ტიტულოვანი ქართველი კარატისტი გოგიტა არქანია დღეს ოლიმპიადაზე იასპარეზებს. ის პირველი ქართველია, ვინც ამ სახეობაში ოლიმპიადაზე საქართველოს წარადგენს.
37 წლის არქანია თავდაპირველად ჯგუფურ ეტაპზე ოთხ მეტოქეს დაუპირისპირდება. არქანია A ჯგუფში მოხვდა და პირველ შეხვედრას იაპონელი რიუტარო არაგასთან გამართავს, მეორე მეტოქე იქნება თურქი უღურ აკტაში, მესამე მეტოქედ გოგიტას გერმანელი ჯონათან ჰორნე ერგო, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ქართველის მეტოქე ყაზახი დანიარ იულდაშევი იქნება.
გოგიტა არქანიას მეუღლე თათია მელუა, რომელიც ასევე კარატისტია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მეუღლეს ამხნევებს:
"ოცნებები ხდება გოგი, იცი რატომ? იმიტომ რომ ახლა მანდ ხარ და მსოფლიოს 10 უძლიერეს შორის იბრძვი! გავიღვიძე და მესიჯი დამხვდა, წავედი მე საომრადო.... ომია კი და ომი იყო ყველა ის წუთი სანამ გავიგებდით რომ ოლიმპიური ლიცენზია შენია. ახლა კი ჩემთვის და ზუსტად ვიცი ბევრისთვის გამარჯვებული ხარ, რომელმაც უკვე წარმოუდგენელი რამ შეძლო. რაც არ უნდა მოხდეს, შენ ქართველების გულებში გამარჯვებული ხარ. ხოდა მჯერა რომ ბოლომდე იბრძოლებ....
მეომრები არ ნებდებიან და არც ჩვენ არ დავნებდებით.... ყველაფერი უკვე კარგად არის! გოგი დღეს ოლიმპიადაზე იბრძვის დანარჩენს კიდევ ერთად ვნახავთ დარჩა 1 საათი" - წერს მელუა. არქანიას გამოსვლა თბილისის დროით 11:45 საათზე დაიწყება.