ავტორი:

"ყველა იზიარებდა ტექსტს, მათ შორის ხარხელაური და საღარაძე... ახლა შეეშინდათ და უარყვეს" - რას ამბობს წულუკიანთან გაგზავნილი წერილის ერთ-ერთი ავტორი

"ყველა იზიარებდა ტექსტს, მათ შორის ხარხელაური და საღარაძე... ახლა შეეშინდათ და უარყვეს" - რას ამბობს წულუკიანთან გაგზავნილი წერილის ერთ-ერთი ავტორი

მწერალი კობა არაბული ამბობს, რომ მწერალთა აკადემიის სახელით კულტურის მინისტრ თეა წულუკიანისადმი გაგზავნილი წერილი, მან რამდენიმე კოლეგასთან ერთად შეადგინა. მისი თქმით, მინისტრისადმი მიმართვის შინაარსს სრულად იზიარებდა მწერალთა აკადემიის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის ისინიც, რომლებიც ახლა წერილს სიძულვილის ენად აფასებენ და კატეგორიულად ემიჯნებიან.

Ambebi.ge ინტერვიუსთვის კობა არბულს დაუკავშირდა:

- ბატონო კობა, წერილი უშუალოდ თქვენ დაწერეთ?

- ცხადია, 100 კაცი ვერ დაწერდა ერთად ამ წერილს. არც მხოლოდ მე დამიწერია. რამდენიმე ადამიანი ვიღებდით მის დაწერაში მონაწილეობას: გურამ პეტრიაშვილი, ვახტან ხარჩილავა, ირაკლი ვაშაყმაძე, მე და კიდევ იყვნენ სხვებიც.

- წერილის ხელმომწერთა სიაში მითითებული მწერლების ნაწილი აცხადებს, რომ ტექსტის შინაარსი მათთან შეთანხმებული არ იყო. გაეცანით, ალბათ, მათ გუშინდელ განცხადებებს...

- ყველა, ვინც ახლა თითქოს ემიჯნება ამ წერილს და მას სიძულვილის ენას უწოდებს, საქმის კურსში იყო და ეთანხმებოდა ყველაფერს, რაც იქ წერია. ახლა არ იზიარებენ?! რაღაცის შეეშინდათ, როგორც ჩანს, და ატეხეს განგაში. საინტერესოა, რა არის ამ წერილში მათთვის მიუღებელი, სად დაინახეს სიძულვილის ენა?!

ტარიელ ხარხელაურმა და ელდინო საღარაძემ განაცხადეს, რომ ამ წერილის შინაარსი მათთვის შეუფერებელია და საყვედური გამოთქვეს მათი სახელის დაუკითხავად გამოყენების გამო. ორივე მათგანი იზიარებდა ამ წერილის შინაარსს. ძალიან კარგი რამ მოხდა. ეს არის მწერლობის ლუსტრაცია. გამოჩნდა, ვინ არიან სინამდვილეში. ისინი მწერლები არ არიან, რა აქვთ დაწერილი ისეთი რომელიმეს? მათი ადგილი არ არის მწერალთა კავშირში. ორ ცხენზე და ორ უნაგირზე სხედან ერთდროულად. აქაც არიან და იქაც... ელდინო საღარაძეს და ტარიელ ხარხელაურს მე დავუბეჭდე ლექსები. ქალბატონ ელდინოს არავინ იცნობდა, როგორც მწერალს და ჩემი მხარდაჭერით გამოიცა მისი პოეტური კრებული, მე შემოვიყვანე ის პოეზიაში. რაც შეეხება ტარიელ ხარხელაურს, მას არ ჰყოფნის ინტელექტუალური მარაგი, რომ დაიცვას მწერლობა და ბოლომდე შეინარჩუნოს პრინციპულობა.

- რა ადასტურებს იმას, რომ ის მწერლები, რომლებიც წერილს ემიჯნებიან, თავდაპირველად თქვენი თანამოაზრეები იყვნენ?

- ვახტანგ ხარჩილავამ დაურეკა მათ ტელეფონით და აიღო თანხმობა, რომ ხელმომწერებში ჩაწერილიყვნენ. მწერალთა კავშირში 900-მდე მწერალია გაერთიანებული და ყველა იზიარებს ამ ტექსტის შინაარსს. ყველას სათითაოდ ხომ არ დავუვლიდით და მოვაწერინებდით ხელს?! ზოგთან პირისპირ საუბრით, ზოგთან სატელეფონო კომუნიკაციით შეთანხმდა ამ წერილის შინაარსი.

ზოგადად, ისინი აქამდე ყველაფერში იზიარებდნენ ჩვენს აზრს. რაც შეეხება ლერი ალიმონაკს, მან უშუალოდ მე დამირეკა და მითხრა, რომ ეს წერილი უნდა დაწერილიყო, რომ ამის საჭიროება არსებობდა. მე პირადად ვესაუბრე მას, გესმით?! ახლა გამოდის და უარყოფს.

- რამ გიბიძგათ ამ წერილის დაწერისკენ, რა იყო თქვენი მიზანი?

- მწერლობა დიდი ხანია პრობლემების წინაშე დგას. პირველ რიგში, უნდა დაგვიბრუნონ წართმეული შენობები. შემდეგ მოხდეს სრული რეფორმა სისტემაში. ნაცების და პირადად რურუების შემოყვანილი კადრები გაუშვან და ნამდვილი პროფესიონალები დანიშნონ. მაშინდელი ხალხითაა სავსე მწერალთა კავშირი.

- თეა წულუკიანი, როგორც კულტურის მინისტრი, მოგწონთ?

- მან ყველაფერს მოჰკიდა ხელი, მთელ კულტურის გარემოს, ტაძრების აღდგენა იქნება თუ სხვა რამ. ძალიან პატრიოტი ქალია. პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ძალიან მომწონს. „ქართული ოცნებიდან“ ერთი ეგ არის და მეორე ირაკლი ღარიბაშვილი. ძალიან პატრიოტული ხალხია.

„პრაიდზე“ როგორი კარგი პოზიცია ჰქონდა ღარიბაშვილს. მან თქვა, რომ ერთსქესიანთა ქორწინებას არ დაუშვებს საქართველოში და ეს მოწმობს იმას, როგორი პატრიოტია.

- ბოლოს გკითხავთ, წლების წინ „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერ წერილებს აქვეყნებდით. ახლაც „ოცნების“ მხარდამჭერი ხართ?

- თავიდან უფრო გულმხურვალე მხარდამჭერი ვიყავი. ბიძინა ივანიშვილის გამო. ახლაც დიდ პატივს ვცემ მას. ვნახოთ, რას გააკეთებენ აწი. კარგი მოლოდინები მაქვს.