზე ვპოულობთ იმ საზრისს, რომელიც ჩვენს სიცოცხლესა და გარდაუვალ ტანჯვას ამართლებს. ამ წიგნში, კლინიკური გამოცდილებიდან გამომდინარე და პირად ცხოვრებისეულ მაგალითებზე დაყრდნობით, ასევე კაცობრიობის უძველესი მითითებიდან და ლეგენდებიდან გამოტანილი დასკვნების საფუძველზე, პეტერსონი ცხოვრებისთვის აუცილებელ თორმეტ სიღრმისეულ და პრაქტიკულ პრინციპს გვთავაზობს. „ცხოვრების 12 წესი“ ჩვენს ცხოვრებაში გაბატონებული ქაოსის წინააღმდეგ საბრძოლველად გვაიარაღებს და ამ ქაოსის ერთგვარი ანტიდოტია.

2. მიშელ ობამა - როგორ გავხდი ის, ვინც ვარ

ამერიკის პირველი ლედის ავტობიოგრაფიული წიგნი ძლიერი და იმავდროულად ძალიან გულწრფელი მემუარებია. მიშელ ობამა ფართო საზოგადოებას უყვება ყველაფერს, ჩიკაგოს სამხრეთში გატარებული ბავშვობიდან თეთრ სახლში გატარებულ ოჯახურ ცხოვრებამდე. წიგნი სავსეა ცხოვრებისეული მაგალითებით, რომლებსაც, წესით, მიშელ ობამა უკან უნდა დაეხია, მაგრამ პირიქით, მან ეს დაბრკოლებები აქცია მოტივაციად და იქცა უფრო ძლიერ, მიზანმიმართულ ადამიანად, რომელმაც შეძლო და მსოფლიოს გააცნო საკუთარი თავი. როდესაც სკოლას ამთავრებდა და უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ემზადებოდა, მიშელს საკუთარმა მენტორმა უთხრა, პრინსტონში ვერ ჩააბარებო. მსგავს შემთხვევაში თინეიჯერების უდიდესი ნაწილი იმედს დაკარგავდა და არჩევანს შეიცვლიდა, მიშელი კი სულ სხვანაირად მოიქცა - მან ტაქტიკა შეცვალა. „არ ვაპირებდი ერთი ადამიანის აზრს დაენგრია და წაეშალა ყველაფერი, რაც მე ვიცოდი საკუთარ თავზე“, - იხსენებს მიშელი. და ასეც მოხდა. მან მისაღებ გამოცდაზე ისეთი დონის ესსე დაწერა, რომ უნივერსიტეტში მიიღეს. ეს და წიგნში წარმოდგენილი სხვა მაგალითები დაგეხმარებათ აქციოთ თქვენი დემოტივაციის მიზეზები უშრეტი მოტივაციის წყაროდ.

3. გარი კელერი, ჯეი პაპასანი - მხოლოდ ერთი რამ

მე დომინოს პირველი ქვა ვარ! წარმატება ჩემში იწყება! – ალბათ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საკვანძო გზავნილი, რომელიც წიგნის წაკითხვის შემდეგ ჩვენს გონებაში ტრიალებს. როგორ აღმოვაჩინოთ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი რამ? როგორ ვთქვათ უარი, როდესაც თანხმობა ჩვენს საქმეს აზიანებს? როგორ შეგვიძლია წარმატებას საქმის შემცირებით და არა ბევრის კეთებით მივაღწიოთ? როგორ დავძლიოთ წინაღობა? – კითხვები, რომლებზე პასუხებიც ყველა ჩვენგანს აინტერესებს. მხოლოდ ერთი რამ გვევლინება ერთგვარ შუქურად, რომელიც გზას გაგვინათებს და სწორ პასუხებამდე მიგვიყვანს. წიგნის წაკითხვის შემდეგ ვრწმუნდებით, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს კონცენტრაციას, ფოკუსირებასა და დაუღალავ შრომას ადამიანის პროფესიონალად ჩამოყალიბების საქმეში. ამ მიმართულებით გამოვყოფდით 10 000 საათის წესს, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ფოკუსირებული მუშაობის გავლენას ჩვენს წარმატებაზე.

4. რამაზ გიგაური - წარმატების 365 გასაღები

რა არის წარმატების საიდუმლო? ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, თუმცა კაცობრიობა ათასწლეულებია იმ ცოდნასა და გამოცდილებას აგროვებს, რაც პიროვნების განვითარებასა და მის წარმატებას განაპირობებს. სწორედ კაცობრიობის ეს მონაპოვარი გელოდებათ ამ წიგნში, რომელიც ავტორმა, რამაზ გიგაურმა, შეაგროვა და წარმატებისადმი ჩვენს ინტერესსა და სწრაფვას 365 გასაღებად „მოარგო“. ამ მეთოდებისა და იდეების ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებისას თქვენ უფრო ძლიერი, მიზანსწრაფული, თავდაჯერებული, ორგანიზებული, ბედნიერი და, რაც მთავარია, წარმატებული გახდებით. თქვენს გონებაში უფრო ხშირად გაჩნდება პოზიტიური აზრები, ხოლო შინაგანი ორიენტირი პოზიტიურისკენ გადაიხრება, დარწმუნდებით საკუთარ მიზნებში და მათი შესრულების უნარს განივითარებთ. თქვენ იოლად შეძლებთ წარმატებული ურთიერთობები დაამყაროთ ადამიანებთან. წარმატებას მიაღწევთ სამსახურში, კარიერაში, პირად ცხოვრებასა და ფინანსებში, და მთლიანობაში თავს შესანიშნავად იგრძნობთ. ყოველ თავში მოცემული სავარჯიშოების შესრულების შემთხვევაში, გაიგებთ, როგორ უნდა გამოათავისუფლოთ თქვენს შინაგან სამყაროში აქამდე დაფარული უდიდესი პოტენციალი.

5. დანიელ პინკი - DRIVE

ორგანიზაციული ქცევის ან მენეჯმენტის კონსულტანტები ხშირად საუბრობენ და წერენ, თუ როგორი რთულია ადამიანის მოტივირება და მოტივაციის შენარჩუნება. ბიზნესგარემოში საუბრობენ იმაზეც, რომ ადამიანი უნდა იყოს მოტივირებული, იფიქროს განვითარებაზე და მიაღწიოს გამორჩეულ შედეგებს, მაგრამ ეს მარტივი პროცესი არ არის. დენიელ პინკის წიგნი DRIVE საინტერესო მოსაზრებებს უზიარებს მკითხველს, თუ რატომ არის რთული ადამიანის მოტივირება ბიუროკრატიულ თუ ავტოკრატიულ, ტრანზაქციულ და მერიტოკრატიულ ორგანიზაციებში. კვლევებსა და საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ავტორი მკითხველს სთავაზობს დამაჯერებელ მოსაზრებებს, რომ „სტაფილო და ჯოხით“ (ჯილდო და სასჯელი) მოტივირება გასულ საუკუნეს უნდა გავატანოთ და ახალ ეპოქაში მოტივაცია უნდა მოვიაზროთ როგორც მეტი თავისუფლება ქმედებებსა და საქმიანობაში, დახელოვნების შესაძლებლობა და სამუშაოს მნიშვნელოვნება ინდივიდისა და ინდივიდთა ჯგუფისთვის. დენიელ ჰ. პინკი ყველა პარადიგმას არღვევს. წარსულს ჩაბარდა „დასჯა-წახალისების“ მეთოდი. დღეს აქტუალურია მოტივაციის სამი ელემენტი: 1. ავტონომია - სურვილი, მართო საკუთარი ცხოვრება; 2. დაოსტატება - უნარი, გახდე უკეთესი შენს საქმიანობაში; 3. მიზანი - სწრაფვა, იყო რაღაც უფრო მნიშვნელოვანის შემადგენელი ნაწილი.