ავტორი:

"ლევანს და ანტონს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ... კამათი მოსვლიათ, "გარჩევები" არ ყოფილა" - ვინ არის ბერი, რომელიც ბორჯომში მკვლელობისთვის დააკავეს

"ლევანს და ანტონს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ... კამათი მოსვლიათ, "გარჩევები" არ ყოფილა" - ვინ არის ბერი, რომელიც ბორჯომში მკვლელობისთვის დააკავეს

ბორჯომში გუშინ მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი, რომელიც სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს, ბერია.

სქიმაში აღკვეცილი ბერი 1986 წელს დაბადებული ანტონ მაისურაძეა. ბრალდებულის ახლობლების ინფორმაციით, იგი ბერად აღკვეცის შემდგომ, თავდაპირველად, წალკის ეპარქიაში იმყოფებოდა, ამ ეტაპზე რომელ ეპარქიაში ირიცხებოდა მონასტერში, დაზუსტებით არ იციან, თუმცა, ბორჯომს ხშირად სტუმრობდა.

მოკლული ლევან ნამგალაძის ახლობლები უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მომხდარი კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებას უკავშირდება. მათი ინფორმაციით, მაისურაძესა და ნამგალაძეს შორის უთანხმოება მოხდა, რაც მკვლელობის მიზეზი გახდა.

"მოკლულ ლევან ნამგალაძეს და ბრალდებულ სასულიერო პირს ერთმანეთთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ახლობლობდნენ და ხშირად სხვადასხვა ადგილზე ერთადაც ჩნდებოდნენ.

ანტონ მაისურაძე და ლევან ნამგალაძე

მკვლელობის ღამეს არანაირ "გარჩევებს" და კრიმინალურ ჯგუფებს შორის დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. გვიან ღამემდე ახლობლები ლიკანში იმყოფებოდნენ ლევან ნამგალაძესთან სახლში, საკმაოდ გვიან დაიშალნენ. ამბობენ, რომ იმ ღამით ნამგალაძეს და მამაოს რამდენჯერმე ჰქონდათ სატელეფონო საუბარი და კამათი მოუვიდათ, ამის შემდეგ ბორჯომში, ინგოროყვას ქუჩაზე შეხვდნენ ერთმანეთს.

მათ მოუვიდათ კონფლიქტი, როგორც ვიცით, ლევანმაც ისროლა, თუმცა სროლის შედეგად არავინ დაშავებულა და ამის შემდეგ მას მიაყენა ბრალდებულმა სხეულის დაზიანებები, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა. როგორც ვიცით, არტერია ჰქონდა დაზიანებული და საავადმყოფოში მიყვანამდე დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა" - აცხადებს Ambebi.ge-სთან მოკლულისა და ბრალდებულის ახლობელი.

ლევან ნამგალაძე

ბორჯომელების ინფორმაციით, საავადმყოფოს ტერიტორიამდე მძიმედ დაჭრილი ნამგალაძე სავარაუდოდ, ბრალდებულმა თავად მიიყვანა.

"როდესაც კრიმინალურ ჯგუფებს შორის დაპირისპირება ხდება და ცეცხლსასროლი თუ სხვა ტიპის იარაღით ერთმანეთს სასიკვდილოდ იმეტებენ, ამ დროს გადასარჩენად საავადმყოფოში არავინ მიჰყავთ. აბსურდია ეგ ვერსია, თითქოს, ბორჯომში გავლენების გადანაწილება ხდებოდა. რაც შეეხება აღნიშნულ სასულიერო პირს, იგი წარმოშობით ბორჯომელია, ჯერ წალკაში იყო, სადაც, როგორც ვიცით, მისი მოძღვარი მსახურობდა, ახლა რომელ ეპარქიაში ირიცხება ოფიციალურად, არ ვიცით, მაგრამ ბორჯომში ხშირად იყო, მამა აქაური ჰყავს. ლევანთან და მის მეგობრებთანაც ახლობლობდა და მათთან ხშირად ვხედავდით. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამგვარი კონფლიქტი მოხდებოდა და ასეთი შედეგით დასრულდებოდა. ამბობენ, თითქოს აღნიშნული პირიც, მაისურაძეც ნასამართლევი იყო ბერად აღკვეცამდე, მაგრამ რამდენად მართალია ეს ინფორმაცია, ვერ გეტყვით, სხვა დეტალებზეც დამატებით ვერაფერს გეტყვით“, - ამბობს Ambebi.ge-ს რესპონტენტი.

საპატრიარქოში ადასტურებენ, რომ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულია წალკის მამათა მონასტრის ბერი ანტონია (მაისურაძეა). საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ანტონ მაისურაძემ რამდენიმე წელია თვითნებურად დატოვა მონასტერი.

"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გუშინ ბორჯომში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ბრალდებულია წალკის მამათა მონასტრის ბერი ანტონი (მაისურაძე). იგი წალკის სოფელ ბერთას მამათა მონასტერში 2008 წლიდან მსახურობდა, თუმცა რამდენიმე წელია თვითნებურად დატოვა მონასტერი და ცხოვრობდა შინ. ვადასტურებთ, რომ ბერი ანტონი ნამდვილად იყო დაბარებული გამოკითხვაზე. მიმდინარეობს გამოძიება. სავარაუდოდ, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი" - ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ბორჯომში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, ბორჯომში, ინგოროყვას ქუჩაზე, ბრალდებულსა და 1984 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ ლ.ნ.-ს შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც ლ.ნ.-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, ხოლო ბრალდებულმა მას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მისვლის შემდეგ გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ა.მ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია "АК 74"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.