ქართველ ოლიმპიელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.
„მადლობა ლაშა“- ამ შეძახილებით დახვდნენ ისინი ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონს.
ლაშა ტალახაძის თქმით, ბედნიერია, რომ მეორედ შეინარჩუნა ოლიმპიური ოქროს მედალი. მან გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
„პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ასეთი დახვედრისათვის. რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევინარჩუნე უკვე მეორედ ოლიმპიური ოქროს მედალი, რაც ძალიან სასიხარულო არის. მოგეხსენებათ ძალიან დიდი პერიოდი ვემზადებოდით ამის გამო და დაგვიფასდა თითოეულ ჩვენთაგანს. მადლობა კიდევ და კიდევ ჩვენს ბიჭებს, რომლებმაც შეძლეს და მოიპოვეს მედლები და ჩვენს გულშემატკივარს. ძალიან დიდი მადლობა, გაიხარეთ“, - განაცხადა ლაშა ტალახაძემ.
ძალოსანი ლაშა ტალახაძე +109 კგ. წონით კატეგორიაში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდა. 27 წლის ქართველისთვის ეს რიგით მეორე ოლიმპიური ოქროა.
ტალახაძემ 3 მსოფლიო რეკორდი დაამყარა - ატაცში მან 223 კილოგრამი ასწია, რაც ახალი მსოფლიო რეკორდია. აკვრაში ქართველმა სპორტსმენმა 265 კილოგრამი დაძლია და ამ კუთხითაც ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამასთან, მან ორჭიდში 488 კილოგრამი დააგროვა, რითაც თავისივე მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა.
მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ტალახაძემ საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს მე-2 ოქრო მოუტანა. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებისთვის ეს არის მე-7 მედალი (2 ოქრო, 4 ვერცხლი 1 ბრინჯაო).
შეგახსენებთ, ტალახაძე 5-გზის ევროპის ჩემპიონი, 4-გზის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული და უკვე 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონია.