„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშს ავრცელებს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიში 1 ივნისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
ანგარიშის თანახმად, ამ პერიოდის განმავლობაში აქტივობით ოპოზიციურ პარტიებს შორის გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ გამოირჩეოდა, რომელიც კამპანიას რეგიონებში ოფისების გახსნითა და ამომრჩეველთან შეხვედრით აწარმოებდა.
ისევე, როგორც ამ პერიოდის განმავლობაში სავარაუდო ზეწოლისა და ხელის შეშლის ფაქტები ძირითადად გიორგი გახარიას პარტიისა და მხარდამჭერების წინააღმდეგ ხდებოდა - გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრების მიმართ შეინიშნებოდა, როგორც სავარაუდო ზეწოლის, ასევე, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტები.
„ზეწოლის და პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლის შემთხვევები უმეტესად ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ შეინიშნებოდა და საჯარო შეხვედრებზე დაბრკოლებების და საოფისე ფართებთან დაკავშირებით პრობლემის შექმნაში გამოიხატა.“ - წერია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ანგარიშში. ანგარიშში განხილულია გახარიასადმი მხარდაჭერის გამო მოქალაქეების, მათ შორის საჯარო მოხელეებისა და მათი ახლობლების შევიწროების, ზეწოლის და სამსახურიდან გათავისუფლების კონკრეტული შემთხვევები და მცდელობები გორში, ფოთში, ბათუმში, წყალტუბოში და ა.შ.
გახარიამ პარტიის მხარდამჭერებს გუშინ ოზურგეთიდან მიმართა, რომ მათ მიმართ ზეწოლის განხორციელების შემთხვევაში აუცილებლად დაუკავშირდნენ პარტია „საქართველოსთვის“ გუნდს, რომლებსაც იურისტებისა და ადვოკატების სპეციალური ჯგუფი ჰყავს მხარდაჭერების დასაცავად შევიწროების მცდელობებისგან.
„სხვათა შორის, ხშირ შემთხვევაში აშინებენ და სამსახურიდან აგდებენ იგივე ხალხს, რომლებსაც ამას უკეთებდნენ 2012 წელს. თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ უკვე შევქმენით იურისტების და ადვოკატების სპეციალური ჯგუფი, რომლებიც ყოველ შემთხვევას განიხილავენ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სასამართლო სისტემა, ისეთი როგორიც გვაქვს - ადეკვატურად უპასუხებს ხელისუფლების მიერ ჩადენილ უმსგავსო მოქმედებებს, თუმცა თუ დაგვჭირდა, რა თქმა უნდა ჩვენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ყურადღებასაც მივიპყრობთ იმასთან დაკავშირებით, როგორ იყენებს ხელისუფლება სახელმწიფო ინსტიტუტებს, განსაკუთრებით რეგიონში, პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების დასადგენად.“ - განაცხადა გახარიამ.
გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ ამ დროისთვის უკვე 25-ზე მეტი ოფისი და ადგილობრივი წარმომადგენლობა გახსნა თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, ფოთში, ოზურგეთში, მარტვილში, ჩხოროწყუში და ა.შ.