ავტორი:

"მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, თეა წულუკიანის ბრძანებით, მილიონამდე ლარი უნდა დაიხარჯოს კონცერტებზე და კონკურსებზე" - ხოშტარია

"მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, თეა წულუკიანის ბრძანებით, მილიონამდე ლარი უნდა დაიხარჯოს კონცერტებზე და კონკურსებზე" - ხოშტარია

მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის 21 ივლისის ბრძანების მიხედვით, მილიონამდე ლარი უნდა დაიხარჯოს კონცერტებზე და კონკურსებზე კულტურის სფეროში, - ამის შესახებ "თბილისის" საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, "დროას" დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, რამდენიმე ღონისძიება უკვე ჩატარდა, რეკომენდაციებისა და წესების არდაცვით.

იგი ეპიდემიოლოგებს მოუწოდებს, ხელისუფლებას მიმართონ, აიკრძალოს მსგავსი ხალხმრავალი შეკრებები და მეტი აქცენტი საზოგადოების ინფორმირებულობაზე გაკეთდეს, რადგან მისი თქმით, მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს ინფორმაცია აცრასა და იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დარეგისტრირდეს.

"მინდა ყურადღება გავამახვილო მძიმე ეპიდემიოლოგი სიტუაციის მართვის პრობლემებზე, კერძოდ, იმ ვითარებაში, როდესაც სამწუხაროდ, საქართველომ მსოფლიოშიც კი, გამორჩეული არის უმძიმესი ვითარებით, კოვიდის თვალსაზრისით, დაგვიანებული ვაქცინაციის გამო, ჩვენ სამწუხაროდ, დღეში ათობით ადამიანს ვკარგავთ და გვაქვს ათასობით შემთხვევა, ვისმენთ მიმართვებს ჯანდაცვის მინისტრისგან, ეპიდემიოლოგებისგან, რომ თავი უნდა შევიკავოთ თავშეყრისგან, სხვადასხვა ღონისძიებებისგან, რაც ბუნებრივია. მძიმე ვითარება არის საავადმყოფოებში და დიდი ტვირთი აწევთ ჩვენს ექიმებს. ამ ყველაფრის პარალელურად, მეორე ხელით სახელმწიფო პრაქტიკულად, ხელს უწყობს ეპიდემიის გავრცელებას, კერძოდ, მინდა გაგაცნოთ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის 21 ივლისის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, 700 ათასი ლარი, მილიონამდე ლარი უნდა დაიხარჯოს კონცერტებზე და კონკურსზე ხელოვნების სფეროში, სხვადასხვა რეგიონში.

უკვე ჩატარებულია ხალხმრავალი ღონისძიება, რა თქმა უნდა, ყველანაირი წესების დაცვის გარეშე ხაშურის მუნიციპალიტეტში, საჩხერეში, ბოლნისში, ჩხოროწყუში, ცაგერში, ლეჩხუმში და ასევე, ცალკე ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ერთჯერადად დახარჯა 19 ათასი ლარი კონცერტზე, სადაც იყო უამრავი ადამიანი.

მთლიანობაში, ამ 700 000 ლარის ფარგლებში, დაგეგმილია 18 ხალხმრავალი ღონისძიება”, - აღნიშნავს ხოშტარია.

მისივე თქმით, ერთის მხრივ ხელისუფლება არ ერიდება პარტიულ სპეკულაციებს და ხშირად აქციას აბრალებს ეპიდემიის გავრცელებას, პარალელურად კი ხალხს კრებს, რაც სავარაუდოდ წინასაარჩევნო მიზნებს ემსახურება.

„ მოუწოდებენ, ამუნათებენ ადამიანებს წესების არდაცვის გამო და ამის პარალელურად, პირდაპირ კრებენ ხალხს, სავარაუდოდ წინასაარჩევნო მიზნებით. რეალურად, სერიოზულ საფრთხეს უქმნიან ჩვენს მოქალაქეებს.

ამასთანავე, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პირობებში, მე და ნიკა მელია ძალიან ბევრ საათს ვატარებთ ქალაქში, აბსოლუტურად დაუგეგმავ შეხვედრებზე, არჩევნების პარალელურად, ადამიანებს ვესაუბრებით აცრის და ვაქცინაციის საკითხზე, - ვარწმუნებთ მათ, რომ ვაქცინაცია არის ყველაზე ეფექტური გზა, რომ დავიცვათ ჩვენი თავი და ახლობლები. საზოგადოებაში არის უკიდურესი ნაკლებობა ინფორმაციის, არა ზოგადად, ვაქცინაციის სიკეთეების შესახებ, არამედ რეგისტრაციის. ეს მთელი ფული ჩვენ რომ მივმართოთ, ამაზე ნაკლებიც კი, ვაქცინაციის პოპულარიზაციაზე ან მოხალისეების გაშვებაზე ჩვენს მოქალაქეებთან, რომ ავუხსნათ, დავარწმუნოთ, ამის სანაცვლოდ ვხედავთ, წინასაარჩევნო ამოცანებისთვის იხარჯება უამრავი ფული და კონკრეტული საფრთხე ექმნებათ ადამიანებს.

ამიტომ, მოვუწოდებ ხელისუფლებას და პირველ რიგში, ჩვენს ეპიდემიოლოგებს, რომლებიც უნდა გამოდიოდნენ ვიწრო პროფესიული ამოცანებიდან, რომ გასწიონ რეკომენდაცია, მოითხოვონ ხელისუფლებისგან, აიკრძალოს ეს ხალხმრავალი ღონისძიებები, არ იფლანგებოდეს ფული ამაზე და ამის ნაცვლად, ყველა ერთად ჩავერთოთ ადამიანებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.