ავტორი:

"ვიღაცამ სხვების სახელით, ბოროტად ისარგებლა... სავარაუდოდ ერთ-ორი ადამიანის დაწერილია" - ვინ გაუგზავნა მწერლების სახელით წერილი თეა წულუკიანს?

"ვიღაცამ სხვების სახელით, ბოროტად ისარგებლა... სავარაუდოდ ერთ-ორი ადამიანის დაწერილია" - ვინ გაუგზავნა მწერლების სახელით წერილი თეა წულუკიანს?

კულტურის მინისტრის თეა წულუკიანისთვის მწერალთა აკდემიის წევრების მიერ გაგზავნილი წერილის ხელმომწერების ჩამონათვალში მითითებული პირების ნაწილი, აღნიშნული წერილის შინაარს სიძულვილის ენად მიიჩნევს და მას კატეგორიულად ემიჯნება. ტარიელ ხარხელაურმა და ელდინო საღარაძემ ამის შესახებ პოსტები ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნეს.

"მირეკავენ შეშფოთებული მეგობრები, აინტერესებთ რამ მიმაღებინა მონაწილეობა ჩემთვის ამ სრულიად შეუფერებელ საქმეში, რასაც ქ. თეა წულუკიანის მიმართ მწერალთა აკადემიის მიმართვა ჰქვია. მე კი მხოლოდ მათგან გავიგე ამ მიმართვის შესახებ... გაოგნებული ვარ... სრულად ვემიჯნები წერილის პათოსს და ვთხოვ ბატონ კობა არაბულის, ჩემი ეს პოსტი მწერალთა აკადემიიდან გასვლის განაცხადად ჩათვალოს, სადაც მხოლოდ იმ მოტივით შევედი, რომ ქართული საქმე მეკეთებინა. ასე არ კეთდება ქართული საქმე!" - წერს ელდინო საღარაძე "ფეისბუქზე".

ელდინო საღარაძის თქმით, პოსტის შინაარსს იზიარებს წულუკიანის მიმართვაში ერთ-ერთ ხელმომწერად მოხსენიებული ლერი ალიმონაკიც.

ტარიელ ხარხელაური საკუთარ პოსტში საყვედურს უცხადებს კოლეგა მწერლებს, მათ ვინც, წერილში მისი სახელი მასთან შეუთახმებლად მოიხსენია.

"განა ვინმე დაიჯერებს, რომ ტარიელ ხარხელაური, რომელმაც შვილის მკვლელის შეძულებაც ვერ შეძლო, ასეთ წერილზე ხელს მოაწერდა?! არა, ბატონებო!- ცდებით... ასე არ მიცხოვრია, ეს არაა ჩემი ცხოვრების წესი. ჩემთვის ზიზღისა და სიძულვილის ენა მიუღებელი იყო წარსულში, მიუღებელია ახლა, მიუღებელი იქნება მომავალში, რადგან მიმაჩნდა და მიმაჩნია,რომ მწერლის მოვალეობაა იყოს შუამავალი უფალსა და საზოგადოებას შორის, და ამ სიყვარულით ნაკლულ წუთისოფელში, ერთმანეთთან თანაცხოვრების აუცილებლობაზე სიყვარულის ენით ისაუბროს. ამ წერილში კი, ჩემდა გასკვირად, ამას ვერ ვხედავ, ღვარძლიანი ენა, როგორადაც არ უნდა სამართლიანად მოგვეჩვენოს, ვერ იქნება და არც გამოდგება საზოგადოების შემკვრელად და გამაერთიანებლად...აი, კიდევ ერთი და ძირითადი მიზეზი, თუ რატომ არ მოაწერდა ტარიელ ხარხელაური ხელს ამ წერილს… 2013 წელს, 26 მაისს, სწორედ ერთმანეთის გაუცხოებამ, ერთმანეთის მიუღებლობამ გამაკეთებინა განცხადება მწერალთა კავშირის დატოვების შესახებ" - წერს ტარიელ ხარხელაური.

მწერალი გვანცა ჯობავა "ფეისბუქზე" ვანო ჩხიკვაძის სახელით წერს, რომ არც მისთვის შეუთანხმებიათ წერილის შინაარსი.

მწერალთა სახლის დირექტორის მოადგილე ლელა შუბითიძე მიიჩნევს, რომ საჭიროა დაგინდეს, ვინ ისარგებლა ბოროტად მწერლების სახელით.

"სავარაუდოდ ერთ-ორი ადამიანის დაწერილია მწერალთა აკადემიიდან. რა კომენატრი უნდა გააკეთო სიძულვილის ამ ენაზე. ეს ყოველგვარ შეფასებას სცდება. სიძულვილს პროფესია არ აქვს. საკუთარი თავის ლუსტრაცია მოახდინეს, მეტი არაფერი. რეალურად ვინ დაწერა ეს წერილი და ვინ ისარგებლა ბოროტად სხვების სახელით, ეს უნდა გაირკვეს, მაგრამ მწერალთა სახლის კომპეტენცია არ არის“ - უთხრა Ambebi.ge -ს ლელა შუბითიძემ.

თეა წულუკიანისადმი გაგზავნილი წერილის ხელმომწერების ჩამონათვალში მითითებულია მწერალი კობა არაბული. სოციალურ ქსელში მწერალთა კავშირის რადენიმე წევრმა გამოთქვა ვარაუდი, რომ წერილის შინაარსი სწორედ მას ეკუთვნოდეს.

საკუთარი ვარაუდის გასამყარებლად მათ მოჰყავთ "საერთო გაზეთში" წლების წინ, კობა არაბულის სახელით გამოქვეყნებული წერილი, "დაბრუნება, როგორც მეორედ მოსვლა" რომელშიც მწერალი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ წერდა:

გთავაზობთ მონაკვეთს აღნიშნული წერილიდან:

"ივანიშვილის მოსვლის მეორე ეტაპი უნდა იქცეს აღდგინების და განახლების პროცესად, გაჩენილი `ხვრელების და წაშლილი ზონების განახლების ხელოვნებად.

ურთულესი დრო დგას კულტურისთვის, მორალისთვის, ეკონომიკისთვის, ერის დემოგრაფიული გადარჩენისთვის…

ივანიშვილს დახვდა „ქართული ოცნების“ერთგვარი ჩონჩხი, რომელიც თავიდან ასაწყობია. ეს სავალალო რეალობაა!..

ბიძინა ივანიშვილმა შეაჩერა სააკაშვილი და ახალი პროცესი დაიწყო – ეს იყო პირველი ურთულესი ფაზა – რაღაცის დასრულება და სხვა ეტაპზე გადასვლა…

მაგრამ ბიძინა ივანიშვილი წავიდა და პროცესი შეჩერდა…

იგი თავისით არ გაგრძელდა…

და აი, იგი კვლავ შემობრუნდა და დადგა იმ ადგილზე, საიდანაც წავიდა!

და ეს ასეც უნდა მომხდარიყო…

უნდა ითქვას, რომ ივანიშვილის `არყოფნამ~ ბევრი რამ გააუფერულა ქართულ პოლიტიკაში.

არ იქნება რეფორმა საკმარისი მხოლოდ პარტიაში და ხელისუფლებაში, მთელ ქვეყანაში, მის ყველა რგოლსა და სფეროში უნდა დაიწყოს რეფორმის ახალი ფაზა, `საგანთა და მოვლენათა მკვეთრი გადაადგილება. ერის ეთნო-კულტურული, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური სივრცის განახლება…

უნდა დაიგეგმოს „ზნეობრივი რევოლუცია“ რომელიც ერს შეაბრუნებს ისტორიული ცნობიერების წიაღში, ამას ელოდება ჯანსაღი საზოგადოება და ინტელიგენცია, რომელსაც ჯერ კიდევ შეუძლია ივანიშვილის გვერდზე დგომა…

დაბოლოს, წერტილი უნდა დაესვას ლიბერასტების ლეყეტობას: ბიძინა ივანიშვილი იმიტომ დაბრუნდა, რომ კრებსითი სააკაშვილები ვეღარასოდეს დაბრუნდნენ ერზე შურისძიებისთვის.“ - წერდა კობა არაბული.

იხილეთ კობა არაბულის წერილი სრულად ..

"მწერალთა აკადემიის" წევრების სახელით, "მწერალთა სახლის" მოქმედი ხელმძღვანელებსა და მწერლების შეურაცხმყოფელი შინაარსის მიმართვა, გუშინ 5 აგვისტოს გავრცელდა.